Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ინიციატივა ხმაურიანი დაჭერის ფონზე


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, პროფესიით ინჟინერ ვანო მერაბიშვილის პირველი შეხვედრა ჟურნალისტებთან ანტიკორუფციულ ღონისძიებათა შესახებ პრეზიდენტის პირველ საკანონმდებლო ინიციატივას მიეძღვნა.

კანონპროექტით, რომელიც საქართველოს პარლამენტს 27 იანვარს გაეგზავნა, მარტივდება თანამდებობის პირთა პასუხისგებაში მიცემის პროცედურა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში გარიგებითი მართლმსაჯულების პრინციპი შემოდის. პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაცია, რომლის მიმართაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სუფევს, ხმაურიანი დაჭერის ფონზე წარიმართა. 29 იანვარს სამართალდამცველებმა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ჩახნაშვილი დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ანტიკორუფციულ ღონისძიებათა აქტების პაკეტი,უშიშროების საბჭოს მდივნის ვანო მერაბიშვილის თქმით, ნამდვილად ამარტივებს თანამდებობის პირთა პასუხისგებაში მიცემის პროცედურას და ზრდის პროკურატურის უფლებამოსილებას.
კერძოდ, თუ ბრალდებული პირი, ავადმყოფობის გამო ან არასაპატიო მიზეზით, თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, სისხლის სამართალწარმოება დასრულებულად ითვლება, ხოლო პროკურორს ენიჭება უფლებამოსილება - სისხლის სამართლის პროცესში აღძრას სამოქალაქო სარჩელი თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული ქონების კანონიერების შესახებ და გადასცეს იგი სახელმწიფოს, თუკი თანამდებობის პირი ვერ დაასაბუთებს ქონების წარმოშობის კანონიერებას. საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი ნოვაციაა, გარიგებითი მართლმსაჯულების შემოღება, რომლის არსი გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა ასე ჩამოაყალიბა:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] "პროკურატურას ან ნებისმიერ სამართალდაცვით სტრუქტურას შეუძლია გაურიგდეს ნებისმიერ ადამიანს, მისთვის დანაშაულის შემსუბუქებასა ან გაქარწყლებაზე, თუ მას შეუძლია სხვა დამნაშავეები დაასახელოს და გამოავლინოს სხვა ფაქტები სამართალდამცველი სტრუქტურებისათვის."

აღსანიშნავია, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტი", რომლის წარმომადგენელი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გარიგებითი მართლმსაჯულების პრინციპი აპრობირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის რიგ სახელმწიფოებში და მისი კულტივირება გააადვილებდა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

[გიგა ბოკერიას ხმა] "საჭიროა, რომ იმ ხალხს, ვინც უშუალოდ ასრულებს დანაშაულს და ორგანიზებული დანაშაულის სხვადასხვა საფეხურზე იმყოფება, შენ რაღაც შესთავაზო. რადგან მისი უფლება დაცული არ არის, მას ურჩევნია უფრო ახლოს იყოს თავის ბოსთან. ამიტომ მას უნდა შესთავაზო გარიგება, თუ რას მიიღებს, თუ ითანამშრომლებს სამართალდამცველ ორგანოებთან."(სტილი დაცულია)

თუმცა გარიგებითი მართლმსაჯულების კანონის შემოღებას გარკვეულ საფრთხედ მიიჩნევენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. უფლებათდამცველმა ნანა კაკაბაძემ არასამთავრობო ორგანიზაციიდან "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის", რადიო "თავისუფლებას"უთხრა, რომ არასრულყოფილი სასამართლო სისტემისა და პოლიტიზებული პროკურატურის პირობებში ეს კანონი, შესაძლოა, პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად იქცეს:

[ნანა კაკაბაძის ხმა] "ჩვენს ქვეყანაში შეიძლება, რომ მან, საერთოდ, შურისძიების ფორმაც მიიღოს და ანგარიშსწორების ფორმადაც იქცეს ან უფრო დიდი კორუფციის ინსტრუმენტი გახდეს. ასე რომ, ამის საშიშროება არსებობს."

29 იანვარსვე ორგანიზაციამ "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" ღია წერილით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ბოლო დროს მომხდარი ადამიანის უფლებების დარღვევისათვის პროკურატურა ორმაგი სტანდარტებითა და "ბრეჟნევ-ანდროპოვის დროინდელი ფორმების გამოყენებაში" დაადანაშაულა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG