Accessibility links

logo-print

საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების საწევრო გადასახადები დაუგროვდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს, კრედიტორ ქვეყნებთან დაგროვილი ვალების გარდა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საწევრო გადასახადებიც მართებს, რაც ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გარკვეულ უხერხულობას ქმნის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარტო საწევრო გადასახადის სახით, საქართველოს 26 მილიონი აშშ დოლარის ვალდებულება დაუგროვდა. როგორ უნდა მოხდეს ამ ვალების გასტუმრება და რამდენად მართლზომიერია ქვეყნის გაწევრიანება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში?

საქართველოს საგარეო ვალდებულებებს შორის არის დავალიანება, რომელიც სხვადასხვა დროს ქვეყნის საერთაშორისო თუ რეგიონალურ ორგანიზაციებში გაწევრიანებისა და შესაბამისი საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო არის დაგროვილი. ამ ტიპის ვალდებულებების მოცულობა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ცნობით, დაახლოებით 26 მილიონი აშშ დოლარია. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა მეტისმეტად მცირეა საერთო საგარეო ვალთან შედარებით, ქვეყანას მის გასტუმრებაში მაინც სერიოზული პრობლემა ექმნება, რაც, გარკვეულ უხერხულობასთან ერთად, ამ ორგანიზაციებიდან გარიცხვის ან კუთვნილი წილის შემცირების საშიშროებასაც ქმნის.

გასული წლის ბიუჯეტით საწევრო გადასახადების გასასტუმრებლად მილიონ-ნახევარი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა, საბოლოოდ, დაახლოებით 200 ათასი ლარის გადახდა მოხერხდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ წლევანდელი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის პროექტიც ამჟამად მუშავდება, ამ მიმართულებით მინიმუმ 2-3 მილიონი ლარი მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული, რათა ვალდებულების ნაწილობრივი დაფარვა მაინც მოხდეს.

საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოს მევალეებს შორის არის ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა გაერო, რომლის საწევრო შესატანის სახით 7 მილიონამდე დოლარის დავალიანება დაგროვდა. ქვეყანას ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის 4,5 მილიონი დოლარი, ხოლო იუნესკოს 3 მილიონი დოლარი მართებს. მევალეთა სიაში არის ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროპის საბჭო და მთელი რიგი საერთაშორისო თუ რეგიონალური ორგანიზაციები.

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ რიგი დარგობრივი ორგანიზაციების საწევრო გადასახადი არა ზოგადად ქვეყანამ, არამედ კონკრეტულმა უწყებამ, მაგალითად, ჯანდაცვის ან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა დაფაროს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალი მთავრობის წინაშე ამ საკითხის დაყენებას აპირებს. ასევე განიხილება რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობის მარლთზომიერების საკითხი, რადგან ზოგიერთ ორგანიზაციაში წევრობა ქვეყნისათვის პრაქტიკულად არაფრის მომცემია და საწევრო გადასახადი კი მძიმე ტვირთად აწვება ბიუჯეტს. ხელისუფლებამ დეტალურად უნდა გადახედოს იმ ორგანიზაციათა ნუსხას, რომელთა რიგებში ყოფნაც მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ამასთან, საქართველომ, როგორც მრავალი ავტორიტეტული გაერთიანების წევრმა, პირნათლად უნდა შეასრულოს თავისი ფინანსური ვალდებულება, რათა ქვეყანა ამ ორგანიზაციებიდან გარიცხვის ან წილის შემცირების საშიშროების წინაშე არ აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG