Accessibility links

ევროპის კავშირი სამხრეთი კავკასიის ქვეყნებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას სთავაზობს


უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, როგორც ჩანს, დადებითი შედეგები მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სამხრეთ კავკასიაში მისი მეზობლებისთვისაც.

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ მზად არიან გადახედონ ძველ გადაწყვეტილებას და მაინც ჩართონ ე.წ. "ფართო ევროპის" ინიციატივაში საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

ორშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს, ევროპის კომისიას და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორს, ხავიერ სოლანას მოუწოდეს, შესწავლილ იქნეს, როგორ არის შესაძლებელი ამ სამი სახელმწიფოს ჩართვა "ფართო ევროპის" პროგრამაში. ევროკავშირის დიპლომატების თქმით, მოხსენება - და, სავარაუდოდ, დასკვნაც - მაისის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.

"ვითარება საკმაოდ ნათელია. კომისარი ფერჰოიგენი ზაფხულში ევროკავშირის წევრთა საბჭოს მოახსენებს "ფართო ევროპის" პროგრამის წარმატების შესახებ მასში მონაწილე ქვეყნებში. ალბათ იმ დროსთვის გავაკეთებთ რეკომენდაციას "ფართო ევროპაში" სამხრეთი კავკასიის ქვეყნების ჩართვის თაობაზე. ჩემის აზრით, საამისოდ კარგი არგუმენტები არსებობს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი სათანადოდ იქნეს განხილული." განაცხადა ორშრაბათს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა ქრის პატენმა.

მაგრამ არც პატენს და არც სხვა ოფიციალურ პირებს არ უსაუბრიათ დეტალებზე. სპეციალისტების აზრით, ევროკავშირი იოლად არ გაამხელს, სამი ქვეყნის რა სახით ინტეგრაცია შეიძლება მოხდეს.

მათ გარდა არსებობს ქვეყნების ორი ჯგუფი, რომელთა წევრებსაც ევროკავშირში გაწევრიანების იმედი აქვთ. პირველში შედიან დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნები. გასული წლის ზაფხულში ისინი შეგნებულად დატოვეს "ფართო ევროპის" პროგრამის მიღმა, მაგრამ პირობა მისცეს, რომ მათთვის წაყენებული მოთხოვნების შესრულების შემდეგ გარანტირებული ექნებათ კავშირის წევრობა.

მეორე ჯგუფში შედიან სამხრეთი ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნები, რომელთა გაწევრიანება ექსპლიციტურად გამოირიცხა.

დანარჩენ ქვეყნებს, რომლებიც ამ ორ ჯგუფს შორის არიან, დაჰპირდნენ ევროპის კავშირის შიდა ბაზარში სრულ მონაწილეობას და ე.წ. ოთხ საერთო თავისუფლებას, რაც გულისხმობს საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას.

"ყველაფერი ინსტიტუციების გარდა" ასე უწოდებს ამ სტრატეგიას ევროკომისიის პრეზიდენტი რომანო პროდი. ანუ "ფართო ევროპის" პროგრამის წევრ ქვეყნებს არ ექნებათ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება.

ევროპის კავშირი ამ პროგრამის მეშვეობით შეეცდება საკუთარი კანონებისა და სტანდარტების სისტემა განავითაროს ამ ქვეყნებში და მათ მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინოს.

სამხრეთი კავკასიის ქვეყნების პროგრამაში მიღების შემთხვევაში ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გამოიყენებენ ისინი ევროკავშირის დახმარებას. აქვე უნდა შევნიშნო, რომ აქამდე ევროკავშირის წარმომადგენლები საერთოდ ეჭვით უყურებდნენ სამხრეთი კავკასიის ქვეყნების შანსებს. სხვათა შორის, ქრის პატენი დღესაც მოუწოდებს მათ, რომ თავი შეიკავონ ზედმეტი ოპტიმიზმისგან.

ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ სამხრეთი კავკასიის ქვეყნები საქართველოში განხორციელებულ "ვარდების რევოლუციას" უნდა უმადლოდნენ მათ მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულების შეცვლას. მაგრამ ევროპელები არ მალავენ, რომ სამხრეთი კავკასიის მიმართ მათი ენთუზიაზმი შეიძლება ისევ განელდეს, თუკი მათ იმედს გაუცრუებს საქართველოში გაზაფხულისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები, ან თუ ვერ განხორიციელდება დაპირებული რეფორმები.
XS
SM
MD
LG