Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 523-ე გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" 523-ე გამოშვებას. დღეს შევეცდებით დავადგინოთ, რას ელის საზოგადოება პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლისგან; ვლადიმირ ლენინის გარდაცვალების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით ვისაუბრებთ ამ პიროვნების რეალური პორტრეტის ზოგიერთ შტრიხზე; გიამბობთ თბილისის განათლების სისტემის განვითარების ახალ პროგრამაზე; შემოგთავაზებთ მასალას პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო კინოფორუმზე, რომელზეც ქართული ფილმებიც არის წარმოდგენილი. რადიოჟურნალის ბოლოს კი ვარსკვლავებს გავიხსენებთ პოლონელ მომღერალსა და მუსიკოსს ჩესლავ ნიემენს, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინათ გარდაიცვალა. "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

რას ელის საზოგადოება პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლისგან

დავით კაკაბაძე:
23 იანვარს რუსთაველის გამზირზე პრეზიდენტის ინაუგურაციის რეპეტიციები დაიწყო. "მოკრძალებული, მაგრამ შთამბეჭდავი" - რეჟისორების განმარტებით, სწორედ ასეთი იქნება 25 იანვრისთვის დანიშნული ინაუგურაცია. გავრცელებული ცნობებით, თბილისიდან პირდაპირი რეპორტაჟები იგეგმება არა მხოლოდ საქართველოს ტელეკომპანიების, არამედ უცხოეთის რამდენიმე ტელეკომპანიის მიერაც. ანუ, 25 იანვარს თბილისი ისევ ყურადღების ცენტრში მოექცევა. მოუსმინეთ თამარ ჩიქოვანს.

თამარ ჩიქოვანი:
25 იანვრისთვის დაგეგმილი ინაუგურაციისადმი ყურადღება საქართველოში, მართლაც, ძალიან დიდია. გარდა იმისა, რომ საზოგადოებას ინაუგურაციის "ესთეტიკური მხარე" აინტერესებს, არანაკლები მოლოდინია იმასთან დაკავშირებით, თუ რას ეტყვის საზოგადოებას თავის საპროგრამო გამოსვლაში საქართველოს ახალი პრეზიდენტი.

სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია საპროგრამო სიტყვაში ორ კითხვაზე ელის პასუხს - რას აპირებს ახალი ხელისუფლება და როგორ აპირებს დაგეგმილის მიღწევას:

[ემზარ ჯგერენაიას ხმა] "არსებითად, ორ მნიშვნელოვან კითხვაზე უნდა იყოს პასუხი - რა გაკეთდება და როგორ გაკეთდება. დღეს ჩვენ ტელევიზიით ვხედავთ ფრაგმენტებს ხელისუფლების მოქმედებისა - ეს არის დაპატიმრებები და ა.შ. - მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩანს კონცეპტუალურად, საითკენ მივდივართ და როგორ მოხდება ეს ყველაფერი."

სამხრეთი კავკასიის ქვეყნების ექსპერტის ივლიანე ხაინდრავას აზრით, პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლაში აუცილებლად უნდა იყოს გამოკვეთილი ახალი ხელისუფლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] "თვითონ განსაზღვრება - საპროგრამო სიტყვა - თავისთავად მეტყველებს, რას უნდა ველოდეთ. ალბათ, ეს არ უნდა იყოს სამსაათიანი სიტყვა, მაგრამ ძირითადი მიმართულებები ახალი ხელისუფლებისა უნდა იყოს ჩამოყალიბებული ძალიან მკაფიო მესიჯების სახით. პირადად მე რასაც ველი განსაკუთრებულად, ეს არის ძალიან მოზომილი, ძალიან ზუსტი და ძალიან მკაფიო მესიჯი სოხუმის მიმართულებით."

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის გიორგი ანჩაბაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს ხანში არ უნდა ველოდეთ საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით "გარღვევას" , სასარგებლო იქნება, თუ პრეზიდენტის საპროგრამო სიტყვაში ითქმება, როგორ მოგვარდება ეს დაკონსერვებული კონფლიქტები:

[გიორგი ანჩაბაძის ხმა] "კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი ხაზს გაუსვამდა იმას, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები უნდა გადაიჭრას მხოლოდ პოლიტიკური გზებით. ასეთი განცხადება, ჩემი აზრით, კარგ ფონს შექმნიდა იმისათვის, რომ ახალმა ხელისუფლებამ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს მოლაპარაკება აფხაზეთისა და ოსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან."

