Accessibility links

logo-print

საპრეზიდენტო პროგრამა ოკეანის გაღმიდან


არც 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისას და არც 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლიტიკურ ძალებსა თუ პოლიტიკურ ლიდერებს ქართველი ამომრჩეველი წინასაარჩევნო

პროგრამებით არ გაუნებივრებიათ. მათგან გამორჩეული არც მიხეილ სააკაშვილი ყოფილა. მას პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც კი არ წარუდგენია საზოგადოებისთვის წინასაარჩევნო დაპირებათა განხორციელების კონკრეტული სამოქმედო პროგრამა. ახლად არჩეულ პრეზიდენტსა და ქართულ საზოგადოებას საქართველოს განვითარების პროგრამა ოკეანისგაღმელმა ექსპერტებმა რეკომენდაციების სახით შესთავაზეს.

20 იანვარს სასტუმრო თბილის-მარიოტში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის "საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს" წარმომადგენელმა დევიდ ფილიპსმა მოხსენების პრეზენტაცია მოაწყო, სახელწოდებით "სტაბილურობა, უსაფრთხოება და სუვერენიტეტი საქართველოში". ეს არის ნაშრომი, რომელიც 20-მდე ამერიკელმა ცნობილმა ექსპერტმა მოამზადა და ის დევიდ ფილიპსმა ქართულ საზოგადოებას და ახალ ხელისუფლებას რეკომენდაციის სახით წარუდგინა.

პროგრამა შეიცავს ყოვლისმომცველ და დეტალურ რეკომენდაციებს, მათ შორის, იმ ნაბიჯებსაც კი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ გამოცდის ჩასაბარებლად უახლოეს 100 დღეში უნდა გადადგას.

ამ უმოკლეს ნაბიჯთა შორის, შიდაპოლიტიკურ თუ სოციალურ პრობლემათა დარეგულირებასთან ერთად, მთავარი ყურადღება კორუფციასთან ბრძოლას ეთმობა. კორუფციასთან ბრძოლა გასდევს მთავარ მოთხოვნად დევიდ ფილიპსის მიერ წარმოდგენილი კონცეფციის სხვა უფრო გრძელვადიან რეკომენდაციებსაც.

ოკეანის გაღმა მომზადებულ რეკომენდაციებში დიდი ყურადღება ეთმობა პრეზიდენტს, პრემიერ- მინისტრსა და პარლამენტს შორის ხელისუფლების თანაბრად გადანაწილების საკითხს, ასევე - ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის ფედერალურ პრინციპებს და ასე შემდეგ.

[დევიდ ფილიპსის ხმა] "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმის საფუძველზე, თუ რა წარმატებები იქნა მიღწეული გეგმაში ჩამოყალიბებულ ასპექტებთან დაკავშირებით. საქართველოს ახალმა მთავრობამ ეს უნდა აღიქვას არა როგორც დაბრკოლება, არამედ, პირიქით, როგორც შესაძლებლობა იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დასახული ამოცანების გატარება."

დასახულ ამოცანათა შორის ეკონომიკური რეფორმებიცაა. ამერიკელი ექსპერტები საქართველოს მთავარ ეკონომისტებს გადასახადების გამარტივებასა და შემსუბუქებას ურჩევენ. ამ მხრივ კი, ქართველ ექსპერტებს ფილიპსის პროგრამის რეალიზების შესაძლებლობა აეჭვებთ. ლადო პაპავას თქმით, საქართველოს მთავრობა კიდევაც რომ დაეთანხმოს გადასახადების გამარტივებას, მას წინააღმდეგობა ისევ ოკეანის გაღმა შეხვდება:

[ლადო პაპავას ხმა] "ხომ ცნობილია, რომ ამას არც დღევანდელი ფინანსთა მინისტრი გაიზიარებს და არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ანუ ეს რეკომენდაციები დარჩება ჰაერში. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი დოკუმენტი იწერება, კარგია და, თუ მთავრობა გაითვალისწინებს თუნდაც გარკვეულ მომენტებს, ეს ქვეყანას წაადგება."

დევიდ ფილიპსი, ქართველი ექსპერტებისგან განსხვავებით, უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ, საქართველოს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს.

ეს ინსტიტუტი საქართველოს განვითარების ხელშემწყობი სხვა ინიციატივებითაც გამოდის, რომლებსაც ხორცშესხმა იმ შემთხვევაში უწერია, თუ რეკომენდაციათა ნაწილი მაინც შესრულდება.

[დევიდ ფილიპსის ხმა] " საქართველოში ჩემი ვიზიტის მიზანია არა მხოლოდ ამ ინფორმაციის გაცნობა, არამედ კიდევ ერთხელ იმის ჩვენება, რომ, ამერიკის შეერთებული შტატების სახით, საქართველოს ჰყავს მეგობარი, რომელიც მზად არის კვლავ აღმოუჩინოს ქვეყანას დახმარება და მხარდაჭერა დემოკრატიული განვითარების გზაზე."
XS
SM
MD
LG