Accessibility links

logo-print

რატომ იწვევს ეროვნული თანხმობის მემორანდუმი ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ნაწილის უკმაყოფილებას


26 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში ხელმოწერილ დადგენილებას, რომელიც საპატიმროებში მყოფი ზვიად გამსახურდიას მომხრეების

ამნისტიას ითვალისწინებს, სულ მალე ეროვნული თანხმობის შესახებ სპეციალური მემორანდუმის მიღება უნდა მოჰყვეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მემორანდუმის ტექსტი შეთანხმებულია ყველა მხარესთან და მზად არის გამოსაქვეყნებლად. თუმცა მემორანდუმის ტექსტზე მუშაობის პროცესში ჩართული არ აღმოჩნდა 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი და თავად პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ქვრივი, მანანა არჩვაძე გამსახურდია, რომლებიც, ეროვნული თანხმობის მიღწევისთვის, რამდენიმე სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტას მოითხოვენ.

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ფართო ეროვნული თანხმობის იდეის განხორციელება, წინამორბედის მსგავსად, პატიმართა შეწყალებით დაიწყო. თუმცა, თუ შევარდნაძის ხელისუფლება მხოლოდ ამნისტიით შემოიფარგლა, ახალი ხელისუფლება გეგმავს, რომ ტყეებიდან გამოიყვანოს და შემოირიგოს ზვიად გამსახურდიას მომხრე 40-ზე მეტი შეიარაღებული პირი, სამშობლოში დაბრუნების გარანტია მისცეს დევნილი ხელისუფლების წევრებსა და მათ ოჯახებს, უკვდავყოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელი, იზრუნოს მისი ცხედრის გადმოსვენებაზე და სამართლებრივი შეფასება მისცეს 1991-92 წლების მოვლენებს საქართველოში. მემორანდუმის ამ ტექსტზე მუშაობას ერთი თვეა აწარმოებს ეროვნული თანხმობის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზვიად გამსახურდიას მთავრობის ექს-ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე, რომელმაც თანხმობის პროცესის არსი ჩვენთან საუბარში ასე განმარტა.

[გურამ აბსანძის ხმა] "საქართველოს გადარჩენა სჭირდება და ეს არის სწორედ თანხმობის პროცესი. რომ თანხმობას მივაღწიოთ საქართველოს გადარჩენისათვის! ჩვენ არავის ვთხოვთ, რომ შეურიგდეს და ხელი ჩამოართვას იმ კაცს, ვინც საქართველო გაანადგურა, შვილი, დედა ან ნათესავი მოუკლა. ჩვენ შეთანხმებაში ჩადებული გვაქვს შინაარსი, რომ შევთანხმდეთ, რათა საქართველო გადავარჩინოთ."

მაგრამ ამ პროცესში ჩაბმული არ აღმოჩნდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ქვრივი და 1990 წელს არჩეულ უზენაეს საბჭოს წევრთა ნაწილი, რამაც მემორანდუმის მიღება დროებით შეაფერხა. უზენაესი საბჭოს წევრი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სრულ სპექტრთან მოლაპარაკებით უნდა მომხდარიყო:

[ტარიელ ფუტკარაძის ხმა] "მიმაჩნია, რომ უხერხულია, მსგავსი დოკუმენტი მომზადდეს პრეზიდენტის მეუღლის, მისი მემკვიდრისა და პოლიტიკური კურსის გამგრძელებლის გარეშე. მთავარია მოხდეს გლობალური გამთლიანება ერისა, ლეგიტიმურობისა და სამართალმემკვიდრეობის აღდგენისა."

ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ არასწორია შეხედულება, თითქოს მანანა არჩვაძე-გამსახურდია და მისი მიმდევრები, ცნებაში "სამართალმემკვიდრეობის აღდგენა" დევნილი ხელისუფლების პერსონალურ აღდგენას გულისხმობდეს. "მრგვალი მაგიდისა" და უზენაესი საბჭოს მემორანდუმებში, რომლებიც სამართალმემკვიდრეობის აღდგენას შეეხებოდა, ტარიელ ფუტკარაძის თქმით, საუბარია სამ ძირითად მოთხოვნაზე, რომელთა შესრულების გარეშე ეროვნული თანხმობის პროცესი ვერ იქნება სრულყოფილი:

[ტარიელ ფუტკარაძის ხმა] "უთუოდ გამოსაძიებელია და მისაცემია სამართლებრივი კვალიფიკაცია "პუტჩის" საკითხს, გამსახურდიას მკვლელობის საკითხს და უნდა დაისვას დღის წესრიგში დევნილობაში მოქმედი უზენაესი საბჭოს სამართალმემკვიდრეობის ლეგიტიმაციისა." (სტილი დაცულია)

არსებობს მოსაზრება, რომ ზვიად გამსახურდიას ქვრივისა და უზენაესი საბჭოს წევრების სწორედ ამ არგუმენტებს გაუწია ანგარიში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ეროვნული თანხმობის მემორანდუმის ხელმოწერა დროებით შეაჩერა.


XS
SM
MD
LG