რეზო მაღლაფერიძე, რომელიც დღეს ერთ-ერთ დაწესებულებაში მცველად მუშაობს, მანამდე კი მეფუტკრეობით იყო დაკავებული, ამბობს, რომ ახალი პრეზიდენტისგან რადიკალურ ცვლილებებს ელის:

[რეზო მაღლაფერიძის ხმა] "მინდა, ეს ხალხი, ქვეყანა ვნახო გახარებული, ფეხზე დამდგარი, ძლიერი ყველანაირად - სულიერადაც, ხორციელადაც, და ეკონომიკურად გაძლიერებული. აი, ეს მინდა მე, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა, პირველ რიგში, ამაზე იფიქროს. და მიხედოს - ღმერთმა მაპატიოს - ამ ნაძირალა ხალხს, რომლებმაც ქვეყანა შეჭამეს და დღესაც არ ფიქრობენ, ხალხისთვის რაიმე გააკეთონ."

"გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის" - ასეთი დევიზით მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია. ბრძოლა კორუფციასთან, ხელფასებისა და პენსიების მომატება, მცირე ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლება, ქვეყანაში წესრიგის დამყარება - ზოგადად, ასეთი გახლდათ პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის დაპირებები. საზოგადოება ელის იმის განმარტებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან, როდის და როგორ გაიმართება გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ვლადიმერ ლენინი - 1870-1924-2004

დავით კაკაბაძე:
"მილიონები განიცდიდნენ საშინელ ტკივილს, აკვანში ჩვილიც გულამოსკვნით ტიროდა მწარედ" - მივიწყებული ქართველი პოეტის სანდრო ეულის ეს სტრიქონები ლენინის სიკვდილზეა დაწერილი. ამ მოვლენის, ანუ 1924 წლის 21 იანვრის შემდეგ 80 წელი გავიდა. ლენინის სიკვდილს საქართველოში პოეტები კიდევ დიდხანს დასტიროდნენ. მაგრამ დავით პაიჭაძე შეგახსენებთ არა მხოლოდ საბჭოთა მგოსანთა გლოვას, არამედ თანამედროვეთა შეფასებებსა და თვითონ ლენინის რამდენიმე ციტატას, რათა აღადგინოს ამ პიროვნების რეალური პორტრეტის ზოგიერთი შტრიხი.

დავით პაიჭაძე:
საბჭოთა პერიოდში ლენინის მითოლოგიზებული ფიგურა იმპერიის დაშლისას ისტორიკოსების, ფილოსოფოსების, მწერლებისა და ჟურნალისტების მიერ თითქმის მთლიანად იყო დამიწებული. ეგ არის, ლენინისთვის ღმერთკაცის შარავანდედის ჩამოცლა საქართველოში ცოტამ თუ შენიშნა: ქართველებს ლენინი არასოდეს მიაჩნდათ საკუთარი ისტორიის ნაწილად; ის არ იყო პიროვნება, ვისი საქმეებიც პოლემიკისა და ნაირგვარი ინტერპრეტაციის საგანი გახდებოდა საქართველოში. შესაბამისად, ცოტას თუ აინტერესებდა ხელისუფლების რეალური ისტორია მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის რუსეთის იმპერიაში.

ცნობილი ამერიკელი მკვლევარი რიჩარდ პაიპსი წერს, რომ ლენინის რევოლუციური ვნების სათავე არა ღარიბთა თანაგრძნობაში, არამედ სიძულვილში უნდა ვეძიოთ. ლენინი სიძულვილით განიმსჭვალა როგორც მეფის რეჟიმის, ისე იმდროინდელი "ბურჟუაზიის" მიმართ, რადგან პირველმა ლენინის ძმა, ტერორისტობის გამო, სიკვდილით დასაჯა, ხოლო საზოგადოებამ ამ მიზეზით მოიკვეთა ლენინის ოჯახი.

პროლეტარიატის დიქტატურის იდეოლოგს, ლენინს, მისი შთამაგონებელი მარქსიზმის საწინააღმდეგოდ მიაჩნდა, რომ მუშათა კლასი თავისთავად არ ამბოხდებოდა, თუ რევოლუციურ განწყობას მასში ინტელექტუალები, პროფესიონალი რევოლუციონერები არ შეიტანდნენ. მართლაც, ლენინური პარტიის ხელმძღვანელთა შორის მუშა მხოლოდ ერთი იყო და ისიც პოლიციის ჯაშუში აღმოჩნდა.

