Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის გაფართოების წინ უმნიშვნელოვანესი საკითხები კვლავაც გადაუჭრელია


ევროკავშირის გაფართოების დღე მოახლოვდა.

დროის სიმცირე განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ თვალსაზრისით, რომ გაფართოებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მათ შორის - მომავალ ბიუჯეტზე მუშაობა ახლა იწყება. გარკვეულ მღელვარებას იწვევს იმის მოლოდინიც, რომ ევროკავშირის გაფართოება ბიძგს მისცემს მიგრანტთა ტალღას ბლოკის ახალი წევრი ქვეყნებიდან დასავლეთის განვითარებული ნაწილისკენ.

ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას ევროკავშირის ახლანდელი თავმჯდომარე ქვეყნის - ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ბერტი აჰერნმა ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობის შესახებ განაცხადა:

[აჰერნის ხმა]
"ირლანდიის თავმჯდომარეობა 15 წევრიან ევროკავშირში დაიწყო და 25 წევრიან კავშირში დასრულდება. განსაკუთრებული პრივილეგიაა თავმჯდოამრეობა იმ დროს, როცა იქმნება ისტორია. მოუთმენლად ველით ახალი წევრების მიღებას ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელიც 1 მაისს დუბლინში გაიმართება".

შეგახსენებთ 1 მაისს ევროკავშირის წევრები ხდებიან ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია, მალტა და კვიპროსი. მომავალი 6 თვის მანძილზე ირლანდია პასუხისმგებელი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე, როგორიც არის ე.წ. "ძველსა" და "ახალ" ევროპას შორის საერთაშორისო საკითხებზე წარმოქმნილი უთანხმოება და ვინ იცის, იქნებ, კიდევ უფრო მნიშვნელოვან - ევროკავშირის ბიუჯეტის განაწილებაზე.

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ის, თუ როგორ განაწილდება ევროკავშირის ფული ახალსა და ძველ წევრებს შორის? ამის თაობაზე ბრიუსელში არსებული ევროპის პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტი ბენ კრამი ამბობს:

[კრამის ხმა]
"იმ ქვეყნების მოსახლეობამ, რომლებიც ევროკავშირის ახალი წევრები გახდებიან, რეფერენდუმებში მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაერთიანებას. ამ ადამიანებისთვის ევროპაში სოლიდარობის ყველაზე რეალურ გამოხატვად ფული აღიქმება. ამავე ფაქტორმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა მათი არჩევანიც რეფერენდუმისას. რასაკვირველია, ევროკავშირში გაწევრიანებით ეს ქვეყნები მიიღებენ გრძელვადიან ეკონომიკურ მოგებას. მაგრამ მათ მოსახლეობაში არსებობს უდიდესი ეკონომიკური სურვილები და ამბიციები, რომელთა დაკმაყოფილება მხოლოდ ახალი წევრებისკენ ფულის მიმართვით არის შესაძლებელი".

მანევრირება მომავალი 2007-2014 წლების ბიუჯეტის თაობაზე უკვე დაწყებულია. ევროკომისიის სურვილია რეგიონული დახმარების ნახევარი 10 ახალ წევრ ქვეყანას ერგოს. ევროკომისარი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში მიშელ ბარნიე უკვე მუშაობს სქემაზე, რომელიც რეგიონულ დახმარებას 15 ძველ და 10 ახალ ქვეყანას შორის შუაზე გაყოფს.

ამის პარალელურად ევროკავშირის 6 უმდიდრესი ქვეყანა გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, შვეცია და ავსტრია ევროკავშირის ბიუჯეტში ხარჯების ნაწილის შემცირებას მოითხოვს და სურთ, რომ ის მთლიანი ეროვნული პროდუქტის ერთ პროცენტს არ აჭარბებდეს. ევროკომისიამ სწორედ ევროკავშირის ახალი წევრების საჭიროებაზე მითითებით, უკუაგდო ეს წინადადება და სურს, რომ ევროკავშირის ხარჯების ზედა ზღვარი კვლავ 1,24 პროცენტით განისაზღვროს.

ჩეხეთის საერთაშორისო ურთიეთობათა ინსტიტუტის ექსპერტი იან ჰრიხი არც ისე ოპტიმისტურად უყურებს იმას, რომ ევროკავშირის მომავალ ბიუჯეტში ახალ წევრებს რაიმე განსაკუთრებულ წილს არგუნებენ:

[ჰრიხის ხმა]
"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ მომავალი ბიუჯეტის ფარგლებში ახალი წევრებისთვის გამოყოფილი თანხა არ იქნება მნიშვნელოვანი. მომავალი ორი წლის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება და მიმაჩნია, რომ ახალი წევრი ქვეყნებისთვის არ იქნება იოლი ფინანსურ კომპრომისებზე წასვლა".

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ახლანდელი ევროკავშირის შიგნით დაძაბულობას იწვევს, გახლავთ აღმოსავლეთიდან მიგრანტთა დიდი ტალღის მოლოდინი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ახლანდელ წევრებს აქვთ უფლება რამდენიმე წლის მანძილზე შეზღუდონ ახალი წევრი ქვეყნებიდან სამუშაო ძალის თავისუფალი შეშვება. გამონაკლისს წარმოადგენენ ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავრობები, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა მიმდინარე წლის პირველი მაისიდანვე აღმოსავლეთიდან დაძრული სამუშაოს მაძიებლები თავისუფლად შეუშვან ბაზარზე. ეს აქტიურად განიხილება ბრიტანეთის პრესაში. ბრიტანეთის ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთი "სანი" წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები ბოშების დიდი ნაწილი უკვე გეგმავს ევროკავშირის დასავლეთში სამუშაოდ წასვლას. ჩეხი ექსპერტი იან ჰრიხი ამ შიშს გაზვიადებულად მიიჩნევს:

[ჰრიხის ხმა]
"ამაზე ადრეც ლაპარაკობდნენ. გარდა ამისა, შეგვიძლია გავიხსენოთ ესპანეთისა და პორტუგალიის გაწევრიანების პერიოდიც, 80-იანი წლები, როცა გაცხარებული მსჯელობა მიდიოდა იმაზე, რომ ამ ორი ქვეყნის მთელი მოსახლეობა ჩრდილოეთისკენ დაიძვრებოდა, რაც ასე სულაც არ მოხდა".

კრამის აზრით, მთავარი მიგრაციული ზეწოლა ევროკავშირს არა საკუთარი საზღვრების შიგნიდან, არამედ გარედან ელის.

არსებობს აგრეთვე ვარაუდი, რომ გაფართოების შემდეგ არაერთი კომპანია, ხარჯების შემცირების მიზნით, ევროკავშირის დასავლეთი ნაწილიდან საკუთარ ოფისებს აღმოსავლეთში გადაიტანს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG