Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური პარტიები საპარლამენტო არჩევნებისწინა კამპანიისთვის საჭირო სახსრების მწვავე დეფიციტს განიცდიან


2004 წლის რიგით მეორე არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები, 28 მარტს უნდა ჩატარდეს. ხელისუფლებას არ სჭირდება ამ არჩევნების ჩასატარებლად საჭირო თანხის ბიუჯეტში მოძებნა,

რადგან რევოლუციის შემდგომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებისთვის საქართველოს სერიოზული ფინანსური დახმარება აქვს მიღებული. არჩევნების წინ სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უფრო საპარლამენტო ამბიციების მქონე პოლიტიკური პარტიები განიცდიან. ხანმოკლე პაუზის შემდეგ მეორე საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება მათთვის სერიოზული პრობლემაა.
რევოლუციით შექმნილ ახალ რეალობაში არასახელისუფლებო პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის ალტერნატიული გზების ძიება უწევთ.

საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე საპარლამენტო ამბიციების მქონე პოლიტიკურ ძალებს ჯერაც ვერ გაურკვევიათ რა ფორმით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ახალი ხელისუფლების ოპოზიცია - როგორც მემარჯვენეთა, ისე მემარცხენეთა ფლანგზე - საარჩევნო გაერთიანებების საკითხზე ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. არადა, თითოეული სუბიექტისთვის ნათელია, რომ, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში, პარლამენტში შეღწევა გაუჭირდება. 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკურ ძალებს რამდენიმე მოთხოვნას უყენებს : მათ მართებთ საარჩევნო პოლიტიკური პარტნიორების გამოკვეთა, 2 ნოემბრის არჩევნებისთვის გაწეული ხარჯით დაცარიელებულ პარტიულ ხაზინებში საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის აუცილებელი მინიმალური თანხის მობილიზება, საარჩევნო პროგრამებში ახალი რეალობით ნაკარნახევი კორექტივების შეტანა და, რაც მთავარია, რევოლუციურ ეიფორიაში მყოფ ამომრჩეველთა ნაწილის მიმხრობა. მოთხოვნები რთულია: ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციაშიც კი, როგორიცაა "ახალი მემარჯვენეები" (ეს ძალა, ასე თუ ისე, მძლავრი საარჩევნო კამპანიის წარმოებით გამოირჩეოდა), საარჩევნო სამზადისისთვის საჭირო ფინანსების მწვავე დეფიციტს უჩივიან.

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] " იმიტომ რომ ფინანსური ციკლიც არსებობს პოლიტიკური პარტიისთვის. არჩევნების დროს ხდება ფინანსების მობილიზება ისე, რომ მერე თავიდან დაიწყოს ეს პროცესი. მე მეეჭვება, დღეს, სახელისუფლებო ძალების გარდა, სხვა ძალას შეეძლოს ამ არჩევნებისთვის საჭირო ფინანსების მობილიზება. "(სტილი დაცულია)

ფიქრია ჩიხრაძის აზრით, საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის პოლიტიკურ ძალას მინიმუმ 500000 ლარი მაინც სჭირდება. მისივე თქმით, ფინანსური პრობლემების გამო "ახლებს" საარჩევნო კამპანიის ტრადიციული მეთოდების ალტერნატიულ მეთოდებზე უწევთ ფიქრი. ასეა, ალბათ, სხვა პარტიებშიც, გარდა ლეიბორისტებისა. "შრომის პარტიაში" ჯერ არ გადაუწყვეტიათ მიიღებენ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა შალვა ნათელაშვილი ( ის ამჯერად ევროპაში იმყოფება) მხარდამჭერების მიზიდვის ნაცად ტექნოლოგიას ამუშავებს. 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გაუქმებით მიღებული ფინანსური და მორალური ზარალისთვის ის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისთვის ჯარიმის დაკისრებას ითხოვს. და, აი, რატომ:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "მე ახლა პარიზში ვარ. როგორც კი დავბრუნდებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს მოვთხოვთ ოფიციალურად ჯარიმას. იმის გამო, რაც მათი საქმიანობის გამო დაგვემართა საქართველოში, გადაუხადონ "ლეიბორისტულ პარტიას" 100 მილიონი დოლარი. ეს თანხა გამოყენებული იქნება განათლებისთვის, მეცნიერებისთვის, პენსიონერებისთვის, საავადმყოფოებისთვის და ასე შემდეგ. ამ თანხას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს ჩვენ აუცილებლად მოვთხოვთ, რადგან რაც აქ მოხდა, იყო მათი მოწყობილი. "

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ევროპის სასამართლოში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ასაჩივრებს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კი ახლა უკვე 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის ემზადება. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების ის ნაწილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის იყო გამიზნული, ცესკოს ანგარიშზე არჩევნებამდე 50 დღით ადრე უნდა ჩაირიცხოს.
XS
SM
MD
LG