Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ფართოდ გამოეხმაურა მსოფლიო პრესა საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის კურთხევის საზეიმო ცერემონიას

როგორც ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი არიელ კოენი აღნიშნავს საინტერნეტო გამოცემა "იურეიჟა ვიუში", მიხეილ სააკაშვილი სრულიად ახალი თაობის წარმომადგენელია პოსტ-საბჭოთა პოლიტიკურ სარბიელზე; ესაა ლიდერი, რომელმაც მასების კარგად ორგანიზებული დარაზმვით შესძლო ქვეყანაში უსისხლო, ხავერდოვანი რევოლუციის მოწყობა, რაც მოქმედი პრეზიდენტის გადადგომით დამთავრდა.
არიელ კოენი დასძენს:

"პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია ვერ დაუშვებს იმას, რომ რუსეთმა ძირი გამოუთხაროს სააკაშვილის წამოწყებას, ვინაიდან ძლიერი და ეკონომიკურად აღორძინებული საქართველო ვითარების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს მთელს სამხრეთ კავკასიაში, უსაფუძვლოს გახდის სეპარატისტების რიტორიკას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, და რაც მთავარია, საქართველო გახდება უფრო ქმედითი პარტნიორი ბრძოლაში ტერორიზმის წინააღმდეგ".

გაზეთ "ჩიკაგო ტრიბიუნის" მიმომხილველის ალექს როდრიგესის აზრით, მეტად რთულ პრობლემას დაუპირისპირდა საქართველოს ახალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ბოლო უნდა მოუღოს სიღატაკეს, და თან ებრძოლოს კორუფციას, რამაც განვლილი ათწლეულის მანძილზე ქვეყანაში ეპიდემიური ხასიათი მიიღო, და რასაც ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა. სააკაშვილის წარმატება გარკვეულწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, რა მოცულობის დახმარებას მიიღებს საქართველო შეერთებული შტატებისა და ევროპისაგან".

გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მართალია მრავალი ქვეყნის მთავრობათა წარმომადგენლები დაესწრნენ 25 იანვარს თბილისში, საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის კურთხევის ცერემონიას, და მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვიც იყო, მოგვიანებით გამართულ თავის პირველ პრესკონფერენციაზე, მერიაში, სააკაშვილმა მხოლოდ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი მიიწვია.

შვეიცარიის წამყვანმა გერმანულენოვანმა გაზეთმა "ნოიე ციურხერ ცაიტუნგმა" 26ი იანვრის ნომერში გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან. მას, შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ამ გაზეთის პოლიტიკური მიმომხილველი რაინჰარდ მაიერი გაესაუბრა და თავდაპირველად ჰკითხა, როგორია მთავარი დასკვნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დავოსში გამართული შეხვედრებიდან გამოიტანა. სააკაშვილი მოკლე პასუხს სჯერდება:

"დავოსში უწინარეს ყოფლისა ვიგრძენი დიდი ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი. ჩვენთვის ეს არის დიდი შანსი, რომლითაც აუცილებალდ უნდა ვისარგებლოთ".

მიხეილ სააკაშვილის მიმართ "ნოიე ციურხერ ცაიტუნგის" მომდევნო შეკითხვები ეხება რუსეთთან ურთიერთობას, ქართველების დამოკიდებულებას რუსული ენისადმი, სეპარატისტულ კონფიქტებს... რაც შეხება კორუფციასთან ბრძოლის თემას, შვეიცარიელ ჟურნალისტს სურს შეიტყოს, მოჰყვა თუ არა შვეიცარიის მხრივ კონკრეტული ნაბიჯებითბილისის თხოვნას, გაეყინა კორუფციაში ეჭვმიტანილი ქართველი მოხელეების საბანკო ანგარიშები. მიხეილ სააკაშვილი ჰპასუხობს:

"სამწუხაროდ არა. დამატებითი ინფორმაცია გვთხოვეს. ვშიშობთ, რომ ეს საბანკო ანგარიშები ამასობაში სხვაგან იქნა გადატანილი. ეს დანამდვილებით არ ვიცით, მხოლოდ ვვარაუდობთ. იმიტომ, რომ როცა ცნობილი ხდება, რომ უკანონო შემოსავლებს უცხო ქვეყანაშიც დაეძებენ, საბანკო ანგარიშის მფლობელი ალბათ შეეცდება, რაც შეიძლება მალე გადამალოს ეს ანგარიში. მაგრამ მაინც მაქვს შვეიცარიის დახმარების იმედი და ამის შესახებ დავოსში შვეიცარიის ფედერალურ პრეზიდენტ დაისს ველაპარაკე. საქართველოდან უცხოეთში ძალიან დიდი უკანონო შემოსავლები გავიდა, განსაკუთრებით დანაშაულებრივი საქმიანობიდან ენერგეტიკის სექტორში, სახელმწიფო ბიუჯეტის მანიპულაციიდან, აგრეთვე ნარკობიზნესიდან და იარაღით უკანონო ვაჭრობიდან".
XS
SM
MD
LG