Accessibility links

logo-print

სკანდალი ჩრდილოეთკორეული ტანკერის ირგვლივ


საქართველოს ხელისუფლებამ ბიუჯეტის შევსების კიდევ ერთ წყაროს მიაგნო:

საზღვაო ნაოსნობის წესების დარღვევით მცურავი უცხო სახელმწიფოების გემები, საჯარიმო თანხის გადაუხდელობის გამო, ქართველი მესაზღვრეების მიერ აუქციონის წესით გაიყიდება. ასეთი ბედი ელოდება ჩრდილოეთ კორეის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ "ემას", თუკი გემის კაპიტანი ისმაილ დეზინი 250 000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციულ ჯარიმას არ გადაიხდის. მაგრამ სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც გაირკვა, რომ, გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილის ვენედი ბენიძის კანონსაწინააღმდეგო წარდგინებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და ტანკერის აუქციონზე გატანა შეჩერდა.

ჩრდილოეთ კორეის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელსაც თურქული ეკიპაჟი მართავდა, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვამ 2003 წლის 16 აგვისტოს დააკავა. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის გენერალ დავით გულუას თქმით, ტანკერი დიდი რაოდენობით კონტრაბანდული საწვავით იყო დატვირთული. ქართველმა მესაზღვრეებმა, სახელმწიფო საზღვრისა და საზღვაო ნაოსნობის წესების დარღვევის გამო, ტანკერი "ემა" დააპატიმრეს და მის კაპიტან ისმაილ დეზინს 250 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. თუმცა გენერალი გულუა ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მათზე დიდ ზეწოლას ახორცილებდნენ:

[დავით გულუას ხმა] "ჩვენ ეს გემი დავაკავეთ, არის ჩვეულებრივი საწვავის კონტრაბანდისტი. ხო იცი, ყველას თავისი მფარველი ჰყავს, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ მისი დაპატიმრება საზღვრისა და საზღვაო ნაოსნობის წესების დარღვევის გამო და დავაკისრეთ ჯარიმის, 250 000 ლარის, გადახდა. გემის მფლობელებმა გვიჩივლეს რაიონულ სასამართლოში, მაგრამ მოვიგეთ. მერე გვიჩივლეს საოლქოში -იქაც ჩვენ მოვიგეთ პროცესი. მერე კი, დეკემბრის შუა რიცხვებში, გენერალურ პროკურატურაში დაიწერა პროტესტი და ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს გამოტანილი დადგენილება ჯარიმის გაუქმების შესახებ."

წარდგინებას კი, როგორც გაირკვა, ხელი გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ვენედი ბენიძემ მოაწერა, რომელიც რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა, უცნობია. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ მესაზღვრეებს, საზღვაო მიმოსვლის წესების დარღვევის გამო, ადრეც არაერთი გემი დაუკავებიათ, - მათ შორის, ყველაზე ხშირად კონტრაბანდული ტვირთი ან აფხაზეთისკენ მიდიოდა, ან აფხაზეთიდან, - მაგრამ პროკურატურის ორგანოების ხელშეწყობით, გემის მეთაურები ყოველთვის ახერხებდნენ ჯარიმებისთვის თავის არიდებას. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა წესრიგი ამ სფეროშიც დაამყაროს. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი გეწაძის განხცადებით, სამინისტრომ მიმართა უზენაეს სასამართლოს, ახლად აღმოჩენილი გარემოებების გათვალისწინებით, გადახედოს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას:
[გიორგი გეწაძის ხმა] "მე იურისტი ვარ და არ შემიძლია, ისეთი რამის თქმა, რაც არ არის დადასტურებული, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც დაინტერესებას ადგილი ჰქონდა. ჩვენ სრული მოტივაცია გვაქვს იმისა, რომ ასეთი საქმეები აღსრულდეს, აღსრულდეს საჯაროდ და იყოს გამჭვირვალე."

იუსტიციის სამინისტრო აპირებს განცხადებით მიმართოს პროკურატურას და მოითხოვოს იმის დადგენა, თუ რა მოტივით ხელმძღვანელობდა პროტესტის დაწერის დროს პროკურორი ვენედი ბენიძე. ჩრდილოეთკორეული ტანკერი "ემა" კი ფოთის პორტში იმყოფება და, თუკი უზენაესი სასამართლო გაითვალისწინებს იუსტიციის სამინისტროს ახლად აღმოჩენილ გარემოებებს, მაშინ ტანკერის მფლობელს ან 250 ათასი ლარის გადახდა მოუწევს, ანდა "ემას" აუქციონზე გაყიდვა დაემუქრება.
XS
SM
MD
LG