Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა როგორ ეხმაურება უცხოეთის პრესა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?

როგორც გაზეთი "მოსკოუ ტაიმსი" აღნიშნავს, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ აღიარებს რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში და იმავდროულად მკვახე ტონით მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს - "ანგარიში გაუწიოს რეალობას". გაზეთი წერს:

"კრემლის პოლიტიკა საქართველოს ახალი ლიდერებისადმი - წინააღმდეგობრივია. იმ დროს, როცა თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი კატეგორიულ უარს ამბობს თბილისის მოთხოვნაზე საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილი რუსეთის ორი სამხედრო ბაზის დახურვის შესახებ, უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ნიკოლაი პატრუშევმა, ოთხშაბათს, მოსკოვში, თავის ქართველ კოლეგასთან ერთად კორესპონდენტებთან შეხვედრისას, საქართველოს მიერ ძებნილი კრიმინალის ექსტრადიციის შესახებ განაცხადა. მას შემდეგ, რაც გასულ ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე იძულებული გახდა გადამდგარიყო, შეიქმნა კარგი შესაძლებლობა ურთიერთობათა გაუმჯობესებისა საქართველო-რუსეთს შორის. საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ანგარიში უნდა გაეწიოს რუსეთის ინტერესებს. რუსეთმა, თავის მხრივ არ უნდა დააყოვნოს საქართველოს ტერიტორიიდან თავისი 2 სამხედრო ბაზის გატანა, უნდა გააუქმოს საქართველოსთან მიმართებაში სავიზო რეჟიმი და გააფართოვოს ეკონომიკური კავშირები თბილისთან."

გაზეთ "ვრემია ნოვოსტეის" 21 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია რუსეთში შეერთებული შტატების ელჩის ალექსანდერ ვერშბოუს ინტერვიუ, რომელიც ამერიკა-რუსეთის დღევანდელ ურთიერთობას ეხება. სხვა საკითხებთან ერთად, ალექსანდერ ვერშბოუმ თავის ინტერვიუში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაც მოიხსენია. შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა:

"ვფიქრობ სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რომელიც მოსკოვში ჩადის, ხოლო კვირას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად კურთხევის ცერემონიას დაესწრება თბილისში, შეეცდება დაარწმუნოს საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმაში, რომ შეერთებული შტატები ანგარიშს უწევს რუსეთის ინტერესებს საქართველოში და სულაც არ ცდილობს რუსეთის განდევნას კავკასიიდან. მეორეს მხრივ, ჩვენ ანგარიშს ვუწევთ საქართველოს ინტერესებსაც. შეერთებული შტატების მოქმედებამ საქართველოში ეჭვები აღძრა მოსკოვში, ხოლო ფაქტობრივად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ფინანსური დახმარების საკითხი, თუ რუსეთი მზადაა შეასრულოს ეუთოს სამიტზე სტამბოლში 1999 წელს ნაკისრი ვალდებულება საქართველოში შემორჩენილი თავისი ორი სამხედრო ბაზის გატანის შესახებ. უცხო ჯარი არ უნდა რჩებოდეს სახელმწიფოში ამ ქვეყნის მთავრობის თანხმობის გარეშე".

სტატია, რომლითაც პრესის მიმოხილვას გავაგრძელებთ, ბელორუსიას ეძღვნება, მაგრამ საქართველო მასშიც არის ნახსენები. სტატია მოსკოვის გაზეთ "კომერსანტში" დაიბეჭდა. მასში ვკითხულობთ:

"ცივილიზებული პოლიტიკური სისტემის მქონე სახელმწიფოებში ერთიანი ოპოზიცია არ არსებობს. ის, მხოლოდ დიქტატურასთან საბრძოლველადაა საჭირო. ასე გაერთიანდნენ 1988 წელს ჩილეში გენერალ პინოჩეტის ოპონენტები და არჩევნებში გაიმარჯვეს კიდეც... ასე დაივიწყეს უთანხმოება მეოცე საუკუნის მიწურულს სერბმა პოლიტიკოსებმა და მილოშევიჩი დაამხეს. დაბოლოს, ედუარდ შევარდნაძის ოპონენტებმა, ერთიანი ოპოზიციური ბლოკის მეშვეობით, საქართველოში რეჟიმის შეცვლა შესძლეს. ამგვარი ისტორიული მეზობლობა არა მარტო დისკომფორტს უქმნის ალექსანდრ ლუკაშენკოს - ის ცხადჰყოფს, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები ბელორუსიაში".
XS
SM
MD
LG