Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საეთერო მაუწყებლობის კონკურსი გამარჯვებულს დღეს გამოავლენს


საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 23 იანვარს, 12 საათზე, გამართავს საჯარო სხდომას, რომელიც საეთერო მაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებულს გამოავლენს.

კონკურსში ორი კომპანია მონაწილეობს - "ტექნო-მედია" და "რუსთავი-2". ისინი ერთმანეთს საქართველოს მასშტაბით სარელეო ხაზებით მაუწყებლობის სიხშირეების პაკეტს ეცილებიან. გამარჯვებული ამ სიხშირეებზე მაუწყებლობის ლიცენზიას 10 წლის ვადით, შემდგომში მაუწყებლობის გაგრძელების უფლებით მიიღებს.

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საეთერო მაუწყებლობის კონკურსი ეგრეთ წოდებულ "ორტ-ს" სიხშირეებზე გასული წლის აგვისტოში გამოაცხადა. "ტექნო-მედიამ" განაცხადი საკონკურსო ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე შეიტანა. ამით "რუსთავი-2"- ის, როგორც უკონკურენტო ტელევიზიის, შანსები საგრძნობლად შესუსტდა, ყოველ შემთხვევაში, მაშინ, ანუ გასული წლის 24 ოქტომბერს, როცა კომისიას გამარჯვებული უნდა დაესახელებინა. იმ დღეს სხდომა შეწყდა და მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. თავისი ქმედება ვახტანგ აბაშიძემ მასზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლით ახსნა. მისი თქმით, პოლიტიკური შანტაჟის გამო, კომისიას ობიექტური გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ ეძლეოდა.

[დავით პატარაიას ხმა] "რუსთავი-2"-ის საწინააღმდეგოდ რომ ხდებოდა ეს, ფაქტია. სხვადასხვა მექანიზმების მოთხოვნებით იყო ეს, რომ გადადება, სიტყვაზე, ვთქვათ, ან არ შედგეს, ან, ვთქვათ, გაამარჯვებინეთ, ასე ვთქვათ, მეორე მხარეს და, ნუ, სხვადასხვა პირების მიერ ხდებოდა ეს ზეწოლა. ნუ, ცხადია, ეხლა არაფერი მანდ დასამალი არ არის, სახელისუფლებო ბლოკის მხრიდან იყო ეს ზეწოლა. ჩვენ, კანონიდან გამომდინარე, გვაქვს უფლება, რომ, ასე ვთქვათ, დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა არასათანადო ზეწოლისაგან და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მაშინ სხდომა დაიწყო, შეჩერდა, უბრალოდ, სხდომა, გამოვაცხადეთ შესვენება და, ასე ვთქვათ, შემდეგში, ანუ ახლა, გრძელდება პრაქტიკულად ის დაწყებული სხდომა. ეს არის სამართლებრივი რეალობა."(სტილი დაცულია)

სამართლებრივი რეალობა, რომელზეც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი დავით პატარაია საუბრობდა, გადაწყვეტილების მიღებას სამი სავალდებულო ასპექტის მიხედვით გულისხმობს: ტექნიკური ასპექტი კონკურსანტის სამაუწყებლო ტექნოლოგიების ხარისხსა და ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებთან შესაბამისობას აფასებს; ფინანსური ასპექტი - ბიზნეს-გეგმასა და საინვესტიციო ვალდებულებების ოდენობას; ხოლო პროგრამირების ასპექტი - საზოგადოებრივ აზრს და ადგილობრივი წარმოების ოდენობას.

[დავით პატარაიას ხმა] "ვთქვათ, ერთ კონკურსში გაიმარჯვა ერთმა, ერთ, ასე ვთქვათ, ასპექტში. მეორე ასპექტში - მეორემ და შესაბამისი ქულების რაოდენობაა. აი, ტექნიკურში არის ერთი ქულა, ფინანსურში - 2 ქულა და პროგრამირებაში - 3 ქულა. და შემდეგ, საბოლოო ჯამში, თუ ქულების რაოდენობა თანაბარი იქნება ორივე კონკურსანტის, უკვე მერე ჩაერთვება, ასე ვთქვათ, კომერციული კონკურსის საკანონმდებლო ბაზა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ დაიწყება აუქციონი: ვინც მეტ ფულს გადაიხდის, ის მოიგებს კონკურსს."(სტილი დაცულია)

კონკურსში მონაწილე კომპანიები - "ტექნო-მედია", იგივე "იმედი", და "რუსთავი-2" - ამჟამად ქვეყნის ტერიტორიას სატელიტის მეშვეობით მოიცავენ და, შეიძლება ითქვას, არასრულად. სიხშირეების საკონკურსო პაკეტი, თავის მხრივ, არის სიხშირეთა ნაკრები საქართველოს ქალაქებსა და ზონებში. მას შემდეგ, რაც ორტ-მ, ანუ რუსეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ, საქართველოში მაუწყებლობა შეწყვიტა, ეს სიხშირეები გამოთავისუფლებულად ითვლება. კარგადაა ცნობილი ამ პაკეტით" რუსთავი-2"-ის დიდი დაინტერესებისა და ასევე დიდი პრეტენზიების შესახებაც. მართალია, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აპოლიტიკური ორგანიზაციაა და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს, ქვეყანაში შექმნილი რეალობის შესაბამისად, ამჯერად უკვე "ტექნო-მედიის" გამარჯვებაა საეჭვო.
XS
SM
MD
LG