Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრსა და აჭარის ავტონომიას შორის საბიუჯეტო გაუგებრობების გარკვევის პროცესი დაიწყო


აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკანასკნელ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ბათუმისა და თბილისის ურთიერთობაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებს მისცა ბიძგი.

ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე ხელისუფლების შენარჩუნებას როგორც რესპუბლიკის შიგნით, ასევე მის გარეთ არსებული საფრთხეების ნეიტრალიზებით ცდილობს. თუ იგი აჭარის ტერიტორიაზე ძალისმიერ მეთოდებს მიმართავს, ცენტრთან ურთიერთობისას პრიორიტეტი მოლაპარაკებასა და კომპრომისს ენიჭება.

აჭარის ხელისუფლება განსაკუთრებით შეაშფოთა არჩეული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ, საჭიროების შემთხვევაში, აჭარაში სპეცრაზმის გაგზავნის თაობაზე. ავტონომიის მეთაურის პრესმდივნის თამარ გუდავას განცხადებით, ასეთი განცხადებები უადგილოა მაშინ, როდესაც ბათუმი თბილისთან ყველა საკითხში თანამშრომლობს:

[თამარ გუდავას ხმა] "უბრალოდ, ეს არის წინასწარ კარების მტვრევა, რომელიც არაფრად არ სჭირდება არც ცენტრალურ ხელისუფლებას და არც რეგიონს. იმიტომ რომ მისი ხელმძღვანელი ყოველთვის მზად არის დიალოგის ფორმით მოძებნოს საერთო ენა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ უკვე მოძებნილია, მაგრამ რატომღაც ცენტრალური ხელისუფლება რეგიონის მისამართით ისევ მსგავს განცხადებებს აკეთებს."

ცენტრსა და აჭარას შორის ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დიალოგით მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, ავტონომიას 6 თვით კვლავ დარჩა საბიუჯეტო შეღავათები. შევარდნაძის მიერ 3 წლის წინ დაწესებული ეს შეღავათები აჭარაში აკრეფილი გადასახადების 50-დან 99 პროცენტამდეც კი ადგილობრივ ბიუჯეტში აკუმულირებას ითვალისწინებს. მისი ვადა 2003 წლის დეკემბერში უნდა ამოწურულიყო. ვადის გახანგრძლივების სანაცვლოდ, აჭარამ ცენტრალური ბიუჯეტისთვის განკუთვნილი თანხების გადმორიცხვა დაიწყო, რაც ბოლო 2 წლის მანძილზე არ გაუკეთებია.

22 იანვარს, დიალოგის დემონსტრირების მიზნით, თბილისს აჭარის დელეგაცია ესტუმრა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ძველი დავალიანების პრობლემის გასარკვევად სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართა.

როგორც ცნობილია, ბათუმი თბილისს 380 მილიონ ლარს ედავება, ხოლო თბილისი ბათუმისგან 130-140 მილიონს მოითხოვს. სამუშაო ჯგუფების შექმნასთან ერთად, მხარეები 28 იანვარს კიდევ ერთი შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ. ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ამავე შეხვედრაზე განიხილება ბათუმის საზღვაო პორტში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის კანონპროექტი და მისი ეკონომიკური დასაბუთება:

[ზურაბ ნორაიდელის ხმა] "ამის გარდა, იმავე დღეს იქნება ბათუმის პორტის განვითარების გეგმის განხილვა იქ შესაძლო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. შემდეგ დღის წესრიგის ყველა სხვა საკითხი იქნება, აი, ამ საბიუჯეტო საკითხების მოწესრიგების ირგვლივ."

როგორც ჩანს, ბათუმი თავისუფალი ეკონომიკური ზონის საკითხის გარკვევას ცენტრთან საბიუჯეტო თანამშრომლობას უკავშირებს და მის მიმართ კეთილად განწყობილი ბურჯანაძე-ჟვანიას გუნდისგან მაქსიმალური სარგებლის მოპოვებას ცდილობს. შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძემ და ჟვანიამ ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციამდე" საქართველოს პარლამენტში მხარი დაუჭირეს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ ასლან აბაშიძის ინიციატივას. არჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური პარტია კი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის, განცხადებით, ბათუმის მიმართ შეღავათები მომავალში აღარ გაგრძელდება:

[რომან გოცირიძის ხმა] "დარწმუნებული ვარ, რომ ამას ახალი პარლამენტი არ გაუგრძელებს, ისევე როგორც აბსურდია თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე ლაპარაკი. არასდროს თავისუფალი ეკონომიკური ზონა არ იქნება აჭარაში."

შეინარჩუნებს თუ არა ძალას ნოღაიდელსა და მთლიანად ჟვანიას გუნდთან ასლან აბაშიძის მიერ მიღწეული შეთანხმებები, ეს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG