Accessibility links

logo-print

''დაისი'' 80 წლისაა


1923 წლის 19 დეკემბერს საქართველოს დედაქალაქში

ნამდვილი ეროვნული დღესასწაული მოეწყო - ოპერის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ახალი ოპერის, "დაისის", პრემიერა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებდა, ქართული კულტურა დამოუკიდებლობას მაინც არ თმობდა. გასაბჭოებულ საქართველოში "დაისი" თავისუფლების ჰიმნად აღიქვეს. რა როლი შეასრულა ფალიაშვილის ამ უკვდავმა ოპერამ ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში?

1985 წელს საბჭოთა ფირმა "მელოდიამ" გამოუშვა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "დაისის" უნიკალური ჩანაწერი, უნიკალური და ორიგინალური - ორ ფირფიტაზე გაერთიანდა "დაისის" სამი შესრულება: მოსკოვში 1937 წელს ქართული კულტურის დეკადისთვის მომზადებული "დაისი" - ფალიაშვილის ოპერის გენერალური რეპეტიციის ჩანაწერი, სოლისტების ორი, განსხვავებული, შემადგენლობით, და ფრაგმენტი 1937 წლამდე დადგმული სპექტაკლიდან, რომელშიც კიაზოს პარტიას სანდრო ინაშვილი ასრულებდა. პროექტის იდეა ეკუთვნის საქართველოს სახალხო არტისტს ანზორ ერქომაიშვილს. ოპერის სამი ვარიანტის ხელოვნურმა გაერთიანებამ ფალიაშვილის მუსიკის აღქმას ხელი არ შეუშალა, რაც, ბუნებრივია: სამივე ჩანაწერში დირიჟორის პულტთან ხომ ერთი და იგივე მუსიკოსი, ევგენი მიქელაძე, იდგა. უფრო მეტიც, სოლისტების ცვლილებამ მსმენელის ყურადღება მთლიანად ორკესტრზე, ე.ი. ლეგენდარულ ქართველ დირიჟორზე, გადაიტანა, იმ ადამიანზე, რომელიც ამ ჩანაწერით თითქოს სიცოცხლეს ემშვიდობება: ქართული კულტურის დეკადაზე "დაისის" შესრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ევგენი მიქელაძეს დააპატიმრებენ და დახვრეტენ; დარჩება მხოლოდ ტექნიკურად გაუმართავი ეს ჩანაწერი, რომელშიც დიდი კომპოზიტორის მუსიკა ტრაგიკული ეპოქის ბრწყინვალე სახედ იქცა.

[მუსიკა]

ტრაგიკული ეპოქა კი "დაისის" მოსკოვური პრემიერით არ დაწყებულა. მუსიკოსების დამორჩილების სურვილი ქართულ საბჭოთა ხელისუფლებას ქვეყნის გასაბჭოებისთანავე გაუჩნდა. ბოლშევიკურ მთავრობას კარგად ახსოვდა, როგორი ტრიუმფით მოეწყო 1919 წლის 21 თებერვალს, ავტორის დირიჟორობით, "აბესალომ და ეთერის" პრემიერა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე. იმხანად "აბესალომი" დამოუკიდებელი ქართული ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად ითვლებოდა. საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, ოპერის თეატრში მოქმედი გმირები კი იგივენი დარჩნენ - ზაქარია ფალიაშვილი და ალექსანდრე წუწუნავა. 1923 წლის ზაფხულში, როგორც კი ფალიაშვილმა "დაისზე" მუშაობა დაამთავრა, ოპერის თეატრის დასი ახალი წარმოდგენის განხორციელებას შეუდგა. ჩვენთან საუბარში საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ ანდღულაძე "დაისის" წინასაპრემიერო ციებ-ცხელებას ასე აღწერს:

[ნოდარ ანდღულაძის ხმა] "მეორე აქტის დიდი გუნდი რომაა - თავისუფლების მოწოდება, მოწინავე საბჭოთა იდეოლოგიის კომპოზიტორებმა მთელი ამბავი მოუწყეს ზაქარიას, ნაციონალისტური მუსიკა დაწერაო. ეს მაშინ საყვედური კი არა, ბრალდება იყო. კომისიაც შექმნილა, ვიქტორ დოლიძის თავმჯდომარეობით - არის თუ არა ეს მენშევიკური მუსიკა... ასე იდგა საკითხი. ალბათ, გაფუჭება უნდოდათ ზაქარიასი... არა მგონია, რომ დოლიძე აქტიურობდა. მე ვიცი მისი ასეთი ფრაზა: "მე არ ვიცი ეს მენშევიკური თუ ბოლშევიკური მუსიკაა, მაგრამ ვიცი, რომ ამ მუსიკით დაგასაფლავენ თქვენ ყველას."

