Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტის მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის შესახებ


წლევანდელი საანგარიშო მოხსენებით შეერთებული შტატების მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში შეეცადა, გაემართლებინა თავისი საგარეო პოლიტიკა,

რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს როგორც თვით შეერთებულ შტატებში, ისე უცხოეთში. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ჯორჯ ბუში ამ მოხსენებით გამოვიდა ვაშინგტონში სამშაბათს, როცა თბილისში უკვე ოთხშაბათი დილა თენდებოდა. რახან მთელი მსოფლიოს მასმედიის ყურადღება მისი გამოსვლისაკენ არის მიმართული, მოვლენებს, ცხადია, არც ჩვენ ჩამოვრჩებით და ჯორჯ ბუშის მოხსენების მთავარ თემებს შევაჯამებთ.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "მას შემდეგ, რაც ბოლოს შევხვდით ერთმანეთს ამ პალატაში, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების ჯარებმა მოქმედებაში მოიყვანეს გაეროს მოთხოვნები და ბოლო მოუღეს სადამ ჰუსეინის რეჟიმს. ერაყელები გათავისუფლდნენ" (ტაში)

ჯორჯ ბუშმა თავის წლევანდელ მოხსენებაში ქვეყნის მდგომარეობის შესახებ საკმაოდ დიდი დრო დაუთმო იმის გამართლებას, რაც და როგორც მისმა ადმინისტრაციამ ერაყში მოიმოქმედა. [ჯორჯ ბუშის ხმა] "რომ არ გვემოქმედა, დიქტატორი დღემდე განავითარებდა მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამებს. რომ არ გვემოქმედა, ერაყის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ფარატინა ქაღალდებად დარჩებოდა. ეს კი დაასუსტებდა გაეროს და წააქეზებდა მისდამი დაუმორჩილებლობას. ერაყში დღემდე აწამებდნენ ადამიანებს. უდანაშაულო მსხვერპლის - მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების - საფლავების ადგილსამყოფელი მხოლოდ მათ მკვლელებს ეცოდინებოდათ. ყველასათვის, ვისაც უყვარს თავისუფლება და მშვიდობა, მსოფლიო სადამ ჰუსეინის რეჟიმის გარეშე უკეთესი, უფრო უხიფათო გახდა".

მოხდა ისე, რომ ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ჯორჯ ბუშის მოხსენებამდე ერთი დღით ადრე, 19 იანვარს დაიწყო აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადების ახალი ეტაპი. ამდენად, ბუნებრივია, ბუში არჩევნების თემასაც შეეხო. მისი თქმით, ახლა, რთულ პერიოდში, როცა მთავრობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხორციელებას ცდილობს და ქვეყანას ბვერი საფრთხე ემუქრება, პრეზიდენტის გამოცვლის დრო არ არის: [ჯორჯ ბუშის ხმა] "ჩვენ ამხელა გზა, ტრაგედია, განსაცდელი და ომი იმისათვის არ გამოგვივლია, რომ ახლა გავჩერდეთ და საქმე დაუმთავრებელი დავტოვოთ".

საქმის დაუმთავრებლად მიტოვებას ჯორჯ ბუში, როგორც ჩანს, არც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აპირებს: [ჯორჯ ბუშის ხმა] "2001 წლის 11 სექტემბერის შემდეგ 28 თვე გავიდა - 2 წელიწადზე მეტი ამერიკის ტერიტორიაზე თავდასხმების გარეშე. და კაცს გინდა, იფიქრო, რომ საფრთხე უკან მოვიტოვთ. ეს იმედი გასაგებიც არის, სასიამოვნოც და ... არასწორიც".

