Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ანანიაშვილი "ლეაში"


25 იანვარს, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება კონცერტი, რომელშიც საზღვარგარეთ მოღვაწე

ჩვენი თანამემამულეები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, ნინო ანანიაშვილიც... დიდი თეატრის ბალერინა კიდევ რამდენიმე დღე დარჩება სამშობლოში და 2 თებერვალს პირველად იცეკვებს თბილისში ლეონარდ ბერნსტაინის მუსიკაზე დადგმულ ბალეტში "ლეა". მინდა რუსი ქორეოგრაფის, ალექსეი რატმანსკის, ამ წარმოდგენაზე გიამბოთ.

ნინო ანანიაშვილს თბილისში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ, როგორც ირკვევა, ქართველ ბალეტის მოყვარულებს მისი ხილვა უფრო კლასიკურ ბალეტებში ურჩევნიათ. ფაქტია, ალექსეი რატმანსკის ბალეტს "სიზმრები", ნინო ანანიაშვილით მთავარ როლში, მაყურებლის მქუხარე ოვაციები არ მოჰყოლია... თუმცა რატმანსკის "ლეა", რომელსაც ანანიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ იცეკვებს, რატმანსკის პირველი ტრაგიკული ბალეტი, ბევრად უფრო ეფექტური სანახაობაა, ვიდრე "სიზმრები"... სანახაობა კი ისევე უყვართ ქართველ ბალეტის მოყვარულებს, როგორც კლასიკური "პა დე-დე".

ამ 40 წუთიანი ბალეტის პრემიერა 2001 წელს გაიმართა. რატმანსკის "ლეა" მოსკოვის "ფადეიჩევის საბალეტო თეატრში" დაიდგა. წარმოდგენა - ცოტა არ იყოს, "შაგალის სტილში" - რატმანსკის თანამედროვე ბალეტების მხატვარმა მიხეილ მახარაძემ გააფორმა. ჯერ კიდევ 1974 წელს ლეონარდ ბერნსტაინმა ჯერომ რობინსის საბალეტო დასისთვის დაწერა მუსიკა "ვარიაციები დიბუკის თემაზე". დაიდგა ამავე სახელწოდების ბალეტიც, რომელსაც რატმანსკიმ სახელი შეუცვალა და მთავარი გმირის - ებრაელი გოგინა ლეას - სახელი დაარქვა. ებრაულ ფოლკლორზე აგებული ეს მისტიკური ისტორია, რომელშიც წამყვანი "სულის გამოცხადების" მოტივია, ეს ერთგვარი "მოდერნისტული ჟიზელი", რუსულმა საზოგადოებამ განსხვავებულად აღიქვა. ამ როლისთვის ნინო ანანიაშვილი რუსეთის მთავარი თეატრალური პრემიის, "ოქროს ნიღბის", ნომინანტიც კი იყო. თუმცა ისიც ითქვა, რომ "ლეას" დინამიკა აკლია, რომ "ლეა" - სიუჟეტური ბალეტია.... ხოლო სიუჟეტური ბალეტი, მუსიკით, რომელსაც მელოდია არა აქვს, ყოველთვის მოსაწყენია ხოლმე. განსაკუთრებით პრეტენზიული აღმოჩნდა რუსული კრიტიკა წარმოდგენის ერთ-ერთი ცენტრალური სცენის, "ეგზორციზმის", შეაფასებისას. კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ეს სცენა ჰოლივუდის ყველაზე იაფფასიან ფილმებს გვაგონებს.

მაგრამ ქართველი ბალეტის მოყვარულები დიდ ხანია მოკლებულნი არიან საშუალებას, რაიმეს შეადარონ ნანახი. თანაც ისინი ხომ ოპერის თეატრში არა იმდენად რატმანსკის ქორეოგრაფიის, რამდენადაც "ცოცხალი ანანიაშვილის" სანახავად წავლენ. ამ თვალსაზრისით კი, მათ გული არ უნა გაუტყდეთ - ამბობენ, რომ "ლეაში" ანანიაშვილის ნახტომი თითქმის ისეთივე ძლიერი და მაღალია, როგორც მამაკაცის "პა"... "მაღალი ნახტომი" კი ის "ატრაქციონია", რომელზედაც ჭკუას კარგავენ თბილისელი ბალეტის მოყვარულები.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG