Accessibility links

ცესკომ პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დაიწყო


საქართველოში ბოლო დროს დამკვიდრებული ტრადიცია არ ირღვევა. საზოგადოება მორიგი, ამჯერად უკვე 28 მარტის, ანუ ხელახალი, საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარალელურად, სამზადისი აქვთ იმ პოლიტიკურ პარტიებსაც, რომლებიც პროპორციული სისტემით ჩასატარებელ ხელახალ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ. ცესკოს მონაცემებით, სადეპუტატო მანდატებისთვის ბრძოლის სურვილს ჯერჯერობით 28 პოლიტიკური გაერთიანება გამოთქვამს. მათ შორის არიან ე.წ. "არასაპარლამენტო პარტიები", რომლებსაც განცხადების შეტანის ვადა 26 იანვარს ამოეწურათ. თადარიგს იჭერენ პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ორგანიზაციებიც. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება 31 იანვრის საღამოს ექვს საათამდე უნდა შეიტანონ.


ცნობილია, რომ 28 მარტს პარლამენტის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, თუმცა, გამონაკლისის სახით, ჭიათურის ნომერ 56-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნები გაიმართება. საქმე ის არის, რომ ცესკოს გადაწყვეტილება გაეუქმებინა ჭიათურაში ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების შედეგები, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. ასე რომ, თუ არ ჩავთვლით ამ ერთადერთ მანდატს, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს "პროპორციული სისტემით" გაეჯიბრებიან. ბრძოლისა და შეჯიბრის სურვილს კი ცოტა პოლიტიკური გაერთიანება როდი გამოთქვამს:

[გია მამულაშვილის ხმა] "განცხადება შემოიტანა 28 პარტიამ და რეგისტრაცია ამ 28-დან გაიარა 6-მა პარტიამ."

გია მამულაშვილი, ცესკოს საერთო სამსახურის უფროსი, ასევე აცხადებს, რომ არასაპარლამენტო პარტიებმა კომისიას, სულ ცოტა, 50 ათასი მხარდამჭერის სია 4 თებერვლამდე უნდა წარუდგინონ. თავის მხრივ, ამ სიების სანდოობას ცესკო ორი დღის ვადაში, ანუ 6 თებერვლამდე, დაადგენს.

კითხვას, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ეთქვას უარი პარტიას რეგისტრაციაში გატარებაზე, ცესკოს იურიდიული მრჩეველი ლილი ბეგიაშვილი ასეთ პასუხს სცემს:

[ლილი ბეგიაშვილის ხმა] "თუკი, შემოწმების შედეგად (ეს მთელი რიგი პროცედურებია დადგენილი), დარჩა 50 ათასზე ნაკლები, მაშინ, ბუნებრივია, პარტიას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე." (სტილი დაცულია)

ძნელი სათქმელია, ემუქრება თუ არა ეს საფრთხე პოლიტიკურ მოძრაობა "თავისუფლებას", რომლის სიითაც, გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობას ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი აპირებს. პოლიტიკით კონსტანტინე გამსახურდიას აქტიურ დაინტერესებას "ტრადიცინალისტთა კავშირის" წევრი თედო პაატაშვილიც ადასტურებს:

[თედო პაატაშვილის ხმა] "რაღაც მსგავსს აპირებდა, მაგრამ იმდენად სწრაფად დაინიშნა ეს არჩევნები, რომ არ ვიცი, ახლა რამდენად მოესწრება ამ ყველაფრის გაკეთება. მით უმეტეს, ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას,მოგეხსენებათ, 50 ათასი ხელმოწერის შეგროვება უნდა."(სტილი დაცულია)

პარტიების მსგავსად, წინასაარჩევნო სამზადისი იგრძნობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომლის რიგებიც, 28 იანვარს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის მიერ დანიშნულ ხუთ წევრთან ერთად, კომისიის მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმაც დატოვა.
[დიმიტრი ქიტოშვილის ხმა] "მე მიმაჩნია, რომ როდესაც უკვე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და დანიშნულია ახალი არჩევნები, აბსოლუტური უფლება უნდა მივცე ჩემ დამნიშნავ პარტიას და არ უნდა შევუქმნა არავითარი უხერხულობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი მას აქვს სურვილი დანიშნოს მისი ინტერესების სხვა დამცველი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. (სტილი დაცულია)

ქიტოშვილისაგან განსხვავებით, გადადგომას არ აპირებს ცესკოს თავმჯომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "მე არა მხოლოდ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა ვარ, არამედ პარლამენტის მიერ დამტკიცებულიც... და უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე ანალოგიური განცხადების დაწერას არ ვაპირებ."(სტილი დაცულია)

რაც შეეხება კომისიაში გაჩენილ ვაკანსიებს, ჭიაბერაშვილის თქმით, მათ შესავსებად მოქმედი კანონმდებლობა ხუთდღიან ვადას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG