Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ხელისუფლება ახალი რეალობის პირისპირ - ავტონომიურ რესპუბლიკაში აბაშიძის ოპოზიცია ძლიერდება


აჭარაში საქართველოს ახალი რეალობა თავს იჩენს ასლან აბაშიძის ოპოზიციის გააქტიურებით, რაზეც ასლან აბაშიძის ხელისუფლება მწვავედ რეაგირებს. ის დათანხმდა "კმარას" რამდენიმე აქტივისტის გათავისუფლებაზე,

მაგრამ 19 იანვარს სპეცდანიშნულების რაზმი მიავლინა გონიოში, სადაც"სახალხო მოძრაობა "ჩვენი აჭარა" ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშების აღსამართავად აქციას მართავდა. სპეცრაზმსა და სახალხო მოძრაობის აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, თუმცა ამას შენობებზე დროშების აღმართვისთვის ხელი არ შეუშლია. აჭარაში ადმინისტრაციული შენობების უმეტესობაზე საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშა ფრიალებს. სახალხო მოძრაობა " ჩვენი აჭარა" კი აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს.

ჩოლოქთან გავლებულმა საზღვარმა აჭარაში რევოლუციული ტალღის შეღწევა ვერ აღკვეთა. აჭარაში ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ გააქტიურდა მოძრაობა "კმარა" და გაძლიერდა სახალხო მოძრაობა "ჩვენი აჭარა". მისი ერთ-ერთი ლიდერის კობა ხაბაზის განცხადებით, ამ დღეებში აჭარის ყველა სოფლიდან და რაიონული ცენტრიდან დაიწყება საპროტესტო მსვლელობა ბათუმისკენ. აჭარის ხელისუფლება კი ბათუმისკენ ყოველგვარ მსვლელობაზე მწვავედ რეაგირებს. 19 იანვარს მან სწორედ ბათუმისკენ მსვლელობის აღსაკვეთად მიავლინა სპეცრაზმი გონიოში, სადაც მოძრაობა "ჩვენი აჭარა" ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშების აღმართვით იყო დაკავებული. დროშების აღმართვის აქციას მხარს უჭერდა ახლომდებარე სოფლიდან ჩამოსული ხალხი. უკან, სახლისკენ, მათი მსვლელობა ბათუმისკენ მსვლელობა ეგონათ და, სანამ გაირკვეოდა, საით მიდიოდა ხალხი, ხალხსა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აჭარის ხელმძღვანელობა ხალხთან დაპირისპირებაზე წავიდა, თუმცა ადმინისტრაციულ შენობებზე ახალი სახელმწიფო დროშების აღმართვის პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. ახალი სახელმწიფო დროშები აღიმართა თითქმის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, ერთი შენობის გარდა.

[ჯონი მიქელაძის ხმა] "უზენაესი საბჭოს თავზე ვერ შევძლებდით აღმართვას, მაგარმ, იმედია, აღმართავენ. ჩვენი მიზანია შეიცვალოს ხელისუფლება, რომელიც არის გვაროვნული. გაჩერებას არ ვაპირებთ. "

ეს იყო მოძრაობა "ჩვენი აჭარის" ერთ-ერთი წარმომადგენელი ჯონი მიქელაძე, რომელსაც ტელეფონით გონიოში დავუკავშირდით. მოძრაობა "ჩვენი აჭარა" მიზნად ისახავს აბაშიძის რეჟიმის დემონტაჟის მიღწევას. მისი წარმომადგენლები აპროტესტებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აჭარის ტერიტორიაზე და ფიქრობენ, რომ სწორედ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას შეეწირა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თემურ ინაიშვილი, რომელიც ბათუმში 18 იანვარს მოკლეს. თემურ ინაიშვილის ძმა რუსლან ინაიშვილი "ჩვენი აჭარის" სათათბიროს წევრია. ინაიშვილის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უარყოფენ თბილისში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობაში. იქვე აღნიშნავენ, რომ საპროტესტო მოძრაობამ აჭარაში და ამ მოძრაობის მხარდაჭერამ ცენტრში, შესაძლოა, მძიმე შედეგი მოგვიტანოს. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჰამლეტ ჭიპაშვილი არ აკონკრეტებს, რა შეიძლება ვიგულისხმოთ მძიმე შედეგში, თუმცა აღნიშნავს, რომ წინ უნდა გავიხედოთ, მით უფრო, რომ მარტის ბოლოს საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. ჰამლეტ ჭიპაშვილი აქ, ალბათ, არჩევნების ბოიკოტირების შესაძლებლობაზე მიგვანიშნებს, თუმცა არსებობს სხვა მინიშნებაც, რომელიც აჭარის ხელმძღვანელობის მიერ წლების მანძილზე წარმოებული პოლიტიკისადმი ახლად არჩეული პრეზიდენტის სრულიად ახლებურ მიდგომას უსვამს ხაზს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "მე ვარ საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, აჭარლების მიერ არჩეული პრეზიდენტი, და არ მოვითმენ დაუმორჩილებლობას, წინააღმდეგობის გაწევას ნებისმიერი ადგილობრივი დონის ხელისუფლისგან. "

ასეთია ახალი რეალობა. ამ რეალობაში აჭარის მეთაური იძულებული ხდება მეტ-ნაკლებად შეეგუოს საპროტესტო გამოსვლებს.
XS
SM
MD
LG