Accessibility links

logo-print

სამაუწყებლო კომპანია BBC-ის კრიზისი


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს გამოქვეყნებულ საანგარიშო მოხსენებას შეიარაღების საკითხებში მთავრობის ექსპერტის, დევიდ კელის მკვლელობის გარემოებებთან დაკავშირებით

მძაფრი რეაქცია მოჰყვა ბრიტანეთში. მოსამართლე ბრაიან ჰატონი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერსა და მის მთავრობას არ უცდიათ შეცდომაში შეეყვანათ ქვეყანა, როცა დოსიე გამოაქვეყნეს იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც ერაყის მასობრივი განადგურების იარაღიდან მომდინარეობს.

ბრიტანეთის ელექტრონულმა მედიამ ოთხშაბათს შეწყვიტა თავისი რეგულარული პროგრამები, რათა პირდაპირ გადაეცა ბრაიან ჰატონის გამოსვლა, ხოლო შემდეგ პარლამენტში დაწყებული დებატები. ჰატონმა დაასკვნა, რომ ტონი ბლერის მთავრობას არ გაუზვიადებია ერაყიდან მომდინარე საფრთხე. სამაგიეროდ ბრაიან ჰატონმა მძაფრად გააკრიტიკა სამაუწყებლო კომპანია BBC, და განსაკუთრებით მისი ხელმძღვანელობა გასულ მაისს გადაცემული რეპორტაჟისთვის, რომელიც ჟურნალისტმა ენდრიუ გილიგანმა მოამზადა.

ჰატონის გამოსვლის შემდეგ სულ მალე, BBC-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე გევინ დეივისი გადადგა. ხოლო კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გრეგ დაიკმა მთავრობას ბოდიში მოუხადა [გრეგ დაიკის ხმა]: "BBC აღიარებს, რომ ენდრიუ გილიგანის ცალკეული, მნიშვნელოვანი მტკიცებები, რაც გასული წლის 29 მაისს გადაიცა პროგრამაში "Today", მცდარი იყო, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. თუმცა, კვლავ გვინდა აღვნიშნოთ ხაზგასმით, რომ განვლილი რვა თვის მანძილზე არ დაგვიდანაშაულებია პრემიერ-მინისტრი სიცრუეში, რაც რამდენიმეჯერ საჯაროდაც განვაცხადეთ".

ტონი ბლერის კანცელარიამ გრეგ დაიკის განცხადებას უწოდა ნაწილობრივი მობოდიშება, რაც "ვერ იქნება მიჩნეული BBC-ის მმართველთა საბჭოს პოზიციად", ხოლო ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებსო.

გრეგ დაიკმა განაცხადა, რომ BBC-იმ კონკრეტული ზომები მიიღო ამ კორპორაციის საქმიანობის დასახვეწად, თუმცა მიმომხილველები მოელიან, რომ მომხდარ კრიზისთან დაკავშირებით არაერთ თანამშრომელს, მათ შორის თავად გრეგ დაიკს, აგრეთვე ჟურნალისტ ენდრიუ გილიგანს მოუხდება ბიბისიდან წასვლა. ბიბისის ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა პოლ ფოქსმა ამჟამინდელ დაპირისპირებას "ყველაზე სერიოზული კრიზისი უწოდა ბიბისიში განვლილი 50 წლის მანძილზე".

ცალკეული პოლიტიკოსები, მათ შორის კონსერვატიული და ლიბერალურ-დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერები, მაიკლ ჰაუარდი და ჩარლს კენედი აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან ბრაიან ჰატონის დასკვნას. მათივე თქმით, დასკვნაში არაა სათანადოდ შეფასებული სიზუსტე იმ ინფორმაციისა, რომელიც სადაზვერვო უწყებამ მიაწოდა მთავრობას ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ.
XS
SM
MD
LG