Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლო შედეგები


1998 წლიდან 2001 წლამდე მოქალაქეთა კავშირში ძალაუფლების ხელახალი გადანაწილების მცდელობას მუდმივად თან ახლდა ერთი საჯარო ნიშანი - საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნა.

დღეს, ახალი ხელისუფლების პირობებში, ეს თემა ისევ აქტუალურია, თანაც, პრობლემურია ძველ კონტექსტში: პიროვნებებს შორის ძალაუფლების გადანაწილების კუთხით და, კიდევ მეტად - ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობის თვალსაზრისით.

რა მიზნის მიღწევას ცდილობდა ედუარდ შევარდნაძის შიდა ოპოზიცია, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვდა? პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღება პრეზიდენტს იძულებულს გახდიდა, თავისი ძალაუფლების ნაწილი დაეთმო, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას ქვეყნის მართვაში რეალურად ჩააბამდა.

კაბინეტის შექმნის იდეა იმ მიზანს ისახავდა, რომ ედუარდ შევარდნაძე იძულებული გაეხადათ, გუნდური პასუხისმგებლობის მექანიზმი აემოქმედებინა, ანუ დაენგრია სისტემა, როდესაც მინისტრები პასუხს აგებდნენ პრეზიდენტის წინაშე, პრეზიდენტი კი - ღმერთის წინაშე.

დღეს ვითარება იმგვარია, რომ მიხეილ სააკაშვილმა პირადად აიღო პასუხისმგებლობა ხელისუფლების შეცვლასა და სახელმწიფოს შენებაზე. ამის გამო საქართველოს მოსახლეობამ მას მხარიც დაუჭირა და საგანგებო ნდობაც გამოუცხადა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ პრეზიდენტი თავად დარჩეს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად, კონსტიტუცია არ შეიცვალოს და, შევარდნაძისგან განსხვავებით, სააკაშვილმა თავისი ქმედებების გამო პასუხი აგოს არა მხოლოდ ღმერთის, არამედ ხალხის წინაშეც. თუ კონსტიტუცია მაინც შეიცვლება და აღმასრულებელ ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, მოვლენები შეიძლება ორი სცენარით განვითარდეს: პირველი - მართვის რეალური ბერკეტები პრემიერ-მინისტრის ხელში გადავა და პრეზიდენტი დასუსტდება; მეორე - მართვის რეალური ბერკეტები პრეზიდენტის ხელში დარჩება და პრემიერ-მინისტრის პოსტი ჩამოყალიბდება უფუნქციო თანამდებობად, ამ პოსტზე დანიშნული ადამიანი კი განტევების ვაცად გადაიქცევა. გამოდის, საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის გარდუვალია მუდმივი ომი ძალაუფლების მეტი ნაწილის მისაკუთრებისთვის.

თუ ახალი ხელუფლება თავიდანვე გეგმავდა პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებას, მაშინ როლები სხვაგვარად უნდა გადანაწილებულიყო: ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა წარედგინათ, მიხეილ სააკაშვილი - პრემიერ-მინისტრად, ზურაბ ჟვანია - პარლამენტის თავმჯდომარედ. დღეს, რაკი პრეზიდენტად უალტერნატივოდ და ძალიან მაღალი პროცენტით მიხეილ სააკაშვილია არჩეული, ეს ფაქტი უკვე გამორიცხავს ქვეყანაში ძლიერი პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის არსებობას. ამიტომ ამჟამად ჩამოყალიბებული პოლიტიკური მომენტის გაგრძელება შეიძლება იყოს ორგვარი: პირველი - სააკაშვილი და ჟვანია ჯერ პარლამენტის დასასუსტებლად გაერთიანდებიან, შემდეგ კი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ორხელისუფლებიანობის აღსაკვეთად. სხვაგვარი გაგრძელება კი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი მაინც უარს იტყვის საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ჟვანიას სახელმწიფო მინისტრად დანიშნავს და პარლამენტს გააძლიერებს. ახლა სააკაშვილზეა დამოკიდებული, ვის აირჩევს სტრატეგიულ პარტნიორად: ბურჯანაძეს თუ ჟვანიას. ინსტიტუციურად, ძლიერი პრეზიდენტის პირობებში ქვეყნისთვის საჭიროა პირადად მისდამი დაქვემდებარებული მთავრობა და ძლიერი პარლამენტი. შესაბამისად, თუ პიროვნებებით ვიმსჯელებთ, ქვეყნისთვის სასარგებლოა სამეულს შორის სააკაშვილისა და ბურჯანაძის შეკავშირება; ხოლო სააკაშვილისა და ჟვანიას გაერთიანება ბურჯანაძის წინააღმდეგ, უბრალოდ, საშიშია.

თუ სააკაშვილი პარლამენტის გაძლიერების რაციონალურ სცენარს აირჩევს (რისი ნიშნებიც არ ჩანს), აუცილებელი იქნება კიდევ ერთი ენერგიული ნაბიჯის გადადგმა: პრეზიდენტმა უარი უნდა თქვას პარტიის თავმჯდომარეობაზე, რათა, შევარდნაძის მსგავსად, თვითონ არ აღმოჩნდეს საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური ლიდერიც და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელიც. თორემ გამოვა, რომ ნაციონალური მოძრაობა, უბრალოდ, ჩაანაცვლებს მოქალაქეთა კავშირს და დროთა განმავლობაში მის მსგავსად დაჭაობდება.

თუ ახალ პრეზიდენტს ეყოფა ძალა, გადადგას სწორი ნაბიჯები, კერძოდ, არ შეცვალოს კონსტიტუცია, გააძლიეროს პარლამენტი და დატოვოს პარტიის თავმჯდომარის პოსტი, "ვარდების რევოლუციის" დადებითი შედეგი მალე გამოჩნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელისუფლო სამეულში გაგრძელდება შიდა ბრძოლის და ინტრიგების, ესე იგი, "ორღობის" პოლიტიკა, რაც ახალ ხელისუფლებას წარმოუდგენლად სწრაფად დააბერებს.
XS
SM
MD
LG