Accessibility links

logo-print

რას ამბობდნენ 25 იანვარს საქართველოს საპატიო სტუმრები


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე, ყველასთვის თვალსაჩინო მოვლენების გარდა, გაჯერებული იყო რამდენიმე საგულისხმო შეტყობინებით, მინიშნებითა თუ განცხადებით,

რომელიც 25 იანვრის მანძილზე გაკეთდა.

სტუმართა რანგირება საქართველოში არავის მოუხდენია, მაგრამ ყველა შეთანხმდა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ჩამოსვლა იყო. თბილისის საკრებულოში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა ჩამოაყალიბა კრიტერიუმები, რომლითაც შეერთებული შტატები საქართველოს მომავალი მთავრობის საქმიანობას მიუდგება და შეაფასებს. კოლინ პაუელის განცხადებით, მთავარია დემოკრატია და სტაბილურობა, კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარება. დემოკრატიის უწინარეს ნიშნად სახელმწიფო მდივანმა ადამიანის უფლებათა დაცვა და ოპოზიციურ პარტიათა სრულუფლებიანი წარმომადგენლობა დაასახელა. სახელმწიფო მდივანმა დემოკრატიისათვის განსაკუთრებულ საფრთხედ მიიჩნია კორუფცია, რომელიც, მისი თქმით, ხრავს დემოკრატიას. პაუელმა გამოთქვა იმედი, რომ ქართველი ხალხი აღარ მოითმენს და აღარ მიიღებს კორუფციას ამიერიდან. შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარება ეფექტიანად უნდა იქნეს გამოყენებული, აღნიშნა კოლინ პაუელმა.

ამერიკის დახმარებაზე 25 იანვარს ბევრი ლაპარაკობდა და ერთ-ერთი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გახლდათ, რომელსაც ამ დღეს შეხვდა სახელმწიფო მდივანი. შეხვედრის კომენტირებისას კიდევ ერთელ გაისმა ხმა ახლო წარსულიდან:

[შევარდნაძის ხმა] "სხვათა შორის, ზოგიერთი რაღაცეები შევახსენე და გულწრფელად ვუთხარი, რომ არ ყოფილიყო შეერთებული შტატების ნამდვილი დახმარება, საქართველო, როგორც ქვეყანა ვერ აშენდებოდა-მეთქი. ხალხი შიმშილობდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. პირველი იყო აშშ, რომელმაც მარცვალი გამოგვიგზავნა."

მარცვალზე, ოღონდ - იმედის მარცვალზე, ლაპარაკობდა საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოთქმულმა ქათინაურებმა სილაღის ხასიათზე დააყენა:

[სააკაშვილის ხმა] "მამაჩემს არ უსაუბრია ჩემზე ასეთ აღმატებულ ტონებში, როგორც ის საუბრობდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი (ისმის პაუელის სიცილი). მთავარია, რასაც ის ეუბნება ქართველ ხალხს: არსებობს იმედი, არსებობს მომავალი და აშშ იქნება ჩვენთან ერთად ამ იმედისა და მომავლის დასადასტურებლად და ცხოვრებაში დასამკვიდრებლად. ესაა მთავარი. მისი ჩამოსვლა უკავშირდება იმედს."

თბილისის საკრებულოში მისვლამდე კოლინ პაუელი შეხვდა 100 ადამიანს, რომელთაც, ითვლება, რომ წვლილი შეიტანეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. თუმცა ფილოსოფიის დოქტორმა გიგი თევზაძემ, რომელიც მიწვეული გახლდათ ამ შეხვედრაზე, მითხრა, რომ ბევრი იქ მყოფის ვინაობა, უბრალოდ, არ იცოდა:

[თევზაძის ხმა] "მაგალითად, ერთი იყო დაპატიჟებული, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა განყოფილების გამგე - ვიღაც ქალი, რომელმაც უთხრა პაუელს, ამერიკაში რომ ვიყავი, თქვენთვის მინდოდა ხელი ჩამომერთმია და ახლა ჩამოგართმევთ, თუ შეიძლებაო, და იმანაც ჩამოართვა და გადაკოცნა... რაც მთავარია, არ იყო დავით უსუფაშვილი, არც თინა ხიდაშელი, არც თავისუფლების ინსტიტუტი, არც სოროსის ფონდი და არც ერთი "დაუმორჩილებელი". რაღაც ასეთი გაუგებრობა იყო."

პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს საქართველოში პირველად ჩამოვიდა ნატოს ოფიციალური დელეგაცია. თბილისს ეწვია ეუთოს ახალი თავმჯდომარე, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლომონ პასიც. ჟურნალისტებთან საუბრისას პასიმ განაცხადა, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის ვალდებულებებს ართულებს ის დიდი ნდობა, რაც მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობამ გამოუცხადა. რაც შეეხება თვითონ ეუთოს, ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, ის კვლავაც დაეხმარება საქართველოს: დახმარების უახლოესი მიზანი 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებია.

სიუჟეტის ბოლოს ისევ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებებს ვუბრუნდებით. კოლინ პაუელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანაზე და თქვა, რომ რუსეთმა ამოწურა 1999 წლის სტამბულის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვადა. სახელმწიფო მდივანი თბილისიდან მიემგზავრება მოსკოვს, სადაც რუსეთის უმაღლეს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას ის წამოჭრის ხელშეკრულების შესრულების საკითხს.

25 იანვარს თბილისში იმყოფებოდა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელობაც. სამინისტროს წარმომადგენელმა პაუელის პასუხად განაცხადა, რომ მოსკოვში შეხვედრისას რუსული მხარე სახელმწიფო მდივანს საქართველოში ამერიკელი სამხედროების ყოფნის ვადებზე დაელაპარაკება. თუ ამერიკელი სამხედროების მიზანი არა მხოლოდ ანტიტერორისტულ ოპერაციაში საქართველოს დახმარებაა, არამედ, მაგალითად, ნავთობსადენის დაცვაც, ეს რუსეთისთვის მიუღებელია და შეშფოთებას იწვევს, განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.
XS
SM
MD
LG