ლენინს არასოდეს აფიქრებდა იმ ფულის წარმომავლობა, რომელსაც თავის მიზნებს ახმარდა. რიჩარდ პაიპსი წიგნში "კომუნიზმი" აღნიშნავს, რომ 1917 წლიდან წელიწადნახევრის განმავლობაში ლენინს გერმანიის ხელისუფლება ინახავდა. როცა 917-ის ნოემბერში ბოლშევიკების პარტიამ ერთი გასროლის გარეშე აიღო ხელისუფლება, მისი ოპონენტები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ერთპარტიული დიქტატურა დიდხანს არ გასტანდა და ადგილს მალე დაუთმობდა სოციალისტურ პარტიათა კოალიციას. მოხდა ისე, რომ ბოლშევიკები ხელისუფლებაში 74 წელიწადს დარჩნენ. კომუნიზმი რუსეთში მოვიდა არა სახალხო აჯანყების შედეგად, არამედ ქვეყანას ის თავს მოახვია ერთმა მუჭა უმცირესობამ. სხვათა შორის, უმცირესობის მმართველობაზე თვით ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი თავად ლენინი ლაპარაკობდა:

[ლენინის ხმა] იხ. აუდიოვერსია

ძალიან საგულისხმოა ბოლშევიკთა ლიდერის წერილები თუ ბრძანებები სამოქალაქო ომის პერიოდში. ასე მაგალითად, 1918-ის ნოემბერში ზინოვიევს ის სწერდა: "ცეკაში მხოლოდ დღეს შევიტყვეთ, რომ პეტროგრადში მუშებს სურთ, ვოლოდარსკის მკვლელობას მასობრივი ტერორით უპასუხონ და თქვენ კი ისინი შეაკავეთ. პროტესტს ვაცხადებ! ასე სახელს გავიტეხთ. საჭიროა, წაახალისოთ ტერორის ენერგია და მასობრიობა". სარატოვში კი ასეთ დეპეშას გზავნიდა: "დახვრიტეთ, ნურაფერს იკითხავთ და არ დაუშვათ იდიოტური კირკიტი".

საგულისხმოა ლენინის ცოდნა სახელმწიფოს მართვის მიღმაც. 1919 წლის 26 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში ლენინი წერს: "შეატყობინეთ კვების სამეცნიერო ინსტიტუტს, რომ სამი თვის შემდეგ მათ უნდა წარმოადგინონ ზუსტი და სრული მონაცემები ნახერხიდან შაქრის მიღების საქმეში პრაქტიკული წარმატებების შესახებ".

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრმა "ვციომა"-მ ჩაატარა კვლევა ლენინისადმი რუსეთის მოქალაქეთა დამოკიდებულების დასადგენად. სოციოლოგი ალექსეი ლევინსონი ამბობს, რომ ლენინი ნიშნეულ ფიგურად რჩება რუსეთის ისტორიაში, მაგრამ ინტერესი მის მიმართ შენელდა. რუსები ლენინს იხსენიებენ ყველა დროისა და ხალხის უდიდეს ადამიანთა შორის, პეტრე პირველსა და ალექსანდრ პუშკინთან ერთად. ამ ფიგურების აქტუალობა დიდი არ არის. ისინი უფრო ნაციონალური სიმბოლოებია - კულტურული, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი სიმბოლოები.

ჩვენი თხრობა დავიწყეთ ქართველი პოეტის სტრიქონებით და დავასრულებთ კიდევ ერთი ციტატით. ამჯერად ირაკლი აბაშიძის ლექსიდან "21 იანვარი":

ამ დღეს ქვეყანა
კვლავ იხსენებს სევდიან ამბავს,
გამარჯვებული,

გმირულ ხალხის მამულ-დედული;
ამ დღეს ჩინეთის
ომგადახდილ თოვლიან მთა-ბარს
საყვარელ ლენინს
მოაგონებს მაო ძე-დუნი.

ამ დღეს გმირული
კიმ ირ-სენის მამული მთელი,
მტრის ცეცხლის ალით
გადამწვარი, ფერფლად ქცეული,
სანგრების წყალში
მოიგონებს ვლადიმერ ლენინს…
სალუტის ბათქით
გაანათებს ზეცას სეული.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

თბილისის განათლების სისტემის განვითარების ახალი პროგრამა

დავით კაკაბაძე:
თბილისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, განათლების კურატორ გია მურღულიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით შემუშავებულ იქნა პროგრამა სახელწოდებით: "ქალაქ თბილისის განათლების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები". ამ პროექტის მოსამზადებელი ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობდენენ განათლების პოლიტიკისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტისა და თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებათა ექსპერტები. გიორგი კაკაბაძე ესაუბრა პროექტის ხელმძღვანელს გია მურღულიას.

