Accessibility links

logo-print

დავოსი - მორიგი საერთაშორისო დიპლომატიური დრამა და პირველი საერთაშორისო ფორუმი საქართველოს პრეზიდენტად არჩეულისთვის


21 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიმართება.

ეს უმაღლესი დონის არაოფიციალური შეკრება ხუთ დღეს გასტანს. დავოსის ფორუმს დაესწრება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილიც. ფორუმის მუშაობის პირველსავე დღეს დაგეგმილია საქართველოს შესახებ მოხსენების მოსმენა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წლევანდელი შეკრების მთავარი თემა იქნება "პარტნიორობა კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის". ეს ფართო საკითხი კიდევ 7 ქვესაკითხად დაიყოფა, რომელთა შორის არის: გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა მსოფლიოში; ახალ საფრთხეთა დაძლევა; სიახლეთა ხელშეწყობა და უთანასწორობის შემცირება. ხუთი დღის განმავლობაში დაგეგმილია მსჯელობა 247 საკითხზე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს 94 ქვეყნის 2100 წარმომადგენელს უმასპინძლებს. მათ შორის 30 სახელმწიფოს მეთაური იქნება, 75 მინისტრი, 28 რელიგიური ლიდერი და 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელ ფორუმზე მონაწილეთა ნახევრაზე ცოტა მეტი ე.წ. ბიზნეს-ლიდერები იქნებიან. მათ შორის ისეთი ცნობილი კომპანიების ხელმძღვანელები, როგორებიცაა: "კოკა-კოლა", "მაიკროსოფტ კორპორეიშენი", "ნესტლე", "ნაიკი", "დელი", "პფაიზერი, "სონი კორპორეიშენი", "შევრონ ტექსაკო", "სიმენსი" და ა.შ.

ბიზნეს-სფეროსთან შედარებით მოკრძალებულად (რაოდენობრივად ვგულისხმობ) არის წარმოდგენილი პოლიტიკური სფერო. დავოსის შეხვედრას დაესწრებიან: კოფი ანანი, ხავიერ სოლანა, იაპ დე ჰუპ სხეფერი, პოლონეთის, არგენტინისა და პაკისტანისა პრეზიდენტები, კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი და სხვები. დავოსში ჩავლენ აგრეთვე ცნობილი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი და შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

როგორც წესი, მიმომხილველები გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეკრების არაოფიციალურ ნაწილს. ასეა ახლაც: ალან ფრიდმანი "უოლ სტრიტ ჯერნელში" ერთი-ორი დიპლომატიური ხმაურის შესაძლებლობაზე მიუთითებს: პირველი - ირანის პრეზიდენტ ხათამისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ - სტროს შეხვედრა იქნება, რომელზეც ყურადღება ბირთვულ პროგრამებზე გამახვილდება; მეორე მნიშვნელოვანი დიპლომატიური საკითხი, ფრიდამნის აზრით, კვიპროსთან იქნება დაკავშირებული და თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოანისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ - პაპანდრეოს არაოფიციალურ შეხვედრაზე განიხილება. საკითხს სიმწვავეს მატებს ის, რომ მიმდინარე წლის 1 მაისს კვიპროსი ევროკავშირის წევრი ხდება.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დავოსში შტატებისა და ევროპის უმაღლესი პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები იქნებიან, შეუძლებელი იქნება შტატებსა და ევროპას შორის ერაყის გამო გართულებული ურთიერთობების განხილვის გვერდის ავლაც.

რა მნიშვნელობა ექნება დავოსის წლევანდელ შეხვედრას საქართველოსთვის: შვეიცარიაში გაემგზავრება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილი და ინაუგურაციის ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე, არჩევნების შემდეგ პირველად წარადგენს საქართველოს ასეთ მასშტაბურ თავყრილობაზე. საქართველოს შესახებ მოხსენება დაგეგმილია ფორუმის პირველსავე დღეს. ეს დღე მთლიანად გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეეხება, 36 საკითხს მოიცავს. საქართველოს საკითხი რიგით 25 იქნება. დამსწრეები მოისმენენ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ აპირებს საქართველოს ახალი ხელისუფლება ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფას, როგორ მოახერხებს ის ურთიერთობის დაბალანსებას ევროპასა და რუსეთთან და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების რა პერსპექტივაა საქართველოში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის არაოფიციალურ შეხვედრებს, ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის დავოსში "რაო იე-ე-ეს-ის" ხელმძღვანელ ანატოლი ჩუბაისთან აპირებს შეხვედრას. 18 იანვარს "ბი-ბი-სი"-ს ეთერში საქართველოს ენერგო-უზრუნველყოფაზე და რუსეთის კომპანიებზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა კომპანია "გაზპრომი" საქართველოს ქალაქების გაზით მომარაგების შეწყვეტის გამო, "რაო-იე-ე-ეს-ის" შესახებ კი განაცხადა:

[სააკაშვილის ხმა]
"მეორეს მხრივ უმჯობესდება ელექტრომომარაგების საკითხი, ამ სფეროში რუსეთის მეორე კომპანიაა ჩართული და ჯერჯერობით ცუდად არ მუშაობს. იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება და ვაპირებ დავოსში შევხვდე ბატონ ჩუბაისს. ასე რომ, ჩვენ რუსეთის კომპანიებთან ურთიერთობაშიც არაერთგვაროვანი გამოცდილება გვაქვს. უმთავრესი ის არის, რომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ ვეძებოთ ალტერნატივა, რადგან თუკი ძალიან დამოკიდებული აღმოვჩნდებით რომელიმე ერთ კომპანიაზე, ძალიან იოლი იქნება ჩვენთვის ზიანის მოყენება, ან სურვილის შემთხვევაში შანტაჟიც კი".
XS
SM
MD
LG