Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილის ცხოვრების მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 24 იანვარს გელათის სამონასტრო კომპლექსის ეზო ცნობისმოყვარეებს ვერ იტევდა - 24 იანვარს გელათში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ახალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დალოცა,

მიხეილ სააკაშვილმა კი დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცი დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

დაახლოებით 7 ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი 24 იანვარს გელათის ეზოში. დაახლოებით 7 ათასი ადამიანი დილიდან ელოდა გელათში საქართველოს ახალი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩასვლას. საქარველოს სამთავროების დროშები, ჩოხებში გამოწყობილი მომღერლები, ანთებული კელაპტრები, ძველი ქართული საგალობლები - როგორც ჩანს, ღონისძიების ორგანიზატორებს ამგვარი სიმბოლოებით პრეზიდენტის სულიერი ინაუგურაციის განსაკუთრებული მნიშვნელობისთვის ხაზის გასმა სურ დათ. საქართველოს კათალიკოს-პარტიარქის დალოცვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ლეგენდარული მეფის დავით აღმაშენებლის საფლავთან განაცხადა, რომ მისი ცხოვრების მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა:
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] " მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჩვენ ყველას, მიუხედავად ეროვნებისა, საქართველოში გვაერთიანებს ერთი რამ - ჩვენი სამშობლოს სიყვარული. დავითის საფლავზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვთქვათ: საქართველო მოემზადება, საქართველო გაერთიანდება, საქართველო გაძლიერდება და საქართველო გამთლიანდება. მე მინდა თქვენი დახმარება ვითხოვო ამ საქმის განხორციელებაში. მე მინდა ყველანი ერთად დავდგეთ და ყველანი ერთმანეთს დავუდგეთ მხარში."
საღამოს 6 საათისთვის მიხეილ სააკაშვილი თბილისში დაბრუნდა, სადაც უკვე ჩამოდიან 25 იანვრის ინაუგურაციაში მონაწილეობის მისაღებად უცხოელი სტუმრები. თუმცა ახალი პრეზიდენტის დღის წესრიგი 24 იანვარს სასულიერო ფიცის დადებით არ ამოიწურება: საღამოს 9 საათზე იგი ქართველი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას მართავს.
დილით, 25 იანვარს, მიხეილ სააკაშვილს ბათუმსა და ფოთში ელიან, სადაც ის სამხედრო აღლუმებს ჩაიბარებს. 15 საათზე კი რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, იგი უკვე საქართველოს კონსტიტუციაზე დადებს ფიცს, რომ დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, იზრუნებს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.
XS
SM
MD
LG