გიორგი კაკაბაძე:
თბილისის განათლების სისტემისთვის განკუთვნილი პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: განათლების პოლიტიკა, განათლების სისტემის მართვა, განათლების ხარისხის მართვა, კადრები განათლების სისტემაში, საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამები, და ბოლოს, განათლების სისტემა და საზოგადოება.

განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით, გია მურღულია ამბობს, რომ დღესდღეობით განათლების სისტემაში არსებით გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, იღებენ ვიწრო წრეში, პროფესიული და ფართო საზოგადოებრივი წარმომადგენლობის გარეშე.

[გია მურღულიას ხმა] "ამიტომ პირველი სერიოზული მიმართულება, რაზედაც ჩვენ ვიფიქრეთ, - ეს არის განათლების სადედაქალაქო პოლიტიკის ჩამოყალიბების შესაბამისი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას და შემდეგ ჩართულობასაც."

პრობლემებია განათლების სისტემის მართვაშიც. საკამარისია ითქვას, რომ თბილისში ფუნქციონირებს ორი სამასახური, რომელთაგან ერთი განათლების სამინისტროს ეკუთვნის, მეორე კი, - განათლების მეურნეობის საქალაქო სამსახური, - თბილისის ხელმძღვანელობის დაქვემდებარებაშია. ბუნებრივია, რომ ამ ორი სამსახურის ფუნქციებში გარკვეული პარალელიზმი არსებობს.

ახალი პროგრამის მიხედვით, ჩამოყალიბდება ერთიანი, ძლიერი საქალაქო სამსახური, რომელიც სადედაქალაქო დანიშნულებისა და დაფინანსების ყველა პროექტს განახორციელებს.

რაც შეეხება დედაქალაქში განათლების ხარისხის მართვას:

[გია მურღულიას ხმა] "ჩვენთან არ არიან მიჩვეულნი იმას, რომ თბილისი, - დედაქალაქი, - არის დამკვეთი და განათლების სისტემა არის შემსრულებელი. დამკვეთის ფუნქციას ხედავენ მხოლოდ იმაში, რომ ჩვენ ფული გადავიხადოთ, და, მეტი არაფერში. და ის, რომ ჩვენ მოვითხოვოთ გადახდილი ფულის საფასურად ხარისხიანი განათლება ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, - აი, ამაზე ბევრი არ ფიქრობს მაინცდამაინც."

ახალი პროგრამა ითვალისწინებს თბილისში განათლების ხარისხის მართვის მოდელის შექმნას, რაც საკმაოდ ბევრ კომპონენეტს შეიცავს. პირველ რიგში კი გულისხმობს სკოლებში შეფასების მოდელს. ასევე შეიქმნება შეფასებისა და წახალისების მუნიციპალური მოდელი, რაც გია მურღულიას თქმით, თბილისში საკონკურენციო გარემოს შექმის ბუნებრივი საწინდარი იქნება.

პროგრამაში აქცენტი გაკეთებულია აგრეთვე ფინანსების მართვაზე დედაქალაქის განათლების სისტემაში, რაც არაერთ პრობლემურ საკითხს მოაგვარებს.

რა პრობლემებია თბილისის განათლების სისტემაში კადრების მხრივ? გია მურღულია აღნიშნავს, რომ თბილისში თვალში საცემია როგორც განათლების სისტემის მმართველთა, ისე პედაგოგთა არსაკმარისი მომზადება. აქაც არ არის შექმნილი საკონკურენციო გარემო, არსებობს მასწავლებელთა მოტივაციის პრობლემა და სხვა. ამიტომ ახალ დოკუმენტში შემუშავებულია პროგრამები კადრების გაუმჯობესების მიზნით.

რასაკვირველია, ყველა სტრატეგიულ მიმართულებაზე საუბარი შორს წაგვიყვანდა.

რაც შეეხება მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც თბილისის საკრებულოს გადაეცემა დასამტკიცებლად. ესენია, - თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესში, განათლების სადედაქალაქო კომპონენტის განსაზღვრა, ქართული წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის ამაღლების პროექტი, მოსწავლეთა კომიუტერული წიგნიერების უწყვეტი ამაღლების პროექტი, ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა და ბევრი სხვა.

დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, გია მურღულია ამბობს, რომ ძირითადი პროგრამა სამწლიანია და მოიცავს 2004-06 წლებს.

[გია მურღულიას ხმა] "თბილისის ბიუჯეტს ნამდვილად არ შეუძლია, რომ ერთ წელიწადში დააფინანსოს ყველა ეს პროგრამა. ჩვენ ლაპარაკი გვაქვს დონორებთანაც და საერთოდ დაინტერესება საკმაოდ დიდია, რადგან ძირითადი მიმართულებების ეს პროექტი არის ყველაზე სერიოზული იარაღი განათლების დარგში სადედაქალაქო პოლიტიკის გასატარებლად."

