Accessibility links

ამერიკელი ექსპერტის გამოსვლა სენატში ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა 2002 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, აშშ-ის მთავრობა დღენიადაგ აცხადებს,

რომ თითქმის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ჩრდილოეთი კორეა სულ ცოტა ერთს, და შესაძლოა მეტ ბირთვულ იარაღს ფლობს. ვაშინგტონი, რუსეთთან, ჩინეთთან, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან ერთობლივად ცდილობს დაიყოლიოს ფხენიანი - შეწყვიტოს თავისი ბირთვული პროგრამა. ოთხშაბათს 21 იანვარს, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ჩვენებით გამოვიდა ბირთვული შეიარაღების ექსპერტი ზიგფრიდ ჰეკერი, რომელიც ამერიკელთა არაოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ჩრდილოეთ კორეას ეწვია ამ თვის დასაწყისში.



ზიგფრიდ ჰეკერმა, რომელიც ამერიკის ბირთვული კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობდა ადრე ნიუ მექსიკოს შტატის ქალაქ ლოს ალამოსში, სენატორებს უთხრა, რომ ვერ ნახა იმის დამადასტურებელი სამხილი, რომ ჩრდილოეთი კორეის კომუნისტურ მთავრობას ბირთვული იარაღის შექმნის უნარი შესწევს.

ჰეკერის თქმით, ჩრდილოეთ კორეელებმა იგი დაარწმუნეს იმაში, რომ შეუძლიათ პლუტონიუმის წარმოება, მაგრამ არ შესწევთ ბირთვული იარაღის შექმნის უნარი. ზიგფრიდ ჰეკერს ამასთანავე ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ჩრდილოეთ კორეას შეუძლია ურანის გადამუშავება და გამდიდრება ბირთვული შეიარაღებისათვის საჭირო პლუტონიუმის მისაღებად. ჰეკერმა 8 იანვარს მოინახულა ჩრდილოეთ კორეაში იონბუნის ატომური ელექტროსადგური, სადაც გამოყენებული საწვავის 8 ათასი ზოდი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. "როცა დავინტერესდი, სად შეიძლება იყოს ზოდები, ჩრდილოეთ კორეელებმა მითხრეს, ისინი გადავამუშავეთ და პლუტონიუმი მივიღეთო", - განაცხადა ჰეკერმა.

პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ფხენიანი ფარულად ანხორციელებს ბირთვულ პროგრამას, რითაც არღვევს 1994 წლის შეთანხმებას, რომლითაც ამ პროგრამის შეწყვეტაა გათვალისწინებული. მას შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა შეუწყვიტეს ფხენიანს ნავთობის მიწოდება, რაც ხსენებული შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სენატორმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ის აშინებს, ვაი თუ ტერორისტებს ჩაუვარდეს ხელში ჩრდილოეთი კორეის ბირთვული იარაღი [ჯოზეფ ბაიდენის ხმა]: "თუ ისინი კიდევ 2, 3,4, 5, და 6 ბირთვულ იარაღს შეიძენენ, ეს მე მაშფოთებს, მაგრამ გაცილებით უფრო მადარდებს, თუკი ისინი ბირთვულ მასალას მიჰყიდიან ან გადასცემენ არა კონკრეტულ სახელმწიფოს, არამედ ცალკეულ პირს, რომელ ამას "ხელნაკეთი" ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენებს".

ბაიდენმა თქვა, რომ თუნდაც ამგვარი ბირთვული ბომბი არც იყოს ისეთი მცირე ზომის, რომ რაკეტით მოხდეს მისი გატყორცნა, იგი ადვილად შეიძლება დამონტაჟდეს გემის კორპუსში და რომელიმე ზღვისპირა ქალაქის, მაგალითად ნიუ-იორკის ნავსადგურში აფეთქდეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მეორე წევრი სემ ბრაუნსბეკი მიესალმა იმ ფაქტს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია დიდ ყურადღებას უთმობს ბირთვული გაუვრცელებლობის პრობლემას, მაგრამ აღნიშნა ამასთანავე, რომ შეერთებული შტატები არ უნდა შემოიფარგლოს ფხენიანის ბირთვული პროგრამით და იმასაც უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ადამიანის უფლებათა მიუტევებელ დარღვევაში თითქმის მთელი მსოფლიო ადანაშაულებს ჩრდილოეთი კორეის კომუნისტურ მთავრობას [სემ ბრაუნსბეკის ხმა]: "ვფიქრობ, ადამიანის უფლებათა პრობლემა შეიარაღების საკითხთან უნდა იყოს უშუალოდ დაკავშირებული, ვინაიდან დღეს არსად არ იტანჯება ხალხი ისე, როგორც ჩრდილოეთ კორეაში, და ამაზე თვალის დახუჭვა აღარ ეგების ".

ზიგფრიდ ჰეკერმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ბირთვული გაუვრცელებლობისკენ მიმართული ძალისხმევა ადამიანის უფლებათა დაცვასაც მოემსახურება იმავდროულად.
XS
SM
MD
LG