Accessibility links

საარჩევნო ბარიერის პოლიტიკური როლი


ახალი ხელისუფლების ლიდერები საჯარო გამოსვლებისას გამორიცხავენ საფრთხეს, რომ 28 მარტს არჩეული პარლამენტი ერთპარტიული იქნება. თუმცა ერთადერთი რეალური მექანიზმი,

რომელიც მეტ-ნაკლებად მოხსნიდა ამ საფრთხეს, საარჩევნო ბარიერის დაწევაა.

ამჟამად მოქმედი პარლამენტი ამ საკითხის განხილვას არ აპირებს. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის 7%-იანი ბარიერი არ შეიცვლება, რაც წინასწარ პროგნოზირებად შედეგს მოიტანს.


საარჩევნო ბარიერი კონსტიტუციით განსაზღვრული სიდიდეა. მის შეცვლას რთული პროცედურები და 157 ხმა სჭირდება. პოლიტიკური ლოგიკის თანახმად, მაღალი ბარიერი ძლიერ პარტიებს აძლევს ხელს, დაბალი კი - შედარებით სუსტს. ამავე ლოგიკის თანახმად, ცხადია, რომ ნაციონალური მოძრაობისა და "ბურჯანაძე-დემოკრატების" კოალიცია ბარიერის შეცვლას არ გეგმავს.

თუმცა ექსპერტები ჯერ კიდევ წლების წინ გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ პოლიტიკური ცხოვრების ბუნებრივი განვითარება მხოლოდ 4%-იანი ბარიერის პირობებში იყო შესაძლებელი. მეორე მხრივ, "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ პოლიტიკური სპექტრი იმდენად გაღარიბდა, რომ დაზუსტებით არავინ იცის, შემორჩა თუ არა თუნდაც 4%-იანი მხარდაჭერა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას.

ნებისმიერ რეალობაში საარჩევნო ბარიერი თავის პოლიტიკურ ფუნქციას ასრულებს და პროგნოზირებადს ხდის მომავალს. კერძოდ: თუ ამჟამინდელი ხელისუფლება მიიღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ბარიერს დასწევდა, პარლამენტში მოხვედრის შანსი რამდენიმე პარტიას გაუჩნდებოდა. ოპოზიციის არსებობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოებას ალტერნატიული აზრის მოსმენის საშუალებას მისცემდა; საპარლამენტო უმრავლესობას კი სიფხიზლის ხარისხს მოუმატებდა და შეცდომების ნაწილისგან მაინც დააზღვევდა.

რაკი ხელისუფლება აპირებს მაქსიმალურად გამოიყენოს საქართველოს მოსახლეობის ნდობა და რაც შეიძლება დიდი წარმომადგენლობით მოხვდეს პარლამენტში, ეს რეალობა სხვა შედეგს გამოიღებს: ხელისუფლება, ნებსით თუ უნებლიეთ, გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც მიუღებელი იქნება საზოგადოების ერთი ნაწილისთვის - ეს ადამიანურია. შესაბამისად, ამ ნაწილს გამოუჩნდება თავისი თანამოაზრეები პარლამენტშიც და ამ საფუძველზე უმრავლესობა გაიხლიჩება ხელისუფლების მხარდამჭერებად და ოპოზიციად. ოღონდ წინასწარ ვერავინ იტყვის, რომელი ნაწილი აღმოჩნდება უფრო მრავალრიცხოვანი; ალბათ, ის, რომელ ნაწილშიც მოხვდება თავად პარლამენტის თავმჯდომარე.

ბარიერის დაწევის შემთხვევაშიც კი ეს პროცესი გარდუვალი იქნებოდა, რადგან ძველი ოპოზიცია პოლიტიკურად გაკოტრებულია, ახალი კი - ჯერ არ შექმნილა. ქვეყანა, სადაც სამოქალაქო საზოგადოება არსებობს, ოპოზიციურ ნიშას ცარიელს ვერ დატოვებს. ამიტომ, რაც უფრო მრავალრიცხოვან უმრავლესობას შექმნის სახელისუფლო კოალიცია მაღალ ბარიერზე დაყრდნობით, მით სწრაფად მოხდება მისგან ოპოზიციური ნაწილის გამოყოფა. ეს არის რეალობა, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის თვალწინ განხორციელდება.
XS
SM
MD
LG