Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ელის დასავლეთი საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან


ის, რასაც საქართველოს ახალი ლიდერები ჰპირდებიან ხალხსა და მსოფლიოს,

მოსასმენად საამოა, წარმოსადგენად - საოცნებო, შესასრულებლად კი - ძალზე რთული.

დასავლეთის ლიდერებმა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გამოხატეს მხარდაჭერა სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მიმართ და დღესაც ინარჩუნებენ ენთუზიაზმს. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ენთუზიაზმი, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც თავადაც კარგად აფასებს დასავლეთის მხარდაჭერას, რომ არ გააქარწყლოს მოლოდინი და იმედი, რომელსაც დასავლეთი ამყარებს მასზე. ამის თაობაზე აზრის გაზიარება ვთხოვე იმ უცხოელ პოლიტოლოგებს, რომლებიც წლების განმავლობაში ახლოს სწავლობენ საქართველოში არსებულ ვითარებას. თავიდანვე გეტყვით, მათგან უფრო პროზაულ პასუხებს მოველოდი, ვიდრე პოლიტიკოსებისგან, მაგრამ ოპტიმიზმის დიდი მუხტი კი მივიღე. მაშ ასე, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი რონალდ გრიგორ სუნი იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს დასავლეთის უკიდურესად ოპტიმისტურ დამოკიდებულებას საქართველოს ახალი ლიდერების მიმართ:

[სუნის ხმა]
"ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთში იმედისმომცემად ბევრი არაფერი გამოიყურება. იქაური მმართველობა საკმაოდ ავტორიტარულია, არჩევნები გაყალბდა... ასეთ ფონზე საქართველო მარგალიტივით ანათებს. აქ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - ვარდების რევოლუციის გზით. ისეთი გრძნობაა, თითქოს მოხდა ის, რასაც ველოდით 80-იანის დასასრულსა და 90-იანის დასაწყისში".

სუნის მაინც მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე რეალურ ნაბიჯებზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს ახალი ხელისუფლების იმიჯს, რომელიც ახლა ძალიან პოზიტიურია. ეგ არის, რომ იმიჯი ადვილად მსხვრევადია. რონალდ გრიგორ სუნიმ ჩემთან ახალი ლიდერების იმიჯზე საუბრისას აღნიშნა მისი რეგიონული უნიკალურობა:

[სუნის ხმა]
"მათი პოზიტიური იმიჯის ნაწილი გახლავთ ის, რომ ისინი დემოკრატები არიან. ისინი დასავლური ყაიდის არიან: საუბრობენ და მოქმედებენ დემოკრატიულად. და ეს არის ის, რაც ქრება ყოფილ საბჭოთა კავშირში და განსაკუთრებით ამიერკავკასიის დანარჩენ ქვეყნებში. ასე რომ, სააკაშვილს ახლა აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი".


ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის შუა აზია-კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სვანტე კორნელის აზრით, საქართველოს ახალი ლიდერების მიმართ არსებულ მოლოდინი რეალობას ეფუძნება:

[კორნელის ხმა]
"მოლოდინი შეიძლება ძალიან დიდია, მაგრამ ის არ არის არარეალური. არავინ მოელის, რომ მოკლე ვადაში საქართველო გადაიქცევა სანიმუშო დემოკრატიის, ან სრულად მოქმედი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად. თუმცა კი მოელიან იმას, რომ დაიწყება შევარდნაძის ეპოქის ყველაზე თვალშისაცემი პრობლემების მოგვარება. უპირველეს ყოვლისა იგულისხმება კორუფციის პრობლემა".

სვანტე კორნელს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ისარგებლოს ხალხის მხარდაჭერით და გარდაქმნას სახელმწიფო ინსტიტუტები ისე, რომ მათ შეასრულონ დაკისრებული ფუნქცია. გარდა ამისა, უახლოეს მომავალშივე უნდა დაიწყოს ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების მოწესრიგება, როგორიც არის ქვეყნის ენერგომომარაგება და საავტომობილო გზების ინფრაქტრუქტურის გაუმჯობესება.

პროფესორ სუნის აზრით, სააკაშვილი უნდა ეცადოს, რომ გადადგას ნაბიჯები, რომლებსაც დასავლეთი დემოკრატიულად ჩათვლის. კერძოდ, ამერიკელი პროფესორი გულისხმობს შემდეგს:

[სუნის ხმა]
"ძალიან კარგი იდეა იქნებოდა ადგილობრივი არჩევნების ჩატარება: დანიშნული თანამდებობის პირების არჩეულებით შეცვლა. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ვიზიტი: ჯავახეთში და ა.შ. იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც აღადგინოს ცალკეული რეგიონების დადებითი ურთიერთობა თბილისთან.