ძირითადი პროგრამის გაცნობის მიზნით, ჩამოყალიბდა სკოლის დირექტორთა საბჭო, ახალგაზრდა პედაგოგთა გაერთიანება და მათ წევრებთან, ისევე როგორც მოსწავლეთა მშობლებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა:

[გია მურღულიას ხმა] "ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას კოლექტიურად შექმნილი ძირითადი მიმართულებები ჩვენი განათლების სისტემის განვითარებისა და საორიენტაციო პროგრამები და პროექტები და, უნდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზულ და დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ასე რომ, არავითარი პრობლემა საზოგადოებასთან ურთიერთობაში, განათლების სისტემისადმი ჩვენი დამოკიდებულების თვალსაზრისით, არ გვაქვს."

[მუსიკა]

60-იანი და 70-იანი წლების ქართული ფილმები კინოფესტივალ "ფებიოფესტზე"

დავით კაკაბაძე:
შეგახსენებთ, რომ ეთერშია ყოველკვირეული რადიოჟურნალი "მეათე სტუდია". მას პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე. და ბარემ ახლავე გეტყვით, რომ მომდევნო ექვსი-შვიდი წუთის მანძილზე აქვე, პრაღაში დავრჩებით. ხუთშაბათს, 22 იანვარს, ჩეხეთის დედაქალაქში გაიხსნა საერთაშორისო კინოფესტივალი "ფებიოფესტი", რომელსაც სხვაგვარად "მსოფლიოს გარშემო კინომოგზაურობას" უწოდებენ. და, მართლაც, "ფებიოფესტი" ჩვეულებრივი ფესტივალი არ არის. მასზე არც გამარჯვებულ ფილმებს ასახელებენ და არც საუკეთესო მსახიობებს აჯილდოებენ. მისი მიზანია, კინოს მოყვარულებს გააცნოს ხელოვნების ამ დარგის სიახლეები, ყურადღება გაამახვილოს მსოფლიო კინემატოგრაფში არსებულ ტენდენციებზე, გაიხსენოს ძველი და ზოგჯერ დაუმსახურებლად მივიწყებული შედევრები, მაყურებელს შესთავაზოს გამოჩენილ კინომოღვაწეთა ნამუშევრების რეტროსპექტული ჩვენებები.

მაგრამ ახლა სტუდია ცოტა ხნით დავტოვოთ და პრაღის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კაფეს მივაშუროთ.

[კაფეს ხმაური]

ჩვენ ვსხედვართ პრაღის ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ კაფეში, რომელსაც ჰქვია "ლუვრი". ის დაარსებულია 1902 წელს, ესე იგი 100 წელიწადზე მეტის ტრადიცია აქვს და ამ კაფეს სტუმართა შორის იყვნენ ფრანც კაფკა, ალბერტ აინშტაინი, კარელ ჩაპეკი და სხვა ცნობილი პიროვნებები. მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ ყავის დასალევად არ შემოვსულვართ. ჩვენ კინოზე ვლაპარაკობთ. "ჩვენ" - ეს გახლავთ ქალბატონი ტერეზა ბრდეჩკოვა, კინოფესტივალ "ფებიოფესტის" მთავარი დრამატურგი და მე, დავით კაკაბაძე, რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის თანამშრომელი. ჩვენ ვსაუბრობთ ფესტივალ "ფებიოფესტზე", რომელიც პრაღაში ამ დღეებში მიმდინარეობს და განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ ამ ფესტივალზე წლეულს არის სექცია, რომელსაც სახელად ჰქვია "60-იანი და 70-იანი წლების ქართული კინო". რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სექციაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ ჯერ მინდა, ქალბატონ ტერეზა ბრდეჩკოვას ვკითხო, რით არის ასე გამორჩეული "ფებიოფესტი", რადგან მის ორგანიზატორებს ხშირად უყვართ გამეორება, რომ ეს კინოფესტივალი ამ ტიპის ერთადერთი კინოფორუმია ევროპაში.

[ტერეზა ბრდეჩკოვას ხმა] "ვფიქრობ, ეს ერთადერთი მსხვილი ფესტივალია, რომელიც მართლა მაყურებლისთვის არის განკუთვნილი. ანუ, ჩვენ არ ვმუშაობთ პროდიუსერებისთვის ან გამქირავებლებისთვის. თუ პროგრამაში შეტანილ ფილმებს მივიღებთ მხედველობაში, ჩვენ საერთაშორისო ფესტივალი ვართ, მაგრამ ვმუშაობთ ჩეხი მაყურებლისთვის, ან, უფრო სწორად, კინოს იმ მოყვარულებისთვის, რომლებიც ჩეხეთში ცხოვრობენ."

