Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საანგარიშო მოხსენება იმიგრაციის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი საანგარიშო მოხსენების თანახმად,

აღმოსავლეთი ევროპიდან, აგრეთვე მთელი რიგი ქვეყნებიდან 90-იან წლებში დაწყებული იმიგრაცია დასავლეთში კვლავაც გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ მრავალ მასპინძელ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. მოხსენებაში ნათქვამია, რომ იმიგრანტების ნაკადი დასავლეთში დღითიდღე მატულობს.

რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან, ჩინეთიდან, ჩრდილოეთი აფრიკიდან და მსოფლიოს მრავალი რეგიონიდან ლეგალური თუ არალეგალური გზით წამოსული იმიგრანტები უკეთესი ცხოვრების ძიებაში ევროპისა და შეერთებული შტატებისკენ მიეშურებიან.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ექსპერტმა მიგრაციის საკითხებში ჟან-პიერ გარსონმა, პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საანგარიშო მოხსენებაში 2002 წლის მონაცემებია მოყვანილი. თუმცა არაა არანაირი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ იმიგრანტების ნაკადი გასულ 2003 წელს შემცირდა.

გარსონის თქმით იმ დროს, როცა ევროპის კავშირი აღმოსავლეთით გაფართოებისათვის ემზადება, ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და პოლონეთი თავად ხდებიან იმიგრაციის სამიზნეები. ადრე ეს ქვეყნები, დასავლეთში მიმავალი მიგრანტებისთვის სატრანზიტო პუნქტებად იყო მიჩნეული. საანგარიშო მოხსენებაში მოყვანილია ის პრობლემები, რაც იმიგრაციამ შეუქმნა დასავლეთ ევროპას და ისიცაა მოხსენიებული, რომ ამ პროცესის გამო მთელი რიგი ქვეყნები მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებს კარგავენ [ჟან-პიერ გარსონის ხმა]: "მაგალითად, შვეციასა და ნორვეგიაში ჩასულ ლტოლვილთაგან ზოგიერთი უაღრესად მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტია, მაგრამ ისინი ვერ ფლობენ მასპინძელი ქვეყნის ენას, ასე რომ გადაუდებელი ხდება ამ ადამიანების დასაქმება, და იმავდროულად მათთვის ენის სწავლება და საჭიროების შემთხვევაში კვალიფიკაციის ამაღლებაც".

ჟან-პიერ გარსონს არარეალურად მიაჩნია იმის პერსპექტივა, რომ მრავალი იმიგრანტი სამშობლოში დაბრუნდება ოდესმე, ვინაიდან წასვლის შემდეგ მასპინძელ ქვეყანაში ხელმეორედ შესვლაზე ნებართვის მიღება მეტად გართულებულია. თუმცა გარსონი აღნიშნავს ამასთანავე, რომ ამ პრობლემისადმი მიდგომა ევროპაში თანდათანობით იცვლება. ევროკავშირის ქვეყნებს, სადაც მოსახლეობა ბერდება, სულ უფრო მეტად ესაჭიროებათ კვალიფიციური მუშახელი. შედეგად, დღეს წესრიგში დადგა დროებითი ლეგალური მიგრაციის პროგრამის შემუშავება.

ხოლო ბრიუსელში დაფუძნებული ევროპის პოლიტიკური კვლევის ცენტრის ანალიტიკოსი იოანა აპაპი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ლეგალური მიგრაციის პროგრამის განსახორციელებლად აუცილებელია მაკონტროლებელი მექანიზმის შემუშავება, რათა იმიგრანტების გამშვებმა ქვეყნებმა ხელი უნდა მოაწერონ შეთანხმებას, რომლის ძალითაც იმიგრაციაში წასული მოქალაქები ყოველთვის შესძლებენ სამშობლოში დაბრუნებას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეზღუდავს არალეგალურ იმიგრაციას [იოანა აპაპის ხმა]: "ეს უკვე, ადამიანის უფლებათა სფეროში შეჭრა იქნება, ვინაიდან ადამიანს ყოველთვის უნდა შეეძლოს თავისი ქვეყნის დატოვება. ასე რომ, როცა მთავრობას ჩართავთ იმიგრაციაზე კონტროლის დაწესების საქმეში, ამით თქვენ აკანონებთ იმას, რაც ავტორიტარულ მეთოდად შეიძლება იქნეს მიჩნეული".

დროებითი მიგრაცია, იოანა აპაპის აზრით, იმიგრანტების გამშვები ქვეყნების განვითარებას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG