Accessibility links

logo-print

როგორი სოციალური ვითარებით ხვდება ქუთაისი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონიალს


მაშინ, როდესაც ახალი ხელისუფლება თბილისში, ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალის რეპეტიციებს მართავდა, სოციალური პრობლემებით შეჭირვებული მოსახლეობა

ინაუგურაციის ჩაშლით იმუქრებოდა. ასეთი მუქარა ყველაზე მეტად ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე ისმოდა, თუმცა გელათში პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონიალის დროს არავის უნახავს საპროტესტოდ ქუჩაში გამოსული მოსახლეობა. როგორ მოახერხა ხელისუფლებამ ქუთაისში პრეზიდენტის სულიერი ინაუგურაციის ცერემონიალისთვის მოქალაქეთა პროტესტის თავიდან აცილება?

თვეების მანძილზე ელექტროენერგიის უქონლობით გაწამებული ქუთაისის მოსახლეობა კვირის დასაწყისში გამართულ საპროტესტო აქციაზე გელათში პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალის ჩაშლით იმუქრებოდა. ჩვენი ქუთაისელი კორესპონდენტის ნინო ღაჭავას თქმით, მოსახლეობა "ვარდების რევოლუციითაც" კი დაემუქრა ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოუციის" შემოქმედს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს:

[ნინო ღაჭავას ხმა] "მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა ახალი მთავრობის მიმართ და ასეთი მუქარაც გაისმა, რომ, თუ ელექტროენერგიას არ მიიღებდნენ გრაფიკით მაინც, ინაუგურაციის დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსისკენ მიმავალ გზაზე ვარდებით დახვდებოდნენ პრეზიდენტს."

ქუთათურებმა მუქარაზე ხელი მას შემდეგ აიღეს, რაც ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება გამოსწორდა და ელექტროგამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელიც შეიცვალა. ახალი ხელმძღვანელი მოსახლეობას მოწესრიგებულ გრაფიკს ჰპირდება.

ელექტროენერგიის დეფიციტის გარდა, პრეზიდენტის დალოცვის ცერემონიალის მოწმე ქუთაისის მოსახლეობას უხელფასობა და უპენსიობაც აწუხებს. ამ მიზეზით ქუთაისის მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია 23 იანვარსაც კი გაიმართა. ჩვენი კორესპონდენტის ნინო ღაჭავას ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, დეკემბრის ხელფასები და პენსიები დავარიგეო, ქუთაისში პენსიონერები ჯერ მხოლოდ გასული წლის ივლის-აგვისტოს თანხებს იღებდნენ. უკეთესი მდგომარეობაა ხელფასების თვალსაზრისით, თუმცა ფინანსთა მინისტრის სიტყვები არც აქ გამართლდა. აი, რას ამბობს ქუთაისელი პედაგოგი, მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირების წევრი მანანა ღურჭუმელიძე:

[მანანა ღურჭუმელიძის ხმა] "დეკემბრის ხელფასი არ მიუღიათ. ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში იანვრის ხელფასიც უნდა მიიღონ. ასეთი პრობლემა არის, რომ ქუთაისში მასწავლებლებს ეუბნებიან, ეს იქნება იანვრის ხელფასი და დეკემბრის ხელფასს ვერ მიიღებთო. მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთა ამას."

გაცილებით რთული მდგომარეობაა ქუთაისში კომპაქტურად განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მასწავლებელთა სახელფასო დავალიანების მხრივ. მათ სექტემბრის შემდეგ ხელფასი არ მიუღიათ და, მანანა ღურჭუმელიძის თქმით, საპროტესტო აქციების დაწყებამდე დახმარებისთვის პრეზიდენტის რწმუნებულს დავით მუმლაძეს მიმართეს:

[მანანა ღურჭუმელიძის ხმა] "მისი პასუხი იყო ასეთი, რომ თქვენ გზას ვერ გადაკეტავთ - უბრალოდ, ჩვენ ცხვირპირს დაგიმტვრევთ და... ეს მასწავლებლები, სამგზავრო რომ არ ჰქონდათ და მართლა პურის ფული რომ არ ჰქონდათ, პარლამენტის წინ იდგნენ და ლექსებს კითხულობდნენ."(სტილი დაცულია)

ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" ამ აქტიურ მონაწილეებს რევოლუციასთან დაკავშირებული იმედები ჯერ არ დაუკარგავთ და სამართლის პოვნას პრეზიდენტთან შეხვედრით აპირებენ. თუმცა არც გუბერნატორის მუქარა აშინებთ და 26 იანვრისთვის საპოტესტო აქციის გამართვასაც გეგმავენ.

გამოიყენებს თუ არა დავით მუმლაძე ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების მომხრეთა საპროტესტო აქციების დარბევის პრაქტიკას აფხაზეთიდან დევნილი მასწავლებლების წინააღმდეგ, ეს ორიოდე დღეში გამოჩნდება.

მანამდე კი მუმლაძემ, პრეზიდენტისთვის თავისი მუშაობის შედეგიანობის საჩვენებლად, გელათში დალოცვისა და ფიცის დადების ცერემონიალის წინ კიდევ ერთი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი დაიჭირა. სპეცოპერაციის შედეგად, ამოღებულ იქნა რამდენიმე ცეცლსასროლი იარაღი და სხვა ნივთმტკიცებულებები.

[მამუკა მუჯირის ხმა] "ჩვენ რამდენიმე დღეა ინტენსიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციამ ჩაიაროს ექსცესების გარეშე. რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი სპეცოპერაცია იყო, რომელიც განვახორციელეთ ერთობლივად და წარმატებულად."

უშიშროების მინისტრის მოადგილის მამუკა მუჯირის ამ განცხადებიდანაც ჩანს, რომ გელათში პრეზიდენტის დალოცვამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარებული სპეცოპერაცია ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი იყო იმ ჯაჭვისა, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ ქუთაისში სოციალური თუ სხვა სახის დესტაბილიზაციის აღკვეთას ისახავდა მიზნად.
XS
SM
MD
LG