Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი ერაყში ექსპერტების გაგზავნის შესაძლებლობას იხილავს


ანდრო ეული, პრაღა გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ერაყში ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნის შესაძლებლობას იხილავს იმის გასარკვევად,

არის თუ არა ქვეყანაში ხელსაყრელი პირობები უახლოეს მომავალში საყოველთაო არჩევნების ჩასატარებლად. მოუსმინეთ ანდრო ეულს

კოფი ანანმა მიანიშნა, რომ გაერომ შესაძლოა სულ მალე განაახლოს თავისი საქმიანობა ერაყში, რათა ბოლო მოეღოს უთანხმოებას ამერიკელ და ერაყელ ოფიციალურ პირებს შორის, რაც ერაყში თვითმმართველობაზე გადასვლის საკითხმა გამოიწვია.

ორშაბათს ნიუ-იორკში, ერაყის მმართველი საბჭოსა და დროებითი ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ კოფი ანანმა თქვა, რომ გაეროს შუამავლობა აუცილებელია იმის გასარკვევად, თუ რამდენად მზადაა ერაყი ქვეყანაში პირდაპირი საყოველთაო არჩევნების ჩასატარებლად [კოფი ანანის ხმა]: "როგორც მმართველი საბჭოს, ასევე დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გაერომ დაუყოვნებლივ გააგზავნოს ერაყში ექსპერტთა ჯგუფი იმის გასარკვევად, თუ რამდენად შესაძლებელია იქ უახლოეს თვეებში არჩევნების ჩატარება, თუ არა და, რა ალტერნატივა უნდა იქნეს შეთავაზებული. მთავარი ამჯერად ისაა, რამდენადაა შექმნილი ქვეყანაში სათანადო პირობები პირდაპირი საყოველთაო არჩევნების ჩასატარებლად ამ წლის მაისში".

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათის შეხვედრამ ნიუ-იორკში საქმიან ვითარებაში ჩაიარა, ჯერჯერობით გაურკვეველია როდის, ან დათანხმდება საერთოდ კოფი ანანი განაახლოს გაეროს საქმიანობა ერაყში, სადაც განვლილი 10 თვის მანძილზე შეერთებულ შტატებს აკისრია მთლიანად ეს მისია.

ერაყის საკითხთან დაკავშირებით დაძაბულობამ იჩინა თავი გაეროსა და შეერთებულლი შტატების ურთიერთობაში მას შემდეგ, რაც გაერომ არ მიიღო სათანადო რეზოლუცია, რომელიც მწვანე შუქს მისცემდა სამხედრო ოპერაციას ერაყის წინააღმდეგ. მომდევნო თვეებში გაერო გარიყული აღმოჩნდა ერაყში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან, ხოლო გასული წლის შემოდგომაზე, კოფი ანანმა მთლიანად გაიყვანა ერაყიდან გაეროს უცხოელი, არაერაყელი თანამშრომლები მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა გაეროს შტაბ-ბინა ააფეთქეს ბაღდადში, რამაც 22 ადამიანის, მათ შორის გაეროს მისიის ხელმძღვანელის, სერჟიო ვიეირა დე მელიოს სიცოცხლე იმსხვერპლა. დღეს კოფი ანანი ამბობს, რომ გაერო მხოლოდ იმ შემთხვევაში განაახლებს ერაყში საქმიანობას, თუ მისი თანამშრომლების უშიშროება იქნება გარანტირებული [კოფი ანანის ხმა]: "ვისურვებდი, რომ გაერო ჩაერთოს ყველა სფეროში, რაშიაც ჩვენ აშკარა უპირატესობა გაგვაჩნია, და რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ყველა ერაყელისთვის. შემდგომი დისკუსიებია საჭირო იმის გასარკვევად, თუ როგორ შეგვიძლია მაქსიმალურად დავეხმაროთ ერაყელებს იმ სფეროებში, რაზედაც თხოვნით მოგვმართეს".

ერაყის მმართველი საბჭოსა და დროებითი ადმინისტრაციის წევრებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ მათი უთანხმოება ერაყელი შიიტების სულიერ ლიდერთან, აიათოლა ალი ალ-სისტანისთან საყოველთაო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, გაეროს შუამავლობით შეიძლება იქნეს მოგვარებული.



აიათოლა ალი ას-სისტანი დაჟინებით მოითხოვს, რომ არჩევნები უახლოეს თვეებში ჩატარდეს, რათა მისი შედეგების საფუძველზე ერაყის სრულუფლებიანი მთავრობა შეიქმნას. აშშ-ს მიაჩნია, რომ დღევანდელ პირობებში შეუძლებელია ერაყში სამართლიანი არჩევნების ჩატარება, და გამოდის წინადადებით, რომ მომავალ წელს მოეწყოს არჩევნები, ხოლო მანამდეერაყის გარდამავალ მთავრობას გადასცეს ქვეყნის მართვის სადავეები.
XS
SM
MD
LG