წლევანდელი, რიგით მე-11 ფესტივალის პროგრამაშია 58 ქვეყნის 428 სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი. პრაღის გარდა, ფესტივალს მასპინძლობს ჩეხეთისა და სლოვაკეთის კიდევ 13 ქალაქი. და, ალბათ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ "ფებიოფესტის" პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება. სეანსების უმეტესობა მიმდინარეობს ხალხით გაჭედილ დარბაზებში. რით ხსნის ჩემი თანამოსაუბრე ფესტივალის ასეთ წარმატებას?

[ტერეზა ბრდეჩკოვას ხმა] "ყველაფერ ამას ირაციონალური ასპექტიც ახლავს - ბედმაც უდავოდ გაგვიღიმა. მაგრამ არის კიდევ ერთი მხარე. ფესტივალის საორგანიზაციო გუნდში სულ შემოქმედებითი ხალხი ვართ: ფესტივალის დამაარსებელი და დირექტორი, ფერო ფენიჩი, კინოდოკუმენტალისტი და პროდიუსერია, მე მწერალი და დრამატურგი გახლავართ, ჩვენი სხვა თანაგუნდელებიც ხელოვნების სხვადასხვა დარგში მუშაობენ. 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ჩეხეთს ეკონომიკურად უჭირდა, არსებობდა საშიშროება, რომ ახალგაზრდები ვეღარ გაეცნობოდნენ კინოხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს, რადგან გამქირავებლებს არ ჰქონდათ ფული კინოფილმების შესაძენად. აღარაფერს ვამბობ ძველ შედევრებზე, რომლებსაც დიდ ეკრანებზე ისედაც იშვიათად ნახავთ. "ფებიოფესტის" დაარსების იდეა სწორედ ეს იყო: ფილმები მაყურებლამდე მიგვეტანა, ვყოფილიყავით შუამავალი კინოხელოვნების ნაწარმოებსა და მის მომხმარებელს შორის. თანდათან გავიზარდეთ, გავფართოვდით, და ახლა მთელი მსოფლიოდან ჩამოგვაქვს ფილმები, რათა ისინი ვუჩვენოთ კინოს მოყვარულებს, რომლებსაც სხვაგვარად მათი ნახვის საშუალება არ ექნებოდათ."

სანამ ფესტივალის ქართულ სექციაზე ვისაუბრებდეთ, ერთი საინტერესო რამ მინდა ვუთხრა ჩვენს მსმენელს. ქალბატონი ბრდეჩკოვა, რომელსაც ახლა ვესაუბრებით, არის ქალიშვილი ცნობილი მწერლისა ირჟი ბრდეჩკასი, რომელმაც დაწერა თავის დროზე წიგნი "ლიმონათის ჯო", რომლის მიხედვითაც მერე გადაიღეს ფილმი და ეს ფილმი, ყოველ შემთხვევაში, ჩემი თაობის ბავშვებისთვის, ესე იგი ჩემი თაობის ადამიანებისთვის ბავშვობაში, ეს ფილმი იყო საკულტო ფილმი. ეს გახლდათ პაროდია ამერიკულ ვესტერნზე და აი, ქალბატონი ბრდეჩკოვა არის ამ ფილმის სცენარის ავტორის ქალიშვილი.

ახლა კი ისევ ჩემს თანამოსაუბრეს მივმართავ კითხვით, რამ გადააწყვეტინა ორგანიზატორებს, ფესტივალის პროგრამაში შეეტანათ ქართული ფილმები.

[ტერეზა ბრდეჩკოვას ხმა] "ჩემს თაობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ქართულმა კინომ, რომლის საუკეთესო ნიმუშებსაც ვეცნობოდით 60-იან, 70-იან წლებში, 80-იანი წლების დასაწყისში. ეს ჩვენთვის მართლა დიდი მოვლენა იყო. იმდროინდელი მსოფლიო კინოს კონტექსტში ქართულ კინემატოგრაფს სრულიად გამორჩეული ადგილი ეკავა. განსაკუთრებით მიყვარდა ძმები შენგელაიები, გია დანელია, ოთარ იოსელიანი. მე და ჩემს მეგობრებს გვაოცებდა, რომ სადღაც, შორეულ ქვეყანაში მცხოვრები კინემატოგრაფისტები (საქართველო კი მაშინ შორეულ ქვეყნად გვეჩვენებოდა) სამყაროს ჩვენსავით ხედავდნენ. ანუ, ეს არ იყო საბჭოთა კინო, რომელსაც ჩვენ მანამდე ვიცნობდით. იმ ფილმებს დღესაც უდიდესი სიამოვნებით ვიხსენებ."

