Accessibility links

logo-print

რას ნიშნავს იყო "უძველესი ევროპელი"?


"მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი", - განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს სტრასბურგში, როცა საქართველო ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრი გახდა. "მე ვარ ქართველი,

მაშასადამე, მე ვარ უძველესი ევროპელი", - შეიძლება ასე გავიგოთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც ახლად არჩეულმა საქართველოს პრეზიდენტმა გასულ კვირას ევროკავშირის უმაღლეს კომისარ ხავიერ სოლანასთან შეხვედრის დროს გააკეთა. რას ნიშნავს იყო "უძველესი ევროპელი" და რას ისახავდა მიზნად მიხეილ სააკაშვილის განცხადება?

მიზანი გასაგებია - საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციას ცდილობს. ამისათვის კი ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ დასავლეთს უნდა დაუმტკიცოს, რომ საქართველო იმსახურებს ამ ინტეგრაციას. რევოლუცია მშვიდობიანად, უსისხლოდ, შეიძლება ითქვას, "ცივილიზებურად" მოეწყო.. ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს - საქართველოს პოლიტიკური ლიდერები აღნიშნავენ, რომ ასეთი "ცივილიზებური რევოლუცია" მხოლოდ ცივილიზებულ ხალხს შეუძლია მოაწყოს. ცივილიზაცია კი საქართველოში ( და არა მარტო საქართველოში), როგორც წესი, დასავლეთის, კონკრეტულად კი, ევროპის სინონიმადაა მიჩნეული. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა დიდად არ შეცვლილა: ედუარდ შევარდნაძემ ქართველთა ევროპელობაზე საუბრისას ჩვენი არქეოლოგების სენსაციური აღმოჩენები გაიხსენა, მიხეილ სააკაშვილმა კი არქეოლოგების მიღწევები "ვარდების რევოლუციის" მშვიდობიან დასასრულს დაუკავშირა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ თავისი ბუნებით და მოქმედებით არის ბოლომდე ევროპული ხალხი… ჩვენ, შესაძლოა, ბევრად უფრო ევროპელი ხალხი ვართ, ვიდრე ძველი ევროპელები… არსებობენ ძველი ევროპელები - ესაა დასავლეთი ევროპა და არსებობენ ახალი ევროპელები - ესაა პოლონეთი, უნგრეთი… მაგრამ არსებობენ, გარდა ამისა, უძველესი ევროპელები და ესენი ვართ ქართველები.… ასე რომ, ჩვენთან შედარებით, ბატონი სოლანა "ახალი ევროპელია" და ჩვენ მივესალმებით "ახალ ევროპელს".

"უძველესი ევროპა" მიესალმება "ძველ" და "ახალ" ევროპას და მას ევროპულ ორგანიზაციებში გაერთიანებას სთხოვს. "უძველესი ევროპა" ლაპარაკობს იმ ენით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მკვიდრდებოდა თავად ევროპაში, თუმცა იმავე პოსტკოლონიურმა ევროპამ ამ ენაზე უკვე უარი თქვა. სოციოლოგი სალომე ასათიანი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადების კომენტარი ვთხოვეთ, შეგვახსენებს, რომ არაძალადობრივი მეთოდით ბრძოლა, ტაქტიკა, რომელიც ნოემბერში აირჩია დღევანდელმა ხელისუფლებამ, არა ევროპელის, არამედ ინდოელი მაჰათმა განდის მოგონილია და, სხვათა შორის, პირველად - ევროპელების წინააღმდეგ მიმართული. სალომე ასათიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება ევროცენტრიზმისა და ორიენტალიზმის თეორიის ტიპიური გამოვლენაა დღევანდელ ქართულ სინამდვილეში. თუმცა დასავლელ ინტელექტუალებში არანაკლებ პოპულარულია, დავუშვათ, იმანუელ უოლერშტეინის, ედუარდ საიდის თეორიები, რომელშიც ევროპა სულაც არ ცხადდება "ცივილიზებურის" სიმბოლოდ:

[სალომე ასათიანის ხმა] "დასავლური ანთროპოლოგია და ეთნოგრაფია პრინციპში დაიწყო ინგლისელი თეთრკანიანი, სოლიდური მეცნიერის მოგზაურობით ინდოეთში და შემდეგ მათი აღწერით, როგორც ველური, ბარბაროსი, მაგრამ მაინც მიმზიდველი თავისი ველურობით… ინდოელი, მაშინ კი არა, მეეჭვება, რომ დღესაც დააკვირდეს ინგლისელებს და ასე აღწეროს."(სტილი დაცულია)

კონფლიქტოლოგი ირაკლი კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ევროცენტრიზმის პროპაგანდამ უახლოეს ხანში შეიძლება გააღიზიანოს საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ "ეთნოკულტურას" ევროპას არ აკუთვნებენ.

[ირაკლი კაკაბაძის ხმა]: "დემოკრატია, ჩემი აზრით, არ არის მხოლოდ დასავლური ღირებულება. დემოკრატიას, მართალია, საბერძნეთში ჩაეყარა საფუძველი და დასავლურმა ინსტიტუციონალიზმმა ის გახადა ქმედით სისტემად, მაგრამ დემოკრატია ყველა საზოგადოებაში ძევს, მათ შორის, ქართულშიაც. სხვა საქმეა… დემოკრატიის სხვადასხვა ინსტიტუტები - რამდენად ინსტიტუციებული აღმოჩნდა იგი მთავრობის დონეზე, ეს უკვე სხვა საკითხია."(სტილი დაცულია)

იმ ქართველი სოციოლოგების აზრით, რომელთაც ჩვენ გავესაუბრეთ, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, დროა, არა მარტო წარსული კულტურის "ცივილიზებულობით" და, მით უმეტეს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი "ევროპელი წინაპრებით" იამაყოს.. მან უნდა მაქსიმალურად სწრაფად განახორციელოს რეფორმები და გაითვალისწინოს, რომ, ასაკთან ერთად, ადამიანი ბავშვს ემსგავსება, მოხუცი - ბავშვივით აზროვნებს.. ამიტომ "უძველესი ევროპელი ერი", შესაძლოა, "ნაბოლარა ევროპელი ერის" სახით მოგვევლინოს.
XS
SM
MD
LG