Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა დამთავრდა საქართველოსა და რუსეთში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის ოთხდღიანი ვიზიტი,

და როგორც გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" მიმომხილველი პიტერ სლევინი აღნიშნავს, ოფიციალურმა პირებმა მოსკოვში, და პირველ რიგში თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებულ შტატებს, როგორც ივანოვს მიაჩნია, განზრახული აქვს აღმოსავლეთისა და სამხრეთისკენ გადაიტანოს ნაწილი ევროპაში განთავსებული თავისი სამხედრო ბაზებისა.
ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"ჩვენ არავის მოქცევას არ ვაპირებთ ალყაში. ცივი ომი დმთავრდა. რკინის ფარდა აღარ არის. ცივი ომის დროინდელი ძველი აზროვნება უნდა დავივიწყოთ", - განაცხადა კოლინ პაუელმა რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში. პაუელმა განაცხადა აგრეთვე, რომ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის "გულწრფელმა მიდგომამ" შეერთებული შტატების მოთხოვნისადმი, რომ საქართველოდან გატანილ იქნეს იქ შემორჩენილი რუსეთის ორი სამხედრო ბაზა".

"საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა შეარყია", - ასეა დასათაურებული პიტერ ბეიკერისა და სუზან გლესერის სტატია გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალში". სტატიაში ვკითხულობთ:

"საქართველოში მომხდარმა "ვარდების რევოლუციამ" განგაში გამოიწვია იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, სადაც ავტორიტარული მთავრობები მართავენ ქვეყანას, ხოლო ჭეშმარიტი დემოკრატიული სისტემების დმკვიდრებამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილია გასავლელი. 25 იანვარს, როცა თბილისში "ვარდების რევოლუციის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად კურთხევის ცერემონია გაიმართა, მრავალი პოლიტიკოსი, აქტივისტი და მიმომხილველი იმაზე ფიქრობდა, რომელ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში იყო მოსალოდნელი "ვარდების მორიგი რევოლუცია".

ბატონ სააკაშვილის მოულოდნელმა გამარჯვებამ, როცა საქართველოში კორუმპირებული რეჟიმი დაემხო, ვეებერთელა სტიმული მისცა ოპოზიციურ მოძრაობებს უკრაინასა და ბელორუსიაში, სადაც ამჟამინდელი რეჟიმების ოპონენტებს იმედი აქვთ, რომ მათს სამშობლოშიც მოხდება სულ მალე "ვარდების რევოლუცია". იმავდროულად, ავტოკრატმა ლიდერებმა პოსტსაბჭოურ სივრცეში, განსაკუთრებით შუა აზიასა და ამიერკავკასიაში რეპრესიული ზომები მიიღეს ამ ბოლო დროს, რათა საქართველოში დაწყებული ხანძარი მათს ტერიტორიასაც არ მოედოს.

"თქმა არ უნდა, რომ საქართველოში მომხდარმა რევოლუციამ უდიდესი ზეგავლენა იქონია. ტენდენცია გამოიკვეთა აზერბაიჯანში, ბელორუსიასა და უკრაინაში, სადაც ხელისუფალნი ერთობ არადემოკრატიული გზით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას", - განაცხადა უკრაინული ოპოზიციის ლიდერმა პიოტრ პოროშენკომ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მეგობარია და მასთან ერთად სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში.
XS
SM
MD
LG