ძველი ქართული ფილმების ნახვა, რა თქმა უნდა, ჩვენც ძალიან გვახარებს (ვგულისხმობ პრაღაში მცხოვრებ ქართველებს), მაგრამ თანაც, ყველანი მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა "ფებიოფესტის" პროგრამაში ახალი ქართული ფილმებიც იქნება წარმოდგენილი. იქნებ ერთ წელიწადში, როცა მეთორმეტე "ფებიოფესტზე" გიამბობთ, საშუალება მოგვეცეს ახალ ქართულ კინოპროდუქციაზეც ვილაპარაკოთ.

მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი თანამოსაუბრე იყო კინოფესტივალ "ფებიოფესტის" მთავარი დრამატურგი ტერეზა ბრდეჩკოვა. ეთერშია "მეათე სტუდია".

[მუსიკა - მღერის ჩესლავ ნიემენი]

ჩესლავ ნიემენის გარდაცვალების გამო

დავით კაკაბაძე:
მომღერალზე, რომლის ხმაც ახლა ჟღერს, ჩვენი მსმენელების უმრავლესობას, ალბათ არაფერი სმენია. "უმრავლესობას"-მეთქი, ვამბობ, თორემ გარკვეულ წრეებში - იქნებოდა ეს საქართველოსა თუ უცხოეთში - ათწლეულების მანძილზე იცნობდნენ და აფასებდნენ გამოჩენილ მომღერალსა და მუსიკოსს, ჩესლავ ნიემენს. სამშობლოში კი, პოლონეთში, მას სრულიად გამორჩეული სტატუსი ჰქონდა მინიჭებული: ნეკროლოგებში, რომლებიც კვირას ნიემენის გარდაცვალებას მოჰყვა, მას "პოლონური მუსიკის მეფედ" აღიარებენ. ჩესლავ ნიემენს თაყვანისმცემლები ჩვენს რედაქციაშიც ჰყავს. ამ გამორჩეულ მუსიკოსსა და პიროვნებას მარიამ ჭიაურელი გაიხსენებს.

მარიამ ჭიაურელი:
ჩესლავ ნიემენის ბიოგრაფია პოლონეთის პოლიტიკური ისტორიის ნაწილია, მისი ქცევისა და ჩაცმულობის გარეშე წარმოუდგენელია ამ ქვეყნის პოპ-კულტურა. ის, როგორც პიროვნება ისევე გამორჩეული და განსაკუთრებული იყო, როგორც მისი სიმღერები, რომლებიც ყოველთვის განსხვავდებოდა სტერეოტიპებისაგან, რადიოდან ასე ხშირად რომ იღვრება.

ნიემენი სამშობლოში უზომო პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ მაინც ყოველთვის დაეძებდა უფრო რთულ მუსიკალურ ენას. მიუხედავად იმისა, რომ მსმენელს, არც თუ იშვიათად უჭირდა ამ ენის გაგება... ის თავს არიდებდა საჯარო გამოსვლებს, რათა კომერციული პროდუქციის მონა არ გამხდარიყო...

[მუსიკა. მღერის ჩესლავ ნიემენი]

ჩესლავ ვიდრჟიცკი 1939 წელს დაიბადა სოფელში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბელორუსიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ამდენად, შემთხვევითი არ იყო, რომ ფსევდონიმად იქაური მდინარის სახელი აირჩია - "ნიემენი", რომელსაც ჩვენ "ნემანს" ვუწოდებთ. [ცეზარი ლერსკის ხმა] "ჩესლავ ნიემენი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო პოლონელების არაერთი თაობისათვის, თუნდაც ჩემი თაობისთვის. მე 60-იანი წლების დასაწყისში ვარ დაბადებული, როცა ჩესლავ ნიემენი უკვე ძალიანი ცნობილი მომღერალი იყო. ამდენად, მისი სიმღერა ბავშვობიდანვე მესმოდა. ჩემთვისა და ჩემი თანატოლებისათვის ნიემენი იყო "ბითლზის", ელვის პრესლისა და, საერთოდ, ყოველგვარი როკ-მუსიკის კომბინაცია. ეს იყო ხელოვანი, რომელმაც ჩვენში მუსიკის მიმართ მგრძნობელობა განავითარა, რომელიც იყო უმნიშვნელოვანესი ელემენტი პოლონურ როკ-მუსიკაში - ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის", იხსენებს ცეზარი ლერსკი, რომელსაც კალიფორნიაში დავურეკეთ. მისი ფირმა პოლონური ჯაზისა და როკის პოპულარიზაციას ეწევა.

