Accessibility links

logo-print

რუსეთის მხარემ საქართველოს ადამიანის გატაცებების ბრალდებით მოსკოვში დაკავებული შოთა ჭიჭიაშვილი გადასცა


21 იანვარს, დაახლოებით 19 საათზე, მოსკოვში დაკავებული კრიმინალის შოთა ჭიჭიაშვილის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. 28 წლის შოთა ჭიჭიაშვილს შეიარაღებულ

ბანდიტურ დაჯგუფებებში მონაწილეობისათვის ქართველი სამართალდამცავები 1997 წლიდან ეძებენ. 2000 წლიდან იგი უკვე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილად ცხადდება. ამ დროისათვის მას უკვე ადამიანების გატაცებებსა და მკვლელობებში ედება ბრალი. სწორედ მისი ორგანიზებულია ისეთი ცნობილი და გახმაურებული საქმეები, როგორიცაა: ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს, ესპანელი ბიზნესმენების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტების წევრებისა და პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილის გატაცება და პანკისის ხეობაში დატყვევება. ძებნილი ჭიჭიაშვილი 6 თვის წინ მოსკოვში დააკავეს.

შოთა ჭიჭიაშვილი მოსკოვში გასული წლის 24 ივნისს დააკავეს. რუსეთის ხელისუფლებას მან პოლიტიკური თავშესაფარი ჯერ კიდევ სამი თვის წინ სთხოვა. რუსეთის პრეზიდენტმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. შოთა ჭიჭიაშვილმა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და რუსეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების საკითხი მეორედ დააყენა. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს ფაქტი გახდა ჭიჭიაშვილის საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის ჩაბარების პროცესის გაჭიანურების მიზეზი. თუმცა ამ მიზეზებზე თავისი ვერსია ჰქონდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს: ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჭიჭიაშვილთან დანაშაულებრივ ალიანსში იყვნენ საქართევლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახა თარგამაძის დროინდელი მაღალჩინოსნები; ამ ინფორმაციის თანახმად, ჭიჭიაშვილის საქართველოში გადმოყვანას სწორედ ეს პირები აფერხებდნენ. უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები დღესაც არ მალავენ, რომ დაპატიმრებული და საქართველოში ექსტრადირებული ჭიჭიაშვილი სამართალდამცავებს მსხვილ დამნაშავეებზე გაიყვანს. უშიშროების მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკა ლალიაშვილი, რასაკვირველია, კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, მაგრამ ადასტურებს, რომ იგი ამ ხალხში ჭიჭიაშვილის ბანდის წევრებს არ გულისხმობს. მისივე ინფორმაციით, ამ ბანდის წევრები ან დაკავებულები არიან, ან ლიკვიდირებულები.
გამოძიებისათვის ჭიჭიაშვილის ეგრეთ წოდებულ ფასდაუდებელ წონას არ გამორიცხავს არც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა. ამის გათვალისწინებით, 21 იანვარს მან სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ჭიჭიაშვილის უსაფრთხოების განსაკუთრებული ღონისძიებების შესახებ სპეციალური პრესკონფერენციაც კი მოიწვია.

[გიგი უგულავას ხმა] "ის იქნება იზოლირებული სხვა პატიმრებისაგან და მას მიჩენილი ექნება სპეციალური გაძლიერებული დაცვა. მას, სავარაუდოდ, აქვს საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით - თუ ვინ იყო ჩარეული, თუ რა დონეზე წყდებოდა საკითხები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მის მიმართ დაინტერესება ამ ჯგუფების მიმართ სრულიად გასაგები და ბუნებრივია."(სტილი დაცულია)

შოთა ჭიჭიაშვილის საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით თანხმობა უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღო.
ამ დროისათვის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, თუმცა დეკემბერში ხაბურძანია მოსკოვიდან მაინც ხელცარიელი დაბრუნდა. ამჯერად მოსკოვში მასთან ერთად გაემგზავრნენ საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე. როგორც ჩანს, ჭიჭიაშვილის ეპოპეის დასასრული სხვა დამნაშავეთა ექსტრადიციის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს. ოთხშაბათს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთთანამშრომლობის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG