Accessibility links

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საკითხს მიხეილ სააკაშვილის თანადასწრებით განიხილავს


ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი პირველ ვიზიტს სტრასბურგში განახორციელებს. საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად ის მონაწილეობას მიიღებს ზამთრის სესიის

მუშაობაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა, რომელმაც საქართველოს საკითხი რამდენჯერმე უნდა განიხილოს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში 26 იანვარს გაიხსნება და 30 იანვრამდე გასტანს. მასზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა 28 იანვრისთვის არის დაგეგმილი. რამდენად შეიძლება მოჰკითხონ მას პასუხი საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო?


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ერთ-ერთი წევრის, ელენე თევდორაძის, მტკიცებით, რომ არა ნოემბრის "ხავერდოვანი რევოლუცია", ევროსაბჭოში საქართველოს ყოფნა- არყოფნის საკითხი დადგებოდა. " პრობლემა მოიხსნა, რადგან საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ახალ ხელისუფლებას ვერ წაუყენებენ პრეტენზიებს საქართველოს მიერ ევროსაბჭის წინაშე ნაკისრი და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო,"- ფიქრობს ელენე თევდორაძე.
შეუსრულებელ ვალდებულებებში იგულისხმება ეროვნულ უმცირესობათა შესახებ კონვენციასთან საქართველოს მიერთება, დეპორტირებული მაჰმადიანი მესხების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროცესის დაწყება, საერთაშორისო კონვენციების იმ ცალკეული ოქმების რატიფიცირება, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესის გაღრმავებას ითვალისწინებს, აგრეთვე, ფულის გათეთრებისა და კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება და ასე შემდეგ. შეუსრულებელი ვალდებულებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მათგან, ეროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, არმაზ ახვლედიანი, უმთავრეს მოთხოვნებად ეროვნულ უმცირესობათა შესახებ კონვენციასთან საქართველოს მიერთებას და დეპორტირებული მესხების რაპატრიაციის დაწყებას მიიჩნევს. მასაც ეეჭვება, რომ სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილს ვინმემ შეუქმნას უხერხულობა საქართველოს მიერ შეუსრულებელი ამ ვალდებულებების გამო.

[არმაზ ახვლედიანის ხმა] "მე ვერ ვიტყვი, რომ ევროპის საბჭო გვახრჩობს. მათ კარგად ესმით, რა ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეასრულა საქართველომ მესხების წინაშე ნაკირსი ვალდებულება და არც ის მგონია, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დაესწრება, ვინმემ დააყენოს ეს საკითხი ნიშნის მოგების კუთხით."

იანვრის ბოლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია საქართველოს საკითხს ორჯერ განიხილავს. ერთ შემთხვევაში მსჯელობა საქართველოში ბოლო დროს ჩატარებულ და ახლო მომავალში ჩასატარებელ არჩევნებს შეეხება, მეორე შემთხვევაში 1998 წელს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი განიხილება. ზამთრის სესიაზე 28 იანვარს სიტყვით კვიპროსისა და საქართველოს პრეზიდენტები გამოვლენ, რის შემდეგაც გაიმართება დებატები ამ ორ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ირგვლივ.
XS
SM
MD
LG