Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი ახალ ქართულ ხელისუფლებაზე გულუხვად გასცემს ავანსებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირა, უკვე ტრადიციად ქცეული ხმაურიანი დაჭერების გარდა, საქართველოს მიმართ დასავლეთისა და სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან კიდევ ერთხელ

დადასტურებულ კეთილგანწყობათა სერიით აღინიშნა. პრეზიდენტად კურთხევისა და ინაუგურაციის წინ მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიული დავოსიდან „ხელდამშვენებული" ბრუნდება.

შვეიცარიაშივე ახლად შექმნილი "საქართველოს დახმარების ფონდი", სკანდალურად ცნობილი ფინანსისტის ჯორჯ სოროსისა და გაერო-ს წყალობით, ერთ დღეში 2 მლნ. აშშ დოლარით შეივსო, ხოლო აშშ-ის ადმინისტრაციამ მიმდინარე წელს ქვეყანას 200 მილიონიანი დახმარება აღუთქვა, რაც, მართლაც, უპრეცედენტო ჟესტია. აქამდეც საქართველო პირველ ადგილზე იყო ერთ სულ მოსახლეზე შტატების მიერ გაწეული დახმარების ოდენობით, მაგრამ ამჟამად დაგეგმილი მოცულობა, ამ მხრივ, ლამის ყველა რეკორდს ხსნის.

შვეიცარიაშივე დახმარების გაწევის მზადყოფნა დაადასტურა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელმა. იმავე განწყობით მიმდინარეობდა თბილისში მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის დონა დოუსეტ-ქოიროლოს ვიზიტი. "არავისთვის დასამალი არ არის, რომ მსოფლიო ბანკმა სტრუქტურული გარდაქმნის პროგრამა შეაჩერა. მაგრამ ის ცვლილებები და რეფორმები, რომელსაც ახალი ხელისუფლება ახორციელებს, დიდ საფუძველს გვაძლევს, რომ აღნიშნული პროგრამა კვლავ განახლდეს", - აღნიშნავს რეგიონალური დირექტორი. დონა დოუსეთ-ქოიროლო
იმედოვნებს, რომ სტრუქტურული გარდაქმნის პროგრამის დაფინანსება მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება. "საკი-4"-ის ფარგლებში, საქართველომ 60 მილიონი აშშ დოლარი 3 ტრანშად უნდა მიიღოს.

ქოიროლო დადებითად აფასებს ახალი ქართული ხელისუფლების ძალისხმევას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ფიქრობს, რომ მისი წინა ვიზიტის შემდეგ, რომელიც გასული წლის ბოლოს შედგა, ეკონომიკური სიტუაცია შეიცვალა. ამ შეფასებიდანაც ცხადი ხდება, რომ დასავლური კეთილგანწყობა და დახმარებების გულუხვი დაპირება არის პოლიტიკური დივიდენდი და ავანსი, რადგან ნოემბრის შემდეგ ქართულ ეკონომიკას და, რაც მთავარია, მოსახლეობას, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, მაინცდამაინც შვება არ უგრძვნია, თუმცა ეს ობიექტურად შეუძლებელიც იყო დროის ამ მცირე მონაკვეთში. დასავლური ფული და პოლიტიკური რევერანსები ჯერჯერობით მხოლოდ ხელისუფლების დეკლარაციებს ეყრდნობა და ამ ეტაპზე წინასწარ იმის თქმა, თუ რამდენად ადეკვატური იქნება მთავრობა დეკლარირებული პრინციპებისა, ჯერჯერობით ნაადრევია, შესაბამისად, ყველა ის კეთილი ჟესტი, რომელსაც რევოლუციის შემდგომი ხელისუფლება იმკის, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ავანსი, რომლის მსგავსი ათიოდ წლის წინაც გვინახავს. მთავარი ამ შემთხვევაში ისაა, რამდენად გამართლდება ეს იმედი.

არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დახმარება და ინვესტიციები სჭირდება, რათა დემოკრატიის განმტკიცება შეძლოს და თავიდან აიცილოს კონფლიქტები. სააკაშვილმა ყურადღება ანტიკორუფციულ პროგრამასა და რუსეთთან მტკიცე ეკონომიკური ურთიერთობების აუცილებლობაზეც გაამახვილა. ამასთან, იგი აღიარებს, რომ საქართველოს დასავლეთის იმედების გასამართლებლად ექვსი თვე აქვს და დახმარებასაც ქვეყანა მხოლოდ ამ დრომდე უნდა ელოდეს.

რაც შეეხება თანხებს, რომელიც საქართველოს დახმარების ფონდში შევა, მისი მიზნობრიობა სააკაშვილმა შვეიცარიაშივე გაწერა: თანხა, ძირითადად, პოლიციელების, საბაჟო და საგადასახადო თანამშრომელთა ხელფასებს მოხმარდება. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო მოხელეთა ამ კონტინგენტის ნორმალური ხელფასით უზრუნველყოფა კორუფციულ საქმიანობაში მათი მონაწილეობის შესაძლებლობას შეამცირებს. პრეზიდენტის განცხადებით, ამ სამი უწყების თანამშრომელთა ხელფასი 500-1000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი უნდა იყოს.

აღნიშნულმა განცხადებამ საქართველოში იმთავითვე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რამდენად მართებული და მორალურია, რომ ქართველი ჩინოვნიკების, მით უმეტეს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა ხელფასები უცხოელმა, თუნდაც კეთილგანწყობილმა, ბიზნესმენებმა ან ფონდებმა დააფინანსონ?
ბუნებრივია, ამ ღონისძიებაში არის გარკვეული უხერხულობა. ის, რომ ჩინოვნიკებს, რომელთა გადაწყვეტილებაზე ბევრად არის დამოკიდებული სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირება, ღირსეული და არა სიმბოლური ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, არავისთვის საკამათო არ არის, მაგრამ თუ რის და ვის ხარჯზე უნდა ხდებოდეს ეს, მართლაც, სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს. სოციალისტური პარტიის გენერალური მდივანი ზაქარია ქუცნაშვილი ფიქრობს, რომ ფონდის სახსრები უმჯობესია პენსიონერების შემწეობებზე დაიხარჯოს, ხოლო ამის შედეგად ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული თანხებით ჩინოვნიკების ხელფასის ზრდის რეზერვი გამოინახოს. ამასთან, ჯერჯერობით არავის შეუძლია გასცეს იმის გარანტია, რომ რიგითი ჩინოვნიკების სოლიდური ხელფასები მაღალ სახელისუფლებო სტრუქტურებში არ განავრცობს კორუფციის შემთხვევებს და ამ სამსახურებში მოხვედრა არ იქცევა თავად კორუფციის ახალ წყაროდ.

მოკლედ, დახმარების სიდიდისა და დასავლეთის კეთილი ნების გამოხატვის ფაქტით აღფრთოვანების მიუხედავად, კითხვები მრავლადაა. ამასთან, დახმარებების იმედად ყოფნის სინდრომი, რომელიც არც წინა ხელისუფლებისათვის იყო უცხო, უდავოდ, აღძრავს უხერხულ ემოციებს. არავინ აპირებს დახმარებებზე უარის თქმას, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის შიდა რესურსი მინიმუმამდეა დაყვანილი, - ამის გაკეთება, დანაშაულებრივი თუ არა, გაუმართლებელი ქედმაღლობა იქნებოდა, - მაგრამ დევიზი "დასავლეთი არ გაგვწირავს", რომლის სიმწარე ქართულმა საზოგადოებამ უკვე იგემა, ბევრის აზრით, რეალური და გააზრებული ნაბიჯების გადადგმის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს შექმნის გარეშე, საქართველოს ისევ ხელგაწვდილი ქვეყნის იმიჯისა და შესაბამისი მენტალობის საფრთხით ემუქრება და, რაც მთავარია, თუ დეკლარაციებს, მართლაც, არ მოჰყვა ხელშესახები შედეგები, საქართველოს - უკეთ კი, მისი ხელისუფლების - მიმართ მორიგი იმედგაცრუება, შესაძლოა, უკვე საბედისწეროც აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG