Accessibility links

logo-print

გუანტანამოში დაპატიმრებული ბრიტანელი მამა თავისი ვაჟის გათავისუფლებას მოითხოვს


ანდრო ეული, პრაღა ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი უცხოელების გამწესება დაიწყო გუანტანამოს ყურეში მდებარე თავის სამხედრო ბაზაზე, კუბაში.

და აი, ამ დღეებში ბრიტანეთში შეიქმნა ახალი ჯგუფი, რომელიც გუანტანამოში დაკავებული ევროპელი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვს.

აზმათ ბეგი თავის ვაჟს უკანასკნელად მაშინ ესაუბრა, როცა მოაზამმა მას მობილური ტელეფონით დაურეკა სატვირთო მანქანის ძარიდან. ინგლისის ქალაქ ბირმინგემის მკვიდრი მოაზამი ისლამაბადში დააპატიმრა ახლახან ორმა ამერიკელმა ოფიცერმა. [აზმათ ბეგის ხმა]: "მათ ხელფერი შეუკრეს მოაზამს, ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და რამდენიმე მეზობლის თვალწინ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ტელეფონმა დარეკა, არ ვიცი, როგორ მოახერხა მან მანქანიდან დარეკვა, როგორც ჩანს, საბარგულიდან, და მითხრა, რომ ორ ამერიკელსა და ორ პაკისტანელ ჯარისკაცს მიჰყავთ იგი სადღაც. და მან მითხრა, რომ დავუკავშირდე ისლამაბადში მყოფ მის მეუღლეს, ოჯახს მივხედო, და რომ იგი გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ."

როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, მოაზამი 2001 წელს გაემგზავრა ავღანეთში, რათა თავის მეუღლესთან ერთად იქ სკოლა დაეარსებინა. მაგრამ, შვილებთან ერთად, ცოლ-ქმარი პაკისტანში გადასახლდა მას შემდეგ, რაც იმავე წელს შეერთებული შტატების თაოსნობით ავღანეთში ანტიტერორისტული ომი დაიწყო.

მოაზამის მამა ამბობს, რომ წარმოდგენა არა აქვს, რა ბრალდებები წაუყენეს მის ვაჟს, რომელმაც მას შემდეგ ამერიკელთა პატიმრობაში ორი წელი დაჰყო - ჯერ ავღანეთში იყო, ხოლო სულ ახლახან კუბაში, გუანტანამოს სამხედრო ბაბაზე გადაიყვანეს. მოაზამთან ერთად ტერორიზმში ეჭვმიტანილი კიდევ 8 ბრიტანელია დაპატიმრებული გუანტანამოში; სულ იქ ტერორიზმში ეჭვმიტანილ 660-მდე უცხოელს აკავებენ.

ამ ადამიანებს შეერთებული შტატები მტრის მებრძოლებად მიიჩნევს, და არა ომის ტყვეებად, და ამდენად, გუანტანამოში დაკავებული უცხოელები ნაკლები უფლებებით სარგებლობენ, ვიდრე ომის ტყვეები, და რაც მთავარია, ეს უფლებას აძლევს შეერთებულ შტატებს, ოფიციალური ბრალდების გარეშე ჰყავდეს დაპატიმრებული ხსენებული პირები.

შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთგზის განცხადეს, რომ პატიმრებს გუანტანამოში ჰუმანურად ეპყრობიან. ხოლო აზმათ ბეგი აცხადებს, რომ მის შვილს უდიერად ექცევიან ციხეში და სხვა ბრიტანელი პატიმრების ოჯახებთან ერთად მოითხოვს, რომ ეს ცხრა ბრიტანელი მოქალაქე სამშობლოში დააბრუნონ და იქ გაასამართლონ.

მიმდინარე კვირის დამდეგს ამ ადამიანებმა, თავიანთ ვექილებთან და მომხრეებთან ერთად დააარსეს "გუანტანამოს ადამიანის უფლებათა კომისია", რომელსაც და-ძმა კორინები და ცნობილი მსახიობი ვანესა რედგრეივი ხელმძღვანელობენ. კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა მოხდეს გუანტანამოში დაპატიმრებული ყველა ევროპელის რეპატრიაცია.

როგორც აზმათ ბეგმა განცხადა, ბრიტანელი პატიმრების ოჯახები იგივე უფლებებს მოითხოვენ თავიანთი შვილებისთვის, რაც მისცეს ამერიკელ ჯონ უოკერ ლინდს, რომელიც თალიბების მხარეზე იბრძოდა ავღანეთში, და შეერთებულ შტატებში წარდგა სასამართლოს წინაშე [აზმათ ბეგის ხმა]: "რატომ არ უნდა იქნეს გადაყვანილი ჩემი ვაჟი ინგლისში, ან რატომ არ უნდა ისარგებლოს იმავე უფლებებით? ამისთვის ვიბრძვი, რომ მას მისცენ ბრიტანეთში ჩამოსვლის უფლება. და თუ ციხეში ჩასვამენ, ეს მე არ მადარდებს. მას უნდა მისცენ მეუღლესა და ვექილებთან შეხვედრის უფლება, შემდეგ მან უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, და თუ ჯანმრთელია უნდა გაასამართლონ, რაღა თქმა უნდა. თუ მას დანაშაული მიუძღვის, უნდა დაისაჯოს, ხოლო თუ უდანაშაულოა, რატომღა ჰყავდათ დაკავებული ორი წლის განმავლობაში, რაც ნორმალურ პატიმრობაში გატარებული 20 წლის ტოლფასია?"

ბრიტანეთში დაარსებულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ სულ მალე შეერთებულ შტატებში გაგზავნის დელეგაციას, რათა მოხდეს გუანტანამოში დაკავებული ბრიტანელების რეპატრიაცია. ამ თვის დასაწყისში, შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გუანტანამოში დაპატიმრებული ცხრა ბრიტანელიდან შვიდი, შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს, თუ ბრიტანეთის მთავრობა მათს გასამართლებას ივალდებულებს.

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, სულ მალე მთავრობა მიიღებს რეზოლუციას მოთხოვნით, რომ გუანტანამოში დაპატიმრებული ბრიტანელი მოქალაქეები შეერთებულ შტატებში გაასამართლონ, ან დაუყოვნებლივ დააბრუნონ სამშობლოში.
XS
SM
MD
LG