Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სტუმრობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თბილისში დაიწყო მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეგიონალური დირექტორის დონა სოუსეტ-ქოიროლოს სამუშაო ვიზიტი, რომელმაც ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან

საქართველოში პროგრამების გაგრძელების სტატეგიული მიმართულებები უნდა განსაზღვროს. მსოფლიო ბანკი, ისევე როგორც სხვა დონორი ორგანიზაციები, ახალი ქართული ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კონსტრუქციულია, რაც მთავრობას ახალი პროგრამების დაფინანსების იმედს აძლევს.

ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბულობა ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, მოხსნილია. აშშ-ის ადმინისტრაციისა და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან რევოლუციის შემდეგ მოსული მთავრობის მიმართ გამოჩენილი კეთილგანწყობის შემდეგ ესტაფეტას, როგორც ჩანს, საფინანსო ინსტიტუტები იბარებენ. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის დონა დოუსეტ-ქოიროლოს 21 იანვარს დაწყებული ვიზიტი ამის საფუძველს აძლევს აღმასრულებელ ხელისუფლებას.
რეგინალური დირექტორი ეკონომიკურ ბლოკთან და ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე ახლო მომავალში დახმარების სტრატეგიულ საკითხებს განიხილავს. ვაშინგტონელი სტუმრების კომენტარი, ტრადიციულად, თავშეკავებული და მწირია, თუმცა კეთილგანწყობის მუხტი მათ შეფასებებში მაინც გამოკვეთილი იყო.
დონა დოუსეტ-ქოიროლოს ინფორმაციით, ამჟამინდელი ვიზიტის ძირითადი მიზანია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განხილვა და მომავალი საფინანსო დახმარების გამოყოფისათვის ნიადაგის მომზადება:

[ქოიროლოს ხმა] "მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯეიმს ვულფენსონმა საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერა აღუთქვა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოში გადასახადების აკრეფის ტემპი გაუმჯობესდება და მთავრობა ქონების დატაცებისა და კორუფციის აღმოფხვრისათვის საჭირო ნაბიჯების გადადგმას შეძლებს."

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის მისია, ვიზიტის შედეგების გათვალისწინებით, მოამზადებს მომავალი ,,სტრატეგიული მიმართულებების" პაკეტს, რომელშიც ასახული იქნება მსოფლიო ბანკის პოზიცია ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. უპირველესად, აუცილებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა, რომელიც საშუალებას მისცემს მსოფლიო ბანკს კიდევ უფრო გაზარდოს საფინანსო მხარდაჭერის მოცულობა.

ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის სტრუქტურული გარდაქმნის კრედიტის მიღება, რომელიც ფისკალური სექტორისთვისაა გამიზნული. სტრუქტურული განვითარების მეოთხე კრედიტი (საკი-4), დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოსათვის 60 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც 3 ტრანშად განაწილდება. პირველი ტრანში 20 მილიონის ოდენობისაა.
დღემდე მსოფლიო ბანკმა საქართველოს, ფინანსური დახმარების სახით, 34 პროექტის დასაფინანსებლად 725,2 მლნ აშშ დოლარი გამოუყო. აქედან უკვე დახურულ 16 პროექტს 423,5 მლნ აშშ დოლარი მოხმარდა. ამჟამად ხორციელდება 18 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება 301,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG