Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა


21 იანვარს შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დაიწყო.

უმაღლესი დონის ამ არაოფიციალურ ხუთდღიან შეკრებაში ასამდე ქვეყნის ორი ათასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს; დავოსში იმყოფება 30-მდე სახელმწიფოსა თუ მთავრობის მეთაური, მინისტრები, ცნობილი ეკონომისტები, პოლიტოლოგები, ეკონომიკის სფეროში მომუშავე საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები. წლევანდელი, რიგით 34-ე ფორუმის მუშაობაში ჩაბმულია საქართველოს მომავალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ფორუმს თავისი ქვეყნისთვის უცხოეთის მთავრობებისა თუ კომპანიებისგან ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად იყენებს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წლევანდელი შეკრების ზოგად მიზნებსა და ამოცანებზე ამ ორიოდე დღის წინათ დაწვრილებით გესაუბრეთ. ამიტომ დ
ღეს ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე; უფრო ზუსტად კი პრესკონფერენციაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ფორუმის პირველ დღეს გამართა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პირველად წარმოადგენს საქართველოს ასეთ მასშტაბურ თავყრილობაზე. ამდენად, სავსებით ბუნებრივია, რომ მან ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, მაღალი ტრიბუნა თავისი ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების აუცილებლობაზე საუბრისთვის გამოეყენებინა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "საქართველოს ძალიან სჭირდება ფინანსური დახმარება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ყველასთვის, შექმნან განვითარების ნიმუში, წაახალისონ ხალხი პოსტსაბჭოთა კორუფციული სისტემისა და საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი ტენდენციების დანგრევისთვის. და თუ საქართველომ წარმატებას მიაღწია, ეს შესაძლებლობების განხორციელების სრულიად ახალ გზებს შეუქმნიდა შუა აზიას, კავკასიას და მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეს."

მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა სამთავრობო უწყებების განმტკიცების აუცილებლობაზე, რაც, თავის მხრივ, მყარ გარანტიებს შეუქმნიდა უცხოელ ინვესტორებს, იმ კომპანიებსა თუ კერძო პირებს, რომლებიც საქართველოში კაპიტალის დაბანდებას მოისურვებდნენ. ამავე დროს, მომავალმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ დრო არ ითმენს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენი წარმატება აშკარა და ეფექტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მას უახლოესი ექვსი თვის მანძილზე მივაღწიეთ. ასე რომ, სწორედ ახლა არის საქართველოსთვის დახმარების გაწევის დრო, და ევროპისთვისაც, რადგან ევროპის სტაბილურობასა და ევროპის განვითარებაში თავისი წვლილი საქართველოსაც შეაქვს."

პრესკონფერენციაზე გამოსლისას, მიხეილ სააკაშვილი შეეხო კორუფციის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლასაც, რომლის წარმატებით დასრულება, მომავალი პრეზიდენტის თქმით, სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ქვეყნისთვის.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენ დაუნდობელი ბრძოლა დავიწყეთ კორუფციის წინააღმდეგ. მაღალი რანგის არაერთი ოფიციალური პირი დაკავებულ და დაპატიმრებულ იქნა; ბევრი მათგანი ახლა ციხეშია. ცხადია, ადამიანების დაპატიმრება შეიძლება, მაგრამ სანამ მათ ხელფასებს არ გავუზრდით, სანამ მთელ სისტემას არ გამოვცვლით, წარმატებას ვერ მივაღწევთ. ამას კი ფული სჭირდება და ყოველი ცენტი, რომელიც ახლა სისტემის შეცვლაში ჩაიდება, ძალიან, ძალიან მალე მოიტანს უკუგებას და ქვეყანასაც არა მარტო უფრო ეფექტიანს, არამედ უფრო იოლად სამართავსაც გახდის."

საქართველოს წინაშე მდგარი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ამოცანების გადაჭრაში არცთუ უმნიშვნელო როლი ენიჭება იმას, როგორ განვითარდება თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობა. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ სააკაშვილს უყურადღებოდ არც ეს საკითხი დაუტოვებია. მან განაცხადა, რომ მზად არის, უახლოეს მომავალშივე ეწვიოს მოსკოვს და შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. "ამ შეხვედრის გადადება არ ივარგებს და როგორც კი შესაბამის მოწვევას მივიღებ, მაშინვე გავემგზავრები მოსკოვშიო", თქვა სააკაშვილმა. რუსეთის სამხედრო ბაზებზე საუბრისას, მან აღნიშნა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "საქართველოსთვის აუცილებელია, გათავისუფლდეს სამხედრო ბაზებისგან. ჩვენ საკუთარი ტერიტორიის დაცვა გვმართებს. ჩვენი სურვილია, რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, საჭიროა ახლებური ურთიერთობების ჩამოყალიბება."

თუ რას ნიშნავს ეს "ახლებური ურთიერთობა", მიხეილ სააკაშვილმა თავადვე განმარტა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "რუსეთთან კეთილი ურთიერთობა გვინდა, მზად ვართ, გავითვალისწინოთ მისი ინტერესები, როგორც ზესახელმწიფოსი, მაგრამ, მეორე მხრივ, გათვალისწინებული უნდა იყოს ისიც, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას ისე უნდა ექცეოდნენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას."
XS
SM
MD
LG