Accessibility links

logo-print

დევნილები ერთი თვის შემწეობისა და მომავლის იმედად


ზუგდიდის რაიონში მცხოვრები დევნილების მრავალრიცხოვანმა საპროტესტო აქციებმა, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო: 22 იანვარს ხელისუფლებამ, "სახალხო ბანკის" ფილიალთა საშუალებით,

იანვრის თვის შემწეობების გაცემა დაიწყო. ამასთან, სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია დაგროვილი დავალიანების ეტაპობრივი გასტუმრების პირობასაც იძლევა.

ქუჩაში გამოსული ადამიანების აგრესიამ პიკს დევნილთა და განსახლების მინისტრის ეთერ ასტამიროვას ზუგდიდში სტუმრობის დროს მიაღწია. მინისტრმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობა, რომლისთვისაც დევნილებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული, პოლიციის დახმარებით დატოვა. მოგვიანებით იმავე ადამიანებმა, რომლებიც ხელისუფლებისგან შემწეობების დაუყოვნებლივ გაცემას ითხოვდნენ, პოლიციის რაიონული სამმართველოსა და რკინიგზის მუშაობის პარალიზებაც შეძლეს. თუმცა ზუგდიდის პოლიციის უფროსი კახა რაფავა ჩემთან საუბარში აცხადებს, რომ რკინიგზის გახსნა ძალის გამოყენების გარეშე მოხერხდა:

[კახა რაფავას ხმა] "რკინიგზის გადაკეტვის დროს პოლიცია გავიდა ადგილზე. ფაქტობრივად, ავუხსენით ვითარება. ვუთხარით, რომ ფული დარიგდებოდა ხვალისთვის. არ უნდოდათ დატოვება ამ ლიანდაგის, მაგრამ მათთან უშუალო კონტაქტისა და რამდენიმესაათიანი დიალოგის შემდეგ ეს ხალხი, როგორც იქნა, რელსებიდან გადავიდა და მატარებელი წავიდა თავისი მიმართულებით."

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დევნილთა და განსახლების მინისტრი ნინო თოდუა ლოგიკურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დევნილთა პროტესტმა მაინცდამაინც ზუგდიდის რაიონში იფეთქა. საქმე ის არის, რომ ზუგდიდში, თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტი - ორმოცდაჩვიდმეტი ათასი -დევნილი ცხოვრობს.

რაც შეეხება შემწეობის მოცულობას, საერთო საცხოვრებლებსა და სასტუმროებში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები სახელმწიფოსგან, შემწეობის სახით, თვეში 11 ლარს, კერძო სექტორში მცხოვრებნი კი 14 ლარს უნდა იღებდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, დევნილების აბსოლუტურ უმრავლესობას 4-5 თვეა მსგავსი დახმარება არ მიუღია. ხელისუფლება მათ დავალიანების ეტაპობრივ დაფარვას ჰპირდება:

[ნინო თოდუას ხმა] "იანვრის შემწეობის თანხა ჩატანილია სრულყოფილად, რომლის გაცემაც გუშინ უნდა დაწყებულიყო. რაც შეეხება თებერვლის შემწეობის თანხას, თებერვალთან ერთად ჩაირიცხება ნოემბრის შემწეობის თანხა და ორი თვე ერთდროულად გაიცემა. მარტის თვის შემწეობასთან ერთად დეკემბრის თანხაც გაიცემა და ამით სახელმწიფო დავალიანებას დაფარავს. ანუ 2004 წლის პირველ კვარტალში, როგორც დღევანდელი ხელისუფლება გვპირება, ეს დავალიანება დაიფარება." (სტილი დაცულია)




ნინო თოდუას ამ ნათქვამს დავამატებ, რომ გრაფიკის ზედმიწევნით დაცვაც კი პრობლემას სრულად ვერ მოხსნის, რამეთუ დევნილებისთვის განკუთვნილი თანხის ნაწილი მიტაცებულია, პროკურატურისა და პოლიციის გამომძიებელთა ვარაუდით,"საფოსტო ბანკის" თანამშრომლების მიერ. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება, დევნილთა სამინისტროს სახით, ამ ბანკის მესვეურებს აღარ ენდობა და იანვრის თვის შემწეობების გასაცემად საჭირო სამ მილიონ სამას ორმოცდაოთხ ლარს "სახალხო ბანკს" ურიცხავს.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი ბანკი მეორეს ჩაენაცვლა. ოფიციალური მონაცემებით, უახლოეს მომავალში დევნილთა და განსახლების სამინისტრო მომსახურე ბანკს კონკურსის წესით გამოავლენს.
XS
SM
MD
LG