პროფესორი რონალდ გრიგორ სუნი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ერთიანობას და მიაჩნია, რომ თუკი თბილისი გაატარებს პოლიტიკას, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურად და სოციალურად განავითარებს, ცენტრისგან განზე მდგარი რეგიონები და სავარაუდოდ აფხაზეთიცა და სამხრეთი ოსეთიც თავად დაუბრუნდებიან საქართველოს.

[სუნის ხმა]
"საქართველო უნდა იყოს ფორმაში, საქართველომ უნდა დაანახოს ყველას, რომ ის მართლაც წინ მიიწევს, რომ იქ ცხოვრება უმჯობესდება, რომ საქართველოს მოქალაქეების ღირსება დაცულია. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე მიცხოვრია საქართველოში სხვადასხვა პერიოდში. იქ ძალიან დიდი პოტენციალია. იოლი იქნება თუ არა წარმატების მიღწევა? - არა, ეს არ იქნება იოლი და ამის შესახებ ყოველთვის უნდა შევახსენოთ დასავლეთს".



ყველას გვახსოვს, დასავლეთს არანაკლები ენთუზიასტური დამოკიდებულება ჰქონდა შევარდნაძის მიმართაც, როცა ის საქართველოში დაბრუნდა, ვიდრე ახლანდელი გუნდის მიმართ აქვს. მაშინ მოთმინების ფიალის ავსებას ათწლეულზე ცოტა მეტი დასჭირდა. როგორ ნებისყოფას გამოიჩენს დასავლეთი ახალი ხელისუფლების მიმართ. შუა აზია-კავკასიის ექსპერტ სვანტე კორნელს მიაჩნია, რომ ახლა დასავლეთი მოთმინების ახალი დოზით შეივსო:

[კორნელის ხმა]
"სინამდვილეში სახეზეა მოთმინების ახალი დოზა, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ. ახლა, როცა ხელისუფლებაში ახალი გუნდი მოვიდა, ყველას ესმის, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და რომ ამას დრო დასჭირდება. მაგრამ შემთხვევით არ გამოვყავი ნაბიჯები, რომლებიც მომავალი ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაიდგას".

სვანტე კორნელზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ნოემბრიდან დღემდე საქართველოს ახალ ლიდერებს შორის არსებულმა თანხმობამ მოახდინა და სწორედ იმ ფონზე, როცა ამდენს საუბრობენ მათ შორის არსებულ განსხვავებებზე. ექსპერტის აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია:

[კორნელის ხმა]
"ბატონ სააკაშვილს, ქალბატონ ბურჯანაძესა და ბატონ ჟვანიას შორის მომავალი თანამშრომლობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან თუკი ხელისუფლებაში გაჩნდება დაპირისპირება პირადი შეხედულებების გამო, ამან შეიძლება გააღიზიანოს დასავლელი დონორები."

დასავლეთი-დასავლეთად, მაგრამ უპირველესი მნიშვნელობა მაინც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მხარდაჭერასა და ნებისყოფას ენიჭება. ის კი შეიძლება უფრო ხანმოკლე აღმოჩნდეს, ვიდრე დასავლეთისა და ეს მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის. ამის შესახებ მან დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეც განაცხადა:

[სააკაშვილის ხმა]
"ჩვენ ამომრჩეველთა 96 პროცენტის მანდატი გვაქვს, ეს ფანტასტიკური, უდიდესი მანდატია და ვიცი, რომ დიდხანს არ გასტანს, რომ ეს თაფლობისთვეს გავს და მის ნაწილს ახლა სწორედ დავოსში ვატარებ".

დასასრულს ამერიკელი პროფესორის რონალდ გრიგორ სუნის ერთ რჩევას გაგაცნობთ. ის კარგად იცნობს პრობლემებს, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. წარმატებული პოლიტიკური სტარტის შემდეგ სააკაშვილსა და მის თანამოაზრეებს ის სიდინჯეს ურჩევს:

[სუნის ხმა]
"საქართველომ უნდა იმოძრაოს ძალიან ნელა, '"ნელა-ნელა" ".

ძნელია, არ დაეთანხმო - საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და საქართველოს მოსახლეობის ე.წ. "თაფლობის თვის" შემდეგ მართლაც ნელ-ნელა და წინ-წინ სიარული სჯობს აჩქარებით მიღწეულის განადგურებას.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG