Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკური პარტია მობილიზაციას აცხადებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი "ახალი ეპოქა - სახელმწიფოს განვითარების ახალი პერსპექტივები" - ასეთი სახელწოდებით გაიმართა 21 იანვარს შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს რესპუბლიკური პარტიის კონფერენცია. კონფერენციაზე კიდევ ერთხელ ითქვა,

რომ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტია ნაციონალურ მოძრაობასა და ეროვნულ ძალთა გაერთიანებასთან ერთად, ერთიანი ბლოკით, მიიღებს მონაწილეობას, რაც აქარვებს ხმებს, თითქოსდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და რესპუბლიკელებს შორის პრობლემები შექმნილიყოს. რა გეგმები აქვს რესპუბლიკურ პარტიას?

ყველაზე ინტელექტუალური და ყველაზე მცირერიცხოვანი პარტია - საქართველოს რესპუბლიკური პარტია სწორედ ასეთი სახელით სარგებლობს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. 25 წლის წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, იატაკქვეშეთში ჩამოყალიბებულ ამ პარტიას ორჯერ ჰქონდა "ოქროს ხანა" - 1990 წლის უზენაესი საბჭოს საქმიანობისას, როცა მაჟორიტარმა დეპუტატებმა აჭარიდან, რესპუბლიკური პარტიის წევრებმა დავით ბერძენიშვილმა და თამაზ დიასამიძემ, თავიანთი პრინციპულობით დემოკრატიულად განწყობილი საზოგადოების პატივისცემა დაიმსახურეს, და მეორედ 1992-95 წლების პირველი მოწვევის პარლამენტის მოღვაწეობისას - იმ პარლამენტში რესპუბლიკური პარტია სოლიდური ფრაქციით იყო წარმოდგენილი. შემდეგ არჩევნებზე რესპუბლიკურ პარტიას წარუმატებლობა ელოდა - სადეპუტატო მანდატების მოპოვებაში მათ ვერც სახალხო ფრონტთან პარტნიორობა დაეხმარა და ვერც ედპ-სთან. დიდ პოლიტიკაში დაბრუნების თვალსაზრისით, რესპუბლიკური პარტიისთვის სასარგებლო აღმოჩნდა ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა: ერთ ბლოკში გაწევრიანების შემდეგ რესპუბლიკური პარტია ჯერ თბილისის საკრებულოში გავიდა, შემდეგ კი 2 ნოემბრის არჩევნებშიც გაიმარჯვა. აქტიურობით რესპუბლიკელები ნოემბრის მოვლენების დროსაც გამოირჩეოდნენ, თუმცა პოსტრევოლუციურ პერიოდში რესპუბლიკელთა ინერტულობამ კარგი საფუძველი შეუქმნა ხმებს ნაციონალურ მოძრაობასა და რესპუბლიკურ პარტიას შორის გაუგებრობის არსებობის შესახებ. როგორც ჩანს, ეს, მართლაც, მხოლოდ ხმები იყო. 21 იანვარს გამართულ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ნაციონალურ მოძრაობასა და ეროვნულ ძალთა გაერთიანებასთან ერთად გეგმავს. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის განმარტებით, ახალი ეპოქის დადგომის შემდეგ რესპუბლიკური პარტია აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკაში:
[ დავით ბერძენიშვილის ხმა] "ჩვენ ბევრი დავაგროვეთ 80-90-იან წლებში. ჩვენ შევქმენით, მნიშვნელოვანწილად, ქართული პოლიტიკური ლექსიკონი, ჩვენ აქტიური მონაწილეობა მივიღეთ საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში. ამჟამად, მე ვფიქრობ, დადგა დრო, რომ რესპუბლიკელები არა მხოლოდ და არა იმდენად ექსპერტებად ვიყოთ წარმოდგენილნი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ჩვენ რეალურად ვიწყებთ პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არასამთავრობო სექტორში გაძიძავებული ექსპერტი-რესპუბლიკელები უნდა დაბრუნდნენ პოლიტიკაში. დღეს ამის შესაძლებლობა არის."
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ, პარტნიორობის აღიარების მიუხედავად, რესპუბლიკური პარტია კვლავ არ მალავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ხელისუფლების ზოგიერთ ნაბიჯის მიმართ. მაგალითად, კონფერენციაზე ხაზგასმით ითქვა, რომ ხელისუფლება კვლავ ცდილობს კონსტიტუციის მორგებას კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებზე. რესპუბლიკური პარტიის აზრით კი, კონსტიტუცია უნდა იქცეს იარაღად, რომლითაც ხალხი ხელისუფლებას შებოჭავს, და არა იარაღად, რომლითაც ხელისუფლება მართავს ხალხს.
XS
SM
MD
LG