"დაისი" - არც "მენშევიკური" ოპერაა და არც "ბოლშევიკური". "დაისი" - მწუხრია, ლირიკული დრამაა, რომელიც შემთხვევით არ მიმდინარეობს ღია ცის ქვეშ, ხატობის დღესასწაულის გარემოში. "აბესალომ და ეთერისგან" განსხვავებით, "დაისის" ლიბრეტოს ავტორმა ვალერიან გუნიამ სიუჟეტი რეალური სინამდვილიდან აიღო. მოქმედება ვითარდება მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ვითარდება ერთ ადგილას, ტაძრის გალავნის ეზოში - იწყება საღამოს, გრძელდება ღამით და მთავრდება განთიადზე. მართალია, წინა პლანზე გმირთა პირადი დრამა წარმოჩნდება, გარემო არც ერთ სცენაში არ აღიქმება როგორც ფონი. უფრო მეტიც, 1923 წელს, "დაისის" პრემიერის შემდეგ, ქართულ გაზეთებში გამოქვეყნებულ რეცენზიებს რომ გავეცნოთ, დავრწმუნდებით, რომ დედაქალაქში, რომლის თავზე წითელი დროშა ორი წლის წინ აღიმართა, ზაქარია ფალიაშვილის ეს ოპერა, პირველ რიგში, აღიქვეს როგორც სახალხო და არა როგორც ყოფითი დრამა. გუნიამ და ფალიაშვილმა შემთხვევით არ აირჩიეს ლიბრეტოსთვის ხატობის დღესასწაული, რომელზედაც, როგორც წესი, ხალხი საქართველოს ყველა კუთხიდან იყრიდა თავს. სწორედ სიუჟეტმა მისცა საშუალება ავტორებს მიეღწიათ განსაკუთრებული ინტონაციური მრავალფეროვნებისთვის, თუნდაც მუსიკალურ-დიალექტური მრავალფეროვნებისთვის, რათა სცენაზე შექმნილიყო მრავალსახოვანი, მაგრამ ერთიანი ქვეყნის სახე... ქვეყნისა, რომელმაც დამოუკიდებლობა დაკარგა, მაგრამ შეინარჩუნა მთავარი - თავისუფლების სურვილი და მთლიანობა.

ასეთი საქართველო გამოხატა ზაქარია ფალიაშვილმა თავის მეორე ოპერაში, რომელშიც "აბესალომისთვის" დამახასიათებელი გლეხური საგუნდე სიმღერების ეპიკურობა შეიცვალა ცალხმიანი ქალაქური სიმღერებით. მიუხედავად ამისა, "დაისში" მინიმუმამდეა დაყვანილი საოპერო არიის როლი. არიის ნაცვლად არიოზული სარომანსო ფორმებია გამოყენებული. ფალიაშვილის პირველ საბჭოთა ოპერაში იქმნება უჩვეულო კონტრაპუნქტი - ქალაქური სტილი, რომელიც სარომანსო ინტონაციებით მკვიდრდება, და ხალხური სიმღერა, ცეკვა, რომელიც ჟანრულ-ყოფით დრამას გმირულ-ეპიკურ ფორმას ანიჭებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 80 წლის წინ "დაისში" ზაქარია ფალიაშვილმა არა მარტო ქართული კულტურის დიალექტური მრავალსახოვნება წარმოაჩინა, არამედ ქალაქური და ხალხური კულტურის, უფრო მეტიც, დასავლური და აღმოსავლური კულტურების სინთეზს მიაღწია... სწორედ ეს იყო მისი, როგორც მოქალაქის, პოზიცია, მისი მუსიკის "იდეოლოგია"... იმ მუსიკისა, რომელიც დაიწერა, ერთი მხრივ, ფალიაშვილის ნიჭის საქვეყნო აღიარების და, მეორე მხრივ, ეროვნული დამოუკიდებლობის დაკარგვის ეპოქაში.

[მუსიკა]

რატომ თქვა უარი ფალიაშვილმა "აბესალომის" ეპიკურ სტილზე, რატომ დაინტერესდა ლირიკულ-ყოფითი ოპერით?
ამ კითხვას ქართველი მუსიკისმცოდნეები განსხვავებულად უპასუხებენ ხოლმე... მიუხედავად იმისა, რომ მუსიკის სპეციალისტთა უმრავლესობა "აბესალომს" - და არა "დაისს" -მიიჩნევს მწვერვალად ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებით ბიოგრაფიაში, ფაქტია, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ ფალიაშვილს პოპულარობა სწორედ "დაისმა" მოუტანა. ფალიაშვილის პირველი საბჭოთა ოპერა, ამავე დროს, შეიძლება ითქვას, რომ პირველი ქართული ევროპული ოპერაა. "დაისში" - საერთაშორისო თანამეგობრობისგან იზოლირებული, ანექსირებული საქართველო ცდილობს მუსიკით მაინც შეინარჩუნოს ადგილი მსოფლიო და, პირველ რიგში, ევროპულ კულტურულ სივრცეში.

ქვეყანას ეს ადგილი წაართვეს, ამიტომ "დაისი", მართლაც, გადაიქცა მწუხრის სიმბოლოდ. ამას ადასტურებს საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ ანდღულაძეც, რომელიც "ოქროს საუკუნის" შემდეგ გამოშვებაში ზაქარია ფალიაშვილის ოპერის საუკეთესო დადგმებს გაიხსენებს.
XS
SM
MD
LG