Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მწვრთნელი, რომელიც ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების თავკაცობაზე ოცნებობს


საქართველოს საფეხბურთო კლუბ "დინამოში" მესამე წელია თამაშობს ბრაზილიელი ლეგიონერი კარლოს დაროჩა, რომელიც ფახბურთის ქართველ ქომაგებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მაგრამ ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცის ბრაზილიაში მოღვაწე ქართველი კაცის შესახებ, რომელიც ფეხბურთისა და პელეს ქვეყანაში ფეხბურთის მომავალ მწვრთნელებს ამზადებს. ეს არის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" სათადარიგო მეკარე და ყვარლის "დურუჯის" ყოფილი მწვრთნელი გოჩა ალადაშვილი, რომლის თაოსნობითაც ბრაზილიის ქალთა საუნივერსიტეტო ნაკრებმა 2001 წელს ჩინეთში გამართულ მსოფლიო უნივერსიადაზე პირველი ადგილი მოიპოვა. გოჩა ალადაშვილი არ მალავს, რომ იგი ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობაზეც ოცნებობს.

გოჩა ალადაშვილმა საქართველო 1993 წელს დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში პირველად მხოლოდ გასული წლის მიწურულს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ხანმოკლე შვებულებით ჩამოვიდა. 42 წლის ფეხბურთის სპეციალისტი 8 წელია მუშაობს ბრაზილიის ქალაქ კურიტიბას ფიზკულტურის უნივერსიტეტში და, პარალელურად, ამავე შტატის ქალთა და მამაკაცთა გუნდებს ავარჯიშებს. გოჩა ალადაშვილი ამბობს, რომ მისი კარიერა ლეგენდარულმა ქართველმა მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა და "ატლეტიკო პარანაიასის" თავკაცმა, ბრაზილიელმა ანტონიო კარლოს გომესმა განსზაღვრეს:

[გოჩა ალადაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

თუმცა, სანამ ბრაზილიის საფეხბურთო სამყაროს შიგნიდან დაინახავდა, გოჩა ალადაშვილს ადაპტაციის პერიოდის გავლა მოუხდა. იგი 6 თვე სწავლობდა პორტუგალიურ ენას ფედერალურ უნივერსიტეტში, რის შემდეგაც კურიტიბას ტუიუჩის კერძო უნივერსიტეტში მიიწვიეს. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ პელეს, გარინჩას, ზიკოსა და რონალდოს სამშობლოში ქართველი სპეციალისტი ბრაზილიელ ახალგაზრდებს სპორტული წვრთნის საფუძვლებს შეასწავლის. გოჩა ალადაშვილი, პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა, პრაქტიკულ სამწვრთნელო საქმიანობასაც ეწევა და ამ ასპარეზზე თავის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად 2001 წლის უნივერიადაზე თავისი შეგირდების წარმატებას ასახელებს:

[გოჩა ალადაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

გოჩა ალადაშვილი ბრაზილიის ქალაქ კურიტიბაში თავის ქართველ მეუღლესთან, მაია ქვეხიშვილთან ერთად ცხოვრობს. ორმილიონიან ქალაქში ისინი ერთადერთი ქართველები არიან, ბრაზლიელებს კი მთელი ამ ხნის განმავლობაში გოჩა და მისი მეუღლე ხან რუსები ეგონათ, ხან ამერიკელები, ჯორჯიის შტატიდან. როგორც გოჩამ იხუმრა, ამ გაუგებრობას ბოლო 23 ნოემბრის შემდეგ მოეღო. "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ ბრაზილიაში უკვე აღარავინ კითხულობს, თუ რა ქვეყანაა და სად მდებარეობს საქართველო. რაც შეეხება ბრაზილიასა და საქართველოს შორის საფეხბურთო კონტაქტებს, გოჩა ალადაშვილი ფიქრობს, რომ თანამშრომლობა, შესაძლოა, რამდენიმე მიმართულებით განვითარდეს:

[გოჩა ალადაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, ბრაზილიაში მოღვაწე ქართველი სპეციალისტი არ მალავს, რომ, როგორც ყველა მისი კოლეგა, ოცნებობს ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობაზე, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად საკმაოდ რთული გზაა გასავლელი. პირველ ყოვლისა, თუ პროფესიონალი მწვრთნელის სპეციალობას აირჩევს, მან უარი უნდა თქვას უნივერსიტეტსა და პედაგოგიურ მოღვაწეობაზე, რაც ჯერჯერობით არ შედის გოჩა ალადაშვილის, ბრაზილიაში მცხოვრები ერთადერთი ქართველი ფეხბურთის სპეციალისტის, უახლოეს გეგმებში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG