Accessibility links

logo-print

რას ნიშნავს ''ფართო ევროპის'' ინიციატივა სამხრეთი კავკასიისთვის?


ბოლო ორი თვის მანძილზე ისე მივეჩვიეთ საქართველოს მიმართ დასავლეთის დამოკიდებულების უცაბედ, მნიშვნელოვან ცვლილებებს,





ბოლო ორი თვის მანძილზე ისე მივეჩვიეთ საქართველოს მიმართ დასავლეთის დამოკიდებულების უცაბედ, მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომ ბევრი რამ შეიძლება გაკვირვებასაც აღარ იწვევდეს, მაგრამ ნამდვილად აღნიშვნის ღირსია ის, რაც 26 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე მოხდა.

ჩვენს მსმენელს ალბათ ახსოვს, თუ როგორი გაუგებრობა და განაწყენება გამოიწვია სამხრეთი კავკასიის ქვეყნებში იმ ფაქტმა, რომ სულ რაღაც ნახევარი წლის წინ ევროკავშირმა თავის ინიციატივაში "ფართო ევროპისათვის" არ ჩართო საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. მაშინ ამ ქვეყნების ხელისუფლებებს განემარტათ, რომ ევროკავშირის ეს ინიციატივა ეხებოდათ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის 2004 წლის გაფართოების ტალღის შემდეგ ბლოკის უშუალო მეზობლები გახდებოდნენ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირსა და ბენილუქსის ქვეყნებში კოტე ზალდასტანიშვილი იხსენებს:

[ზალდასტანიშვილის ხმა]
"ადრე რეგიონი არ იყო მოხვედრილი ამ ინიციატივაში. საუბარია სამხრეთი კავკასიის რეგიონზე. რეგიონი ამჟამადაც არ არის მონაწილე ამ ინიციატივის. თუმცაღა, საუბრები ადერც იყო. ჩვენი მხირდან იყო პრეტენზიები, რომ ამ ინიციატივაში ჩაერთოს საქართველო, სამხრეთი კავკასია და საქართველო. რასაკვირველია, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა თავისი ბიძგი მისცა ამ საკითხის ცოტა უფრო გააქტიურებას.
ამას ბიძგი მისცა ასევე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმა თბილისში, რომელიც ინაუგურაციაზე იყო ჩამოსული. მას ჰქონდა შეხვედრები ბატონ ზურაბ ჟვანიასთან, ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან, საქართველოს პრეზიდენტთან და ბუნებრივია, ამ შეხვედრებზეც ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, ჩართული იყოს ამ ინიციატივაში. ამას მოჰყვა ორშაბათს უკვე საკითხის განხილვა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში".

უნდა ითქვას, რომ სამხრეთკავკასიელთა განაწყენება შეეძლო იმასაც გამოეწვია, რომ მათ ინიციატივიდან გამორიცხვა მიიღეს როგორც უარი ევროკავშირის მხრიდან ახლო მომავალში მათთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე. თუმცა, როგორც ჩემმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა განმიმარტა, პირდაპირი კავშირი, იგულისხმება პროცესის აჩქარების თვალსაზრისით, ამა თუ იმ ქვეყნის ჩართვას "ფართო ევროპის" ინიციატივაში არ აქვს. "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი მუდმივად აშუქებს ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებს. ის ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს 26-27 იანვრის შეხვედრასაც ესწრებოდა. ლობიაკასმა 26 იანვრის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე გამოთქმული მოსაზრების მნიშვნელობა ასე განმიმარტა:

[ლობიაკასის ხმა]
"წმინდა თეორიული თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ სამხრეთი კავკასიის სამი ქვეყნისთვის გაიღო კარი, რომელიც 7-8 თვის წინ, როცა "ფართო ევროპის" პროგრამა შემუშავდა, მათ ევროკავშირის წევრებმა დაუკეტეს.
სამხრეთი კავკასიის ქვეყნების შესაძლო ჩართვა "ფართო ევროპის" პროგრამაში, აშკარად იქნება შედეგი იმისა, რაც საქართველოში ხდება და ამან მისცა ბიძგი ევროკავშირს.
დაუყოვნებლივ შედეგზე თუ ვიტყვით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს სამი ქვეყანა და მათ შორის - საქართველოც ჩაერთვება პროგრამაში, რაც მაისის ბოლოსთვის გადაწყდება, ყველასთვის ცხადია, რომ ეს ქვეყნები ვერ შეძლებენ "ფართო ევროპის" პროგრამის უდიდესი ნაწილის განხორციელებას. იქ არ არის სათანადო დონეზე განვითარებული მართვის სისტემა".

მაშინ რა დატვირთვა აქვს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართვას "ფართო ევროპის" პროგრამაში. აჰტო ლობიაკასი ამბობს, რომ ამ ინიციატივის მიზანი უფრო დახმარების გააქტიურება და რეფორმების უფრო აქტიური ხელშეწყობაა:

[ლობიაკასის ხმა]
"და თუკი რეფორმები განხორციელდება, ამას შეიძლება სხვა რამეც მოჰყვეს. მაგრამ ის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს, ამ ეტაპზე უცნობია. ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელსაც აქ, ბრიუსელში ვესაუბრე, ევროკავშირის მიდგომა საკითხისადმი დაახასიათა, როგორც განზრახ ბუნდოვანი".

რაც შეეხება საკითხს, რომელიც ჩვენს მსმენელს, ალბათ ყველაზე მეტად აინტერესებს. რა კავშირი ექნება საქართველოს ჩართვას "ფართო ევროპის" ინიციატივაში, თუკი ეს საერთოდ მოხდება, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების თვალსაზრისით. ისევ ჩემი კოლეგის განმარტებას მოვიშველიებ, რადგან ის ბრიუსელში ორშაბათი-სამშაბათის მოვლენათა შუაგულში ტრიალებდა. პირველი, რასაც ის ხაზს უსვამს გახლავთ, რომ "ფართო ევროპის" პროგრამა მოიცავს ქვეყნების ძალიან ფართო სპექტრს, რომელთა ერთ ნაწილს წარმოადგენენ დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნები, რომლებსაც უკვე დაპირდნენ ევროკავშირის წევრობას მომავალში, ქვეყნების მეორე ნაწილი კი არიან სამხრეთი ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნები, რომლებსაც უკვე განემარტათ, რომ არავითარი შანსი არ აქვთ ევროკავშირის წევრობის.

[ლობიაკასის ხმა]
"ყველა დანარჩენი და მათ შორის და საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, სწორედ ამ შუალედურ ჯგუფში აღმოჩნდებიან, რომლის წევრებისთვისაც გადაჭრით არავის უთქვამს გახდებიან ისინი ევროკავშირის წევრები, თუ არ გახდებიან."
ევროკავშირის დღეს განსაზღვრული გაფართოების ტალღის შემდეგ, აუცილებლად გაიმართება დებატები ევროპის მომავალი გაფართოების შესაძლებლობის შესახებ. თუკი საქართველო და სამხრეთი კავკასიის დანარჩენი ორი ქვეყანა შეძლებენ, გამოიყენონ კონკრეტული მომენტი და ამ დებატებში მომგებიან პოზიციას დაიკავებენ, ანუ ევროკავშირის ხელმძღვანელები ვერ შეძლებენ უარყონ, რომ ეს ქვეყნები ევროპის ნაწილს შეადგენენ, მაშინ გაჩნდება რეალური შანსი. ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებაში ხომ ნათქვამია, რომ ევროპის არც ერთ ქვეყანას არ შეიძლება ეთქვას უარი ევროკავშირის წევრობაზე.
XS
SM
MD
LG