Accessibility links

logo-print

გაერო ექსპერტებს აგზავნის ერაყში


ანდრო ეული, პრაღა თებერვლის დასაწყისში ერაყს ეწვევა გაეროს ექსპერტთა ჯგუფი,

რომელმაც ადგილობრივ ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად უნდა გადაწყვიტოს - რამდენად რეალურია ამ ქვეყანაში 30 ივნისისათვის საყოველთაო არჩევნების ჩატარება.


გაეროს ექსპერტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ერაყში მთავარი ეთნიკური და რელიგიური სათვისტომოების, ძირითადად შიიტი და სუნიტი მაჰმადიანების, აგრეთვე ქურთების წარმომადგენლებს შეხვდება.

შიიტების გავლენიანმა ლიდერმა აიათოლა ალი ას-სისტანიმ უარყო შეერთებული შტატების გეგმა, რომლის თანახმად რეგიონალურმა ყრილობებმა უნდა აირჩიონ გარდამავალი პარლამენტი. სისტანი პირდაპირი არჩევნების მომხრეა, თუმცა მიანიშნა ამასთანავე, რომ არ იქნება წინააღმდეგი, თუკი გაეროს ექსპერტთა ჯგუფი დაასკვნის, რომ დარჩენილი დროში ვერ მოესწრება პირდაპირი არჩევნების მოწყობა.

ამერიკის ოფიციალურ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ დროის ესოდენ მცირე პერიოდში ვერ მოხერხდება ნორმალური არჩევნების ჩატარება. ამავე აზრისაა კოფი ანანის მრჩეველი ლახდარ ბრაჰიმიც.

უშიშროების საბჭოს არაერთმა წევრმა მოიწონა კოფი ანანის გადაწყვეტილება, თუმცა ზოგიერთმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დროის ესოდენ მოკლე შუალედში შესაძლებელი გახდება საყოველთაო არჩევნების ჩატარება. უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ჩილელმა დიპლომატმა ჰერალდო მუნიოსმა კორესპონდენტებს უთხრა, რომ არჩევნებისათვის მომზადება ერთობ ხანგრძლივი პროცესია [ჰერალდო მუნიოსის ხმა]: "სავსებით გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნების მომზადებისთვის დროა საჭირო. მოესწრება ეს ხუთსა თუ ექვს თვეში, გაეროს მისიამ უნდა გადაწყვიტოს. ჩემი გამოცდილება ჩილეში მაფიქრებინებს, რომ ამას ალბათ, დიდი დრო დასჭირდება".

ამავე აზრისაა კანადის ყოფილი წარმომადგენელი გაეროში დევიდ მალონიც, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო აკადემიას ხელმძღვანელობს ამჟამად. "თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე კამპანიები უნდა გაიმართოს, რაც პოლიტიკური პარტიების შექმნას შეუწყობს ხელს. ყოველივე ეს გამორიცხულია ერაყში. ვფიქრობ დიდი სიფრთხილე მართებს გაეროს, რათა არ აღმოჩნდეს ისეთ პოზიციაში, როცა მას დაეკისრება ყალბი არჩევნების მოწყობისთვის პასუხისმგებლობა", - განაცხადა დევიდ მალონიმ.

შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ჯონ ნეგროპონტე მიესალმა კოფი ანანის გადაწყვეტილებას ერაყში გაეროს ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG