Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი სტრუქტურული რეფორმები დაიწყო ფინანსთა სამინისტროში


საქართველოს ბიუჯეტის შეუსრულებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფინანსთა სამინისტროს მოძველებული და ბიუროკრატიული სტრუქტურაა. საქართვველოს ხელისუფლებას მრავალჯერ ჰქონდა

სტრუქტურული რეფორმებით ამ სისტემის ეფექტურობის ამაღლების მცდელობა, მაგრამ ხან სამინისტროს დანაწევრებითა და ხან კიდევ გაძლიერებით ბევრი არაფერი შეცვლილა საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლით თუ გასავლით ნაწილში. მიუხედავად ამისა, ახალი ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მაინც ცდილობს სასურველი შედეგის მისაღწევად სტრუქტურული რეფორმა განახორციელოს.

სიმდიდრის გარეგნული ნიშნების გადასახადის დაწესების ინიციატივისა და მინისტრთა ხელფასების გასაცემად შექმნილი საქველმოქმედო ფონდის გარდა, ფინანსთა ახალი მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი საბიუჯეტო პრობლემების გადაწყვეტას სამინისტროს სტრუქტურის რეფორმირებითაც ცდილობს. 19 იანვარს ნოღაიდელმა საგადასახადო სისტემის მესამე რგოლის შექმნა გამოაცხადა. ესაა აქციზის გადამხდელთა ინსპექცია, რომელიც მსხვილ გადამხდელთა ინსპექციასთან ერთად ცენტრალიზებულად განახორციელებს შედარებით დიდი ბიზნესის გადასახადების ადმინისტრირებას. ამ ცვლილებას ნოღაიდელი შემდეგი მიზნის მიღწევის სურვილით ხსნის:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] " წელს ჩვენი მთავარი ამოცანაა აღკვეთილ იქნეს სიგარეტის, ნავთობპროდუქტებისა და ალკოჰოლის კონტრაბანდა და უკანონო ოპერაციები. ეს ინსპექცია იქნება კომპაქტური, პრინციპში. 1 აპრილისთვის მთელი ეს რეორგანიზაცია დასრულებული იქნება. მთელი ეს ბიზნესი ერთ ადგილას, ერთი ყურადღების ქვეშ იქნება თავმოყრილი, მათ შორის, ჩემი უშუალო ყურადღების ქვეშ."(სტილი დაცულია)

ფინანსთა მინისტრის სტრუქტურულ რეფორმათა გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი თბილისის საგადასახადო ინსპექციათა გაერთიანებაცაა.

ნოღაიდელი, 5 საგადასახადო სამსახურის ნაცვლად, 1 სტრუქტურული ერთეულის შექმნას უახლოეს მომავლში აპირებს, იმის მიუხედავად, რომ თავის დროზე თბილისის ერთიანი საგადასახადო სამსახურის დანაწევრება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნით განხორციელდა.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "მე ახლა ეს საკითხი განხილული მაქვს ზოგიერთ ექსპერტთან, თავისთავად ნათელი არის, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ სისტემა და სტრუქტურა იყოს ეფექტური კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, იმ ამოცანების შესასრულებლად, რომელიც დღის წესრიგში დგას. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ვინმემ მსოფლიოში ჩემზე უკეთ იცოდეს, ესა თუ ის სისტემა რამდენად ეფექტურად იმუშავებს საქართველოში."


თუმცა ზურაბ ნოღაიდელს ისიც კარგად მოეხსენება, რომ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველო ვერ აღადგენს პროგრამას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და პარიზის კლუბშიც მხარდაჭერის გარეშე დარჩება. ექსპერტთა შეფასებით, ამ და სხვა საკითხების გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ფინანსთა სამინისტროს შორის აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს 2004 წლის ბიუჯეტის პარამეტრებიც, რომელიც ჯერჯერობით თავად ფინანსთა მინისტრსაც არა აქვს ნათლად წარმოდგენილი.

ნოღაიდელი სტრუქტურული რეფორმების შედეგად, ანუ ადმინისტრირების გაუმჯობესების ხარჯზე, სააქციზო საქონლიდან მიღებული შემოსავლების გაორმაგებას, ხოლო მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში საკუთარი საგადასახადო შემოსავლების 1 პროცენტით ზრდას აპირებს. ირწმუნებს თუ არა ნოღაიდელის ამბიციურ გეგმებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეს ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჯერჯერობით ნოღაიდელს 2004 წლის ბიუჯეტის ზრდის დასაბუთება მხოლოდ იმით შეუძლია, რომ გასული წლის ბიუჯეტი, ნავარაუდევი 240 მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 195 მილიონი ლარით გაირღვა.
XS
SM
MD
LG