[მუსიკა. "Dziwny jest ten swiat"]

ჩესლავ ნიემენის პირველი გახმაურებული ჩანაწერები 60-იანი წლების დასაწყისით თარიღდება, მაგრამ ამ სიმღერამ "Dziwny jest ten swiat" ("უცნაურია ეს მსოფლიო"), მას უკვე, რომ იტყვიან, გარღვევა მოუტანა. "უცნაურია ეს მსოფლიო, რომელიც ამდენ ბოროტებას იტევს, უცნაურია, რომ ადამიანს ადამიანი სძულსო", - მღეროდა კომუნისტურ პოლონეთში მუსიკოსი, რომელიც, ასე ვთქვათ, ყველა სხვა "უბედურებასთან" ერთად, სცენაზე გამოსვლას გრძელი თმით, ჭრელ ტანისამოსში გამოწყობილი ბედავდა. მუსიკისმცოდნეები ირწმუნებიან, რომ პოლონურ როკში ეს იყო პირველი, აზრობრივად საინტერესო სიმღერა. [ცეზარი ლერსკის ხმა] "ვფიქრობ, ასეთ შედეგს იძლეოდა ნიჭის, შემოქმედებითი ინტუიციისა და გარემოსადმი, ისტორიული მომენტისადმი დამოკიდებულების კომბინაცია. ნიემენს შესწევდა უნარი, ამოეცნო კულტურული და სოციალური ტენდენციები და ყოველივე ეს ინდივიდუალური მუსიკალური ენით გამოეხატა. მან რაღაც ახალი შექმნა! ცხადია, ეტყობა ამერიკული პოპმუსიკის გავლენა, მაგრამ, იმავდროულად, ნემენის მუსიკა პოლონურია, ხალხურ ელემენტებს მოიცავს".

მაშ, თუ ნიემენის მუსიკა პოლონურია, სხვათა შორის პოლონურია ტექსტითაც (ის ყოველთვის მშობლიურ ენაზე მღეროდა), რამდენად მისაღები და საინტერესო შეიძლება იყოს ის უცხოეთში? ვინ იცნობს მას საზღვარგარეთ?

ამ შეკითხვაზე ცეზარი ლერსკიმ უყოყმანოდ მიპასუხა: "ძალიან ბევრი ადამიანიო" [ცეზარი ლერსკის ხმა] "მე თვითონაც გაკვირვებული დავრჩი... როცა გავრცელდა სამწუხარო ცნობა ჩესლავ ნიემენის გარდაცვალების შესახებ, ჩვენი საინტერნეტო გვერდიდან, ალბათ, სამიოდე საათში ათობით ფირფიტა გაიყიდა. ყიდულობდნენ ფინეთიდან, თურქეთიდან, შეერთებული შტატებიდან, ახალი ზელანდიიდან... მყიდველების გვარებით თუ ვიმსჯელებთ, მათი 90 პროცენტი პოლონელი არ იყო. რატომ არის ასე? ვფიქრობ, ნიემენი იმდენად ორიგინალურია, იმდენად განსხვავდება სხვებისაგან, რომ უბრალოდ, გულგრილს არ ტოვებს მუსიკის მოყვარულებს"

მუსიკის ერთ ასეთ მოყვარულს, რომელსაც ნიემენის სიმღერები გულგრილს არ ტოვებს, საქართველოში დავუკავშირდით. ეს გახლავთ ჟურნალისტი ბიძინა მაყაშვილი:

[ბიძინა მაყაშვილის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

"ვან გოგის რექვიემის" ჩანაწერი, სამწუხაროდ, არა გვაქვს, მაგრამ იმედია, გულგრილი არ დაუტოვებიხართ სიმღერას "Dziwny jest ten swiat". მას ახლა ცოტა უფრო მეტ ხანს მოუსმენთ. მღერის ჩესლავ ნიემენი. ის კვირას, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

[მუსიკა. მღერის ჩესლავ ნიემენი]

დავით კაკაბაძე:
ჩესლავ ნიემენის გახსენებით, რომელიც მარიამ ჭიაურელმა შემოგვთავაზა, ვამთავრებთ "მეათე სტუდიის" დღევანდელ გამოშვებას. მთავრდება ჩვენი გადაცემაც. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG