Accessibility links

logo-print

დაძაბული ურთიერთობა რუსეთსა და ეუთოს სხვა წევრებს შორის


ანდრო ეული, პრაღა როგორც დიპლომატები აღნიშნავენ, რამდენიმე საერთაშორისო პრობლემის მოგვარების საკითხში განსხვავებული პოზიციების გამო ურთიერთობა დაიძაბა რუსეთსა და ეუთოს სხვა დანარჩენ წევრ-ქვეყნებს შორის...

ერთ-ერთმა რუსმა დიპლომატმა ამ დღეებში ვენაში განაცხადა, რომ ამა თუ იმ პრობლემის განხილვისას ეუთოს მრავალი წევრი მიკერძოებას იჩენს რუსეთის პოზიციისადმი.


რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ალექსეევმა განცხადა, რომ ეუთო მეთვალყურეებს აგზავნის ყოველთვის, როცა არჩევნები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და ბალკანეთში ეწყობა, მაშინ როცა ეუთოს წარმომადგენლები იშვიათად თუ ესწრებიან არჩევნებს დასავლეთში. ეუთოს წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ამ ორგანიზაციის მეთვალყურეთა ჯგუფი ამერიკის კონგრესის შუალედურ არჩევნებს დაესწრო ფლორიდაში 2002 წლის ნოემბერში, რაც ამერიკის მთავრობის თხოვნით მოხდა იმ სკანდალურ ისტორიასთან დაკავშირებით, იმავე ფლორიდის შტატში რომ იჩინა თავი 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ეუთომ განაცხადა აგრეთვე, რომ გასულ თვეს მისი წარმომადგენლები ადგილობრივ არჩევნებს დაესწრნენ ბრიტანეთში, ხოლო მანამდე, საფრანგეთსა და თურქეთში ჩატარებულ არჩევნებს გაუწიეს მეთვალყურეობა.

ეუთოს დასავლელი წევრები რუსეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ ეკთომ დღემდე ვერ შესძლო არაერთი მტკივნეული პრობლემის მოგვარება. ერთი მათგანია უთანხმოება მოლდავეთსა და დნესტრისპირეთის რეგიონს შორის შესაძლო ფედერაციული მოწყობის თაობაზე. ეუთოს მრავალი წევრი აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთმა დღემდე არ გაიყვანა დნესტრისპირეთიდან თავისი ჯარი და სამხედრო აღჭურვილობა, რაც 1999 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით ივალდებულა მოსკოვმა. რუსეთს აკრიტიკებენ იმისთვისაც, რომ მისი ჯარი და სამხედრო აღჭურვილობა დღემდე საქართველოს ტერიტორიაზეა შემორჩენილი. იმის გამო, რომ რუსეთმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ფერხდება რატიფიკაცია მნიშვნელოვანი ხელშეკრულებისა, რომელიც ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების განთავსებას ითვალისწინებს.
ეუთოს სხვა წევრებისაგან იმდენად განსხვავებულია ამ საკითხში მისი პოზიცია, რომ რუსეთმა ვეტო დაადო დასკვნით კომუნიკეს, რომელიც ეუთოს სამიტზე იქნა მიღებული ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტში გასულ თვეს.
რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დოკუმენტის იმ მუხლებში, რომლებიც საქართველოსა და მოლდავეთს ეხება, მხოლოდ დასავლეთის პოზიციაა ასახული. რუსეთმა იმიტომ შესძლო ვეტოს დადება, რომ ეუთოს განაწესის თანახმად, ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუკი მას ეუთოს ყველა წევრი დაუჭერს მხარს.

ხსენებული ორი პრობლემის მოგვარება, ან ყოველ შემთხვევაში არსებითი პროგრესის მიღწევა აქვს დასახული მიზნად ეუთოს ახალ თავმჯდომარეს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სოლომონ პასის, რომელმაც ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა [სოლომონ პასის ხმა]: "თვითეული ქვეყანა ვეტოს უფლებით სარგებლობს რაღა თქმა უნდა ეუთოში, ასე რომ, ორგანიზაციაში მიღებული ყველა გადაწყვეტილება 55-ტივე წევრი-ქვეყნის თანხმობით ხდება. თუმცა, ნებისმიერი სხვა საერთაშორისო უწყების მსგავსად, ეუთოშიც ხდება დებატები. ჩვენ როდი მოვდივართ 55-ვე თანაბარი აზრით. პირიქით, ძალზედ ხშირად გვაქვს 55 განსხვავებული პოზიცია. მაგრამ ბოლოს გვინდა, რომ ერთი დოკუმენტი კონსენსუსით იქნეს მიღებული".

სოლომონ პასიმ აღიარა, რომ ნაკლებად აქვს იმედი პროგრესისა ზოგიერთ საკითხში, და უწინარესად იმაში, რომ ეუთოს მისია განაახლებს თავის საქმიანობას ჩეჩნეთში. მისია 1995 წელს გაიგზავნა ჩეჩნეთში, მაგრამ გასული წლის დასაწყისში იძულებული გახდა დაეტოვებინა კავკასიის ეს რესპუბლიკა, როცა მანდატის გაგრძელებაზე რუსეთის ხელისუფალთა ცივი უარი მიიღო.

შედარებით ოპტიმისტურად უყურებს სოლომონ პასი საქართველოში შემორჩენილი რუსეთის ორი სამხედრო ბაზის ლიკვიდაციის პერსპექტივას. რუსეთი აცხადებს, რომ 11 წელი დასჭირდება ბაზების გატანასა და იქ მომსახურე სამხედრო პერსონალის დაბინავებას. თუმცა მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში თბილისში ჩასულმა ამერიკის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სახსრებს გაიღებს ხსენებული ბაზების გატანის დასაჩქარებლად, ეუთოს ხელმძღვანელობას აღეძრა იმედი, რომ ეს პრობლემა შესაძლოა ახლო მომავალში იქნეს მოგვარებული.
XS
SM
MD
LG