Accessibility links

logo-print

ეკოლოგიური ასოციაცია ნავთობსადენისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი სამშაბათს, 20 იანვარს, თბილისის საოლქო სასამართლომ დაიწყო ასოციაცია "მწვანე ალტერნატივის" სარჩელის განხილვა. მოპასუხედ პროცესზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია - საქართველო გამოდიან. მესამე პირად პროცესში ჩართულია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია. "მწვანე ალტერნატივა" ასაჩივრებს გარემოს დაცვის სამინისტროს იმ დოკუმენტს, რომლის ძალითაც კომპანია "ბრიტიშ პეტროლეუმს" ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის უფლება მიენიჭა. რამ განაპირობა ასეთი სარჩელის შედგენა?

სასამართლოს სხდომა სამშაბათს, 20 იანვარს, მართლაც დაიწყო, მაგრამ არსებით განხილვამდე საქმე არ მისულა. მომდევნო სხდომა 20 თებერვალს გაიმართება. ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის ნებართვას ასაჩივრებს, რომელიც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გასცა. "მწვანე ალტერნატივის" იურისტმა ქეთი კვინიკაძემ მითხრა, რა მოტივით მოითხოვენ სამინისტროს გაცემული ნებართვის ბათილად ცნობას:

[კვინიკაძის ხმა] "უნდა მოხდეს საჯარო განხილვების სრულყოფილად ჩატარება. ეს სასარჩელო განცხადებაშიც არის მოხსენიებული. საქმეში ბევრი მტკიცებულებაა, ჩვენ სასარგებლოდ არაერთი დოკუმენტი ლაპარაკობს. საოლქო სასამართლო მათ არსებითი განხილვისას გაეცნობა და ჩვენ შევეცდებით, დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. ჩვენ იმედი გვაქვს, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და აქტი ბათილად იქნება ცნობილი, რის შემდეგაც ეს ნორმატიული აქტი გაცემული იქნება კანონმდებლობის კონკრეტული მოთხოვნების დაცვით."

უფრო დაწვრილებით ამ კანონდარღვევაზე მოგვითხრობს "მწვანე ალტერნატივის" მიერ გასულ შაბათს კინოს სახლში ნაჩვენები ფილმი. ფილმში დაწვრილებით არის აღწერილი შესაძლო თუ რეალური საფრთხეები, რომელსაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი შეიცავს. რაც შეეხება უკმარ განხილვებს, ფილმის მიხედვით, საკითხის მოკლე ისტორია ასეთია:

[ფრაგმენტი ფილმიდან] "2002 წლის 30 მაისს "ბრიტიშ პეტროლეუმმა" საქართველოს საზოგადოებას განხილვისთვის წარუდგინა ნავთობსადენის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პროექტი. დოკუმენტის საჯარო განხილვებსა და საზოგადოებასთან კონსულტაციებს 60 დღე დაეთმო. ამ ხნის განმავლობაში "ბრიტიშ პეტროლეუმს" საზოგადოებასთან გამართული დიალოგის საფუძველზე უნდა შეერჩია პროექტის განხორციელების ისეთი ვარიანტი, რომელიც ყველაზე ნაკლებ ზიანს მოუტანდა საზოგადოებას და ბუნებრივ გარემოს. დოკუმენტის საჯარო განხილვები და საზოგადოებასთან კონსულტაციები არასრულყოფილად ჩატარდა. ქალაქებსა და სოფლებში ჩატარებული განხილვები, ძირითადად, საჯარო ლექციების ხასიათს ატარებდა, რაც შეხვედრებზე დამსწრეებს არ აძლევდა თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის საშუალებას. კომპანია "ბრიტიშ პეტროლეუმის" ერთადერთი, ე.წ., ცხელი სატელეფონო ხაზი ფასიანი აღმოჩნდა. საჯარო განხილვების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების, ქართველი მეცნიერებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ წამოჭრილი პრობლემური საკითხები არ იქნა შესაფერისად გათვალისწინებული და, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად, უპასუხოდ დარჩა."

ეკოლოგები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისას ორ ძირითად საფრთხეს გამოყოფენ: ერთია სავარაუდო მძიმე შედეგები ბორჯომის ხეობის სოფლებისა და ბორჯომის მინერალური წყლისათვის, ხოლო მეორეა წალკის ტბის დაბინძურების საფრთხე. ეს ტბა თბილისის მტკნარი წყლის ხელშეუხებელ მარაგს წარმოადგენს.

ეკოლოგები იმედოვნებენ, რომ ჯერ კიდევ გვიან არ არის ამ საფრთხეთა თავიდან აცილება.
XS
SM
MD
LG