Accessibility links

კოლინ პაუელის ვიზიტი მოსკოვში


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს 27 იანვარს, მოსკოვში თავისი ორდღიანი ვიზიტის დამთავრებისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა,

რომ შეერთებულ შტაებსა და რუსეთს შესწევთ უნარი "გულწრფელად" ესაუბრონ ერთი მეორეს. ვიდრე დატოვებდა მოსკოვს, პაუელმა თქვა, რომ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის ისეთ დონეზეა, რომ ციტატა: "მე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი შევთანხმდით - პაექრობის ნაცვლად "ვითანამშრომლოთ" საქართველოშიო".

სამშაბათს მოსკოვში, რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში კოლინ პაუელი საქართველოს ტერტიორიაზე შემორჩენილი რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გატანის პრობლემას შეეხო და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს რუსეთს ბაზების გატანის საქმეში. პაუელის თქმით, გულწრფელი საუბარი - მეგობრობის საწინდარია [კოლინ პაუელის ხმა]: "გულწრფელი საუბარი ერთმანეთთან - მეგობრობის საწინდარია - და სწორედ ამგვარი მეგობრობა აკავშირებს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს. ამის დასტური იყო ჩემი და მინისტრ იგორ ივანოვის ყოფნა საქართველოში გუშინწინ საქართველოს ახალი პრეზიდენტის, ბატონ სააკაშვილის ინაუგურაციაზე, და ისიც, თუ როგორ შევთანხმდით ჩვენ გუშინდელი საუბრის დროს, რომ საქართველო უნდა გახდეს ის ადგილი, სადაც ჩვენ ვითანამშრომლებთ ერთი მეორესთან, პაექრობის ნაცვლად. რატომ? იმიტომ, რომ ეს ქართველი ხალხის ინტერესებს მოემსახურება".

კოლინ პაუელმა აღნიშნა ამასთანავე, რომ ხსენებული ბაზების გატანის ვადებზე უშუალოდ მოსკოვი და თბილისი უნდა შეთანხმდნენ.

ადრე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას პაუელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს საქართველოში თავისი სამხედრო ბაზების გახსნას, და რომ სულ მალე იქიდან თავის ასამდე სამხედრო ექსპერტს გაიყვანს.

"ცივი ომი დამთავრდა, რკინის ფარდა გაიხსნა, რუსეთი და შეერთებული შტატები არა კონკურენტები ან კიდევ პოტენციური მტრები, არამედ დღეს მეგობრები არიან", - დასძინა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
XS
SM
MD
LG