არასწორი იმიტომ, რომ, როგორც ჯორჯ ბუში თანამემამულეებს შეახსენებს, ტერორისტებს დღემდე არ უთქვამთ უარი ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებაზე. ეს კი ამართლებს მკაცრ პოლიტიკურ კურსს, ისევ და ისევ, ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის, ისევე როგორც ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ. [ჯორჯ ბუშის ხმა]
"პირველი, ვინც დარწმუნდა, რომ სიტყვას საქმედ ვაქცევთ, იყო თალიბანი, რომელსაც ავღანეთი "ალ-ყაიდის" მკვლელების საწვრთნელ ბანაკად ჰქონდა გადაქცეული. ამ თვიდან კი ქვეყანას აქვს ახალი კონსტიტუცია, რომელიც თავისუფალი არჩევნებისა და ქალთა უფლებების გარანტიებს იძლევა. ბიზნესი ისევ ვითარდება, იხსნება სამედიცინო ობიექტები და ავღანელი გოგო-ბიჭები სკოლაში დადიან".

შეერთებული შტატების თაოსნობით წამოწყებულმა ომებმა ერაყსა და ავღანეთში, ამერიკელი პრეზიდენტის შეფასებით, არა მარტო ამ ორ ქვეყანაში გამოიღო ნაყოფი. ლიბიამ გადაწყვიტა, უარი ეთქვა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე: ამ საკითხზე მან საიდუმლო მოლაპარაკება დაიწყო ერაყში ამერიკული ჯარების შეჭრამდე სულ ერთი კვირით ადრე, რაც, როგორც ჯორჯ ბუში ირწმუნება, უბრალო დამთხვევა არ ყოფილა [ჯორჯ ბუშის ხმა] "ცხრათვიანმა ინტენსიურმა მოლაპარაკებამ დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით წარმატება მოიტანა ლიბიის შემთხვევაში. მაშინ, როცა ერაყთან 12-წლიანმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ ვერ გაჭრა. ამის ერთი მიზეზი ნათელია. თუ გინდა, დიპლომატიით მიზანს მიაღწიო, არ შეიძლება შენს იტყვას დამაჯერებლობა აკლდეს. ამერიკის სიტყვაში კი ახლა ვეღარავინ დაეჭვდება".

ლიბიის გარდა შეიძლება ირანისა და სირიის მაგალითების მოყვანა: ერთმა, ირანმა აღიარა, რომ საიდუმლოდ მუშაობდა ბირთვულ პროგრამაზე; მეორემ კი, სირიამ, ვაშინგტონის მოთხოვნის შესაბამისად, ჩაკეტა ერაყთან საზღვარი, რათა ერაყის დამხობილი რეჟიმის წარმომადგენლები უცხოეთში არ გაქცეულიყვნენ.

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ჯორჯ ბუშს აქვს უფლება, თავი მოიწონოს ამ მიღწევებით. ამ ექსპერტებს შორის არის კენეთ ალარდი, რომელსაც ჩვენი კოლეგა ენდრიუ ტალი დაუკავშირდა. [კენეთ ალარდის ხმა] "პრეზიდენტ ბუშის შემთხვევაში ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდო არა მარტო იმას, რაც მას ნათქვამი აქვს, არამედ იმასაც, რასაც აკეთებს. ეს გამოჩნდა ლიბიის, სირიისა და ირანის მაგალითებზე, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად შედეგიანია დევიზი "ხმას არ აუმაღლო, მაგრამ ხელში მუდამ ჯოხი გეჭიროსო". ეს არის ამერიკული პოლიტიკის ძველისძველი პრინციპი, რომელიც კარგად მუშაობს".

დევიზი "ხმას არ აუმაღლო და ხელში მუდამ ჯოხი გეჭიროს", ცხადია, დიპლომატიასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის ხელისშემწყობ სამხედრო ძალას გულისხმობს. სხვა საქმეა, რომ "ხელში ჯოხის პოლიტიკამ" სასურველ შედეგს ვერ მიაღწია ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში. წლევანდელ მიმართვაში ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ჯორჯ ბუშის იმის თქმას დასჯერდა, რომ ვაშინგტონი არ დაუშვებს მსოფლიოს ყველაზე სახიფათო რეჟიმების ხელში მსოფლიოს ყველაზე სახიფათო იარაღის ჩაგდებას.
XS
SM
MD
LG