Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტული პარტია ევრაზიის პოლიტიკური კონგრესის თბილისში გამართვის ინიციატივას გამოთქვამს


გასული კვირის ბოლოს ევროპასა და რუსეთში გამართული საქმიანი შეხვედრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა ლეიბორისტული შრომის პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

ორკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, მან შეხვედრები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფედერაციის საბჭოში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეროვნულ ასამბლეაში, ევროპარლამენტში. როგორც ლეიბორისტული შრომის პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი შენიშნავს, მისი ევროპული ტურნე, სულ მცირე, ორი ფაქტის გამო გახდა მნიშვნელოვანი: ევროპარლამენტში წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე, თბილისში - სავარაუდოდ, შემოდგომაზე - ევრაზიის პოლიტიკური კონგრესი გაიმართება და, მეორე, საფრანგეთისა და ბელგიის სოციალისტური პარტიები საქართველოს ლეიბორისტული შრომის პარტიას მსოფლიო სოციალისტურ ინტერნაციონალში გასაწევრიანებლად რეკომენდაციას გაუწევენ.

ერთადერთი პოლიტიკური პარტია არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიასა და მთელი ესენგეს სივრცეში არის საქართველოს ლეიბორისტული შრომის პარტია, - ლეიბორისტული შრომის პარტიის ამ უკანასკნელ არათავმდაბლურ, გნებავთ, პრეტენზიულ განმარტებას შალვა ნათელაშვილი ევროპული ტურნეს შემდეგ ავრცელებს, ერთადერთობის პრეტენზიას კი შემდეგი გარემოებით ხსნის:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "ნატოს გენერალური მდივანი რომ მიიღებს პარტიის ხელმძღვანელს საქართველოდან ან რომელიმე ქვეყნიდან, ევროპარლამენტის ფრაქციათა ლიდერები რომ მიიღებენ, საფრანგეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტი რომ მიგიღებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რომ მიგიღებს, ეს ნიშნავს რას? - ეს ნიშნავს იმას, რომ არა მარტო საქართველომ, არამედ მთელმა ევროპამ და მსოფლიომ იცის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკური პარტია, ყველა კლასიკური მახასიათებლით."

საქართველოში, ამიერკავკასიასა და ესენგეში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს შალვა ნათელაშვილი, ფაქტობრივად, იმიტომ არ აღიარებს, რომ ისინი, ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით, საარჩევნო ბლოკებად ერთიანდებიან. შალვა ნათელაშვილის ამ მოსაზრების დემონსტრირება, თავის მხრივ, ლოგიკურად ხსნის იმასაც, რა სახით წარდგება 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს ლეიბორისტული პარტია - კერძოდ, იგი არავითარ შემთხვევაში არ გაერთანდება არც ერთ წინასაარჩევნო ალიანსში - მათ შორის, არც მკვეთრად მემარცხენეში - და არ მიემხრობა საარჩევნო ბარიერის დაწევას.

ასეთ ვითარებაში შალვა ნათელაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ პარტია პარლამენტს მიღმა დარჩეს. იგი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მის პარტიას უკვე მესამედ უპირებს ბლოკირებას. ახალი ხელისუფლებისადმი შეურიგებლობა ლეიბორისტებისათვის ასეთ პირობებშიც პრიორიტეტულად დარჩება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში "ვარდების რევოლუციის" ძალით მოსული ხელისუფლების კრიტიკა იყო შალვა ნათელაშვილის ევროპაში მოგზაურობის ძირითადი მიზანი. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ლეიბორისტებმა პირველად დატოვეს საქართველო. თავისთავად, ალბათ, ეს ფაქტიც საგულისხმოა.

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "მსოფლიოში ორი პერმანენტული რევოლუციის ავტორი იყო ტროცკი და მეორე, ბატონი სოროსი, "ვარდების რევოლუციის". და, სამწუხაროდ, მე მქონდა ევროპულ საზოგადოებასთან საუბარი იმის შესახებ, რომ, თუ ასე გაგრძელდა, ევროპა დაკარგავს კონტროლს საკუთარ თავზე. თუ ევროპამ დაუთმო ამერიკულ ინსტიტუტებს და სოროსებს ევროპული ქვეყნები, ძალიან მალე ევროპული ქვეყნებისგან დარჩება თეთრი ლაქა და მე მინდა გითხრათ, რომ მათ ეს სავსებით სწორად გაიგეს."

შალვა ნათელაშვილი ევროპიდან საქართველოში 24 იანვარს დაბრუნდა. პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ 28 მარტის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება მის დაბრუნებამდე მიიღო. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტში, ბელგიასა და საფრანგეთში გამართული პოლიტიკური კონსულტაციების შედეგია.
XS
SM
MD
LG