Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული დემოკრატები და ნაციონალური მოძრაობა ერთიანდებიან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 28 იანვარს, როცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კი კერძო ვიზიტით ლონდონში გაემგზავრნენ,

ნოემბრის რევოლუციის ტრიუმვირატის მესამე წევრმა ზურაბ ჟვანიამ ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანების შესახებ გააკეთა განცხადება. ეს განცხადება პოლიტიკური სპექტრისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ გაერთიანების თაობაზე არაფერი იცოდნენ ნოემბრის არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობასთან ერთ ბლოკში გაერთიანებულმა რესპუბლიკურმა პარტიამ და ეროვნულ ძალთა გაერთიანებამ. რამდენად გაუძლებს ნოემბრის შემოქმედი ტრიუმვირატი ხელისუფლების ხიბლის გამოცდას?


ის, რომ ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" და ნაციონალური მოძრაობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით გეგმავდა მონაწილეობას, ამის თაობაზე განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს გააკეთა. მაგრამ მოვლენები სხვაგვარად წარიმართა: არჩევნებზე ეს ორი პოლიტიკური ორგანიზაცია ერთ პარტიაში გაერთიანებული მიიღებს მონაწილეობას.
სახელმწიფო მინისტრი და გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი ზურაბ ჟვანია ასე ხსნის ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას:
[ზურაბ ჟვანიას ხმა] " ეს არის გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს ქართველთა მიერ გაკეთებული არჩევანის ურყეობას, უზრუნველყოფს, რომ ის, რისთვისაც იქნა არჩეული სააკაშვილი ასეთი უმრავლესობით, რეალურად განხორციელდეს და მას მხარს უმაგრებდეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური გუნდი."
რეალურად, ორი პოლიტიკური პარტიის გაერთიანებით ზურაბ ჟვანიამ წერტილი დაუსვა, ერთი მხრივ, დაუსრულებელ მითქმა-მოთქმას მასა და მიხეილ სააკაშვილის გუნდს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ, მეორე მხრივ კი, განცხადებების კასკადს, რომ არჩევნებზე ხალხმა მხარი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილს და არა ზურაბ ჟვანიას, რომელიც, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ხელისუფლების ბერკეტებს იღებს ხელში.
ნიშანდობლივია, რომ პარტიების გაერთიანებისადმი მიძღვნილ ზურაბ ჟვანიას ბრიფინგს არ ესწრებოდნენ არც მიხეილ სააკაშვილი და არც ნინო ბურჯანაძე. თუ პრეზიდენტის არყოფნა გასაგები იყო, - იგი სტრასბურგში თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს, - პარლამენტის თავმჯდომარის არყოფნა - იგი 27 იანვარს ლონდონში დასასვენებლად გაემგზავრა - ნამდვილად ადასტურებს ხმებს ნინო ბურჯანაძის პოზიციების შერყევის შესახებ. ამ ხმების თანახმად, მას არ ხიბლავს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ლამაზ დანამატად აქცევს. კარგად ინფორმირებული პირის ცნობით, ამ თემაზე ნინო ბურჯანაძეს საუბარი ჰქონდა ზურაბ ჟვანიასთნ, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლა შესთავაზა, თუმცა არც ამ შეთავაზებას მოუხიბლავს პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი.
გაერთიანების შემდეგ, გაურკვეველია ნოემბრის არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის პარტნიორების, ეროვნულ ძალთა გაერთიანებისა და რესპუბლიკური პარტიის, ბედიც. რეპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის თქმით, იგი მოვლენების განვითარებას ელის:
[ დავით ბერძენიშვილის ხმა] " პრაქტიკულად, მოხდა დემოკრატების შესვლა ნაციონალურ მოძრაობაში. რეალურად, ეს არის სააკაშვილის პარტიის გამსხვილება. ჩვენი პოზიცია ასეთია: თუ ეს პარტია შექმნის ბლოკს, ჩვენც და ძიძიგურიც ვიქნებით ბლოკის მომცრო სუბიექტები. თუ იქნება ულტიმატუმი - პარტიები გააუქმეთ და შემოდით - მაგას არ ვაპირებთ."
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება შერწყმული პარტიის თვმჯდომარე - მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუცია უკრძალავს პარტიის თვმჯდომარის პოსტის შეთავსებას. უცნობია ახალი სახელისუფლებო პარტიის სახელიც. ერთ-ერთი ვერსიით, გამორიცხული არ არის, მას ნაციონალ-დემოკრატიული პარტია ეწოდოს.
XS
SM
MD
LG