Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი სტრასბურგში


ბერლინში მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა სტრასბურგიდან, სადაც იგი სამშაბათს გამოვიდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.

იქ საქართველოს პრეზიდენტს დახმარება აღუთქვეს, მაგრამ ამავე დროს დელეგატებმა მთელი რიგი შენიშვნები გამოთქვეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ასამბლეაზე ინგლისურად, რუსულად და ფრანგულად მოსაუბრე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოწოდებულია საქართველოში ამოძირკვოს კორუფცია, აღადგინოს სახელმწიფო დაწესებულებათა პრესტიჟი, გააუმჯობესოს ქვეყნის კანონმდებლობა და დაძლიოს სიღატაკე. გარდა ამისა, მან თქვა, რომ მზად არის, ევროპის კავშირისკენ გაუძღვეს ქვეყანას.

[სააკაშვილის ხმა] "საქართველოს შეუძლია გამოადგეს ევროპას, როგორც პარტნიორი, როგორც მოკავშირე და როგორც წევრი. დღეს ჩვენი ერთადერთი მისწრაფებაა - არც მეტი, არც ნაკლები - გავხდეთ ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრი."

გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთთან ურთიერთობები. სააკაშვილმა საკმაოდ შემრიგებლურად ისაუბრა ჩრდილოელ მეზობელზე, რომელსაც იგი 25 თებერვალს ესტუმრება.

[სააკაშვილის ხმა] "ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, მჭიდრო კულტურული კავშირები და გვსურს ურთიერთობები გავაუმჯობესოთ. მე მეგობრობის ხელი გავუწოდე რუსეთს და იმედი მაქვს, პრეზიდენტი პუტინიც გამომიწვდის ხელს მოსკოვში ჩემი ვიზიტისას."

სააკაშვილმა ამავე დროს გაიმეორა უკანასკნელ ხანებში რამდენჯერმე გამოთქმული მოსაზრება, რომ იგი არც პროამერიკულად არის ორიენტირებული და არც პრორუსულად. მე საქართველოს პატრიოტი ვარო, დასძინა მან.
მიუხედავად გულთბილი მიღებისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა მთელი რიგი გაფრთხილებები გამოთქვეს საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ.

სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ გამართული დაახლოებით ერთსაათიანი დებატებისას წარმოდგენილ იქნა ანგარიში, რომელშიც ევროსაბჭო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო.

"ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს ამჟამად საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების გარდაქმნისა და იმ საფრთხის გამო, რომ მთელი საპარლამენტო ოპოზიცია და ნამდვილი ინსტიტუციური საპირწონე შეიძლება გაუჩინარდეს მომავალი არჩევნების შემდეგ," ნათქვამია ანგარიშში.

დამსწრეთა აზრით, თუკი პარლამენტში მოსახვედრად საჭირო შვიდპროცენტიანი ბარიერი ხუთპროცენტიანით არ შეიცვლება, არსებობს ძალაუფლების მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის ხელში მოხვედრის სერიოზული საშიშროება.

აქვე გამოითქვა იმედი, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმეორებს ძველ შეცდომებს.

[სააკაშვილის ხმა] "ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ბევრად, ბევრად უფრო უკეთესი იყო წინამორბედ არჩევნებზე. მაგრამ იგი ძალზე, ძალზე შორს არის სასურველისგან. იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში უფრო მეტი იქნება კონკურენცია და მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოსწორდება ყველა დარღვევა, რასაც ჯერ კიდევ აქვს ადგილი," განაცხადა ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა მატიას ეორსიმ უნგრეთიდან.

მეორე მომხსენებელმა, ბულგარელმა ევგენი კირილოვმა კი თქვა, რომ საქართველოს ეძლევა შანსი, ევროსაბჭოს სრული მხარდაჭერა გამოიყენოს გარდაქმნების განსახორციელებლად.
XS
SM
MD
LG