Accessibility links

logo-print

და კვლავ პრეზიდენტის ინაუგურაციის ოფიციალურ ნაწილს დავუბრუნდეთ. საიდუმლო არ გახლავთ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი და კვლავ პრეზიდენტის ინაუგურაციის ოფიციალურ ნაწილს დავუბრუნდეთ. საიდუმლო არ გახლავთ, რომ ბევრი პოლიტიკოსი, და არამხოლოდ ისინი, მოუთმენლად ელოდა პრეზიდენტის საპროგრამო სიტყვას,

რაც საინაუგურაციო ცერემონიის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი გახლავთ. მაშ ასე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროგრამა გულისხმობ: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ბრძოლას კორუფციასა და კორუმპირებულებთან, ყველას თანასწორობას კანონის წინაშე, რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბებას, ძლიერი არმიის შექმნას, ბრძოლას სიღარიბესთან, ხალხის მიმართ პასუხისმგებლობის მქონე მთავრობის დაკომპლექტებას. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მიზანი იყო, არის და იქნება საქართველოს ევროპის თნამეგობრობაში გაწევრიანება:
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] " ჩვენი ურყევი კურსი არის ევროპული ინტეგრაცია. დროა, ევროპამ საბოლოოდ დაინახოს და დააფასოს საქართველო და გადმოდგას ჩვენკენ ნაბიჯები. და, ამ მხრივ, პირველი ნაბიჯები უკვე თვალსაჩინოა. შემთხვევით არ ავწიეთ ევროპის დროშა. ეს დროშა საქართველოს დროშაც არის, იმიტომ რომ გამოხატავს ჩვენი ცივილიზაციის, ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის არსსა და ჩვენი მომავლის პერსპექტივას და ხედვას."

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს საშინაო პრობლემებს უქმნიდა - რუსეთთან ურთიერთობის საკითხია. ახალი პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო დაინტერესებულია რუსეთთან ახალი, თანასწორუფლებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებით:
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] " საქართველოს არ სჭირდება რუსეთი, როგორც მტერი. ჩვენ გვჭირდება რუსეთი, როგორც მეგობარი, ჩვენ გვჭირდება რუსეთი, როგორც მოკავშირე, როგორც ძლიერი პარტნიორი. და მე მინდა დღეს რუსეთს გავუწოდო, ქართველი ხალხის სახელით, მეგობრობის ხელი."
ტრადიციულად, პრეზიდენტის საინაუგურაციო საპროგრამო სიტყვაში ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ზოგადი მიმართულებებია ხოლმე ჩამოთვლილი. გამონაკლისი არც მიხეილ სააკაშვილის საპროგრამო გამოსვლა გახლდათ. ერთადერთი, რაშიც იგი დარწმუნებულია, ის არის, რომ ყველას მუხლჩაუხრელი შრომით წარმატების მიღწევა შესაძლებელია.
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] " მე ვხდები ამაყი ხალხის პრეზიდენტი - ხალხისა, რომელიც იმედით შეჰყურებს მომავალს. და მე მზად ვარ ვემსახურო ჩემს ხალხს, რათა ის უფრო ამაყი იყოს; იმისათვის, რომ გავუმართლო ყველა იმედი და ავაშენოთ საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ და ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები. დადგა დრო დაუღალავი შრომისა. ერთ დღეში არაფერი გამოვა. მხოლოდ პრეზიდენტი ვერაფერს გააკეთებს. მაგრამ თუ ხალხი - ყველა ერთად შევძლებთ, რომ ხელებდაკაპიწებულმა ვიმუშაოთ დღე და ღამე, ჩვენ, მართლაც, მივაღწევთ ძალიან დიდ წარმატებებს."
სამწუხაროდ, მცდელობა, პოლიტიკოსებს რადიო "თავისუფლებისთვის" თავიანთი შთაბეჭდილებები გაეზიარებინათ მიხეილ სააკაშვილის საპროგრამო სიტყვასთან დაკავშირებით, წარუმატებელი აღმოჩნდა. კომენტარის გაკეთება არც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა და არც მისმა ოპონენტებმა არ ისურვეს. მათგან განსხვავებით, თავიანთი დამოკიდებულება პრეზიდენტის საპროგრამო სიტყვის მიმართ დაუფარავად გამოხატეს იმ ადამიანებმა, რომლებიც რუსთაველის პროსპექტზე თავად ადევნებდნე თვალყურს ინაუგურაციის პროცესს - ისინი მქუხარე ტაშით ხვდებოდნენ პრეზიდენტის გამოსვლას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებული აჟიოტაჟი მაინც სამხედრო